"გილოცავთ ყველას! ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება ცეცხლის სრული და ტოტალური შეწყვეტა (ამ წუთიდან დაახლოებით 6 საათში, როცა ისრაელი და ირანი დაასრულებენ თავიანთ მიმდინარე ფინალურ მისიებს!), 12 საათით, რა დროსაც ომი ჩაითვლება დასრულებულად!" - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 ივნისის დღის ბოლოს სოციალურ ქსელში.
ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმს ტრამპი ასე აღწერს:
"ოფიციალურად, ირანი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და 12 საათში, ისრაელი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და 24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას. თითოეული ცეცხლის შეწყვეტის განმავლობაში, მეორე მხარე იქნება მშვიდად და პატივისცემით განწყობილი".
ცეცხლის შეწყვეტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი ულოცავს ისრაელსა და ირანს ომის დასრულებას:
"იმ ვარაუდით, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს და ეს ასეც მოხდება, მსურს ორივე ქვეყანას - ისრაელსა და ირანს - მივულოცო გამძლეობა, სიმამაცე და გონიერება, რომ დაასრულეს ის, რასაც უნდა ეწოდოს „12-დღიანი ომი“.
ტრამპის განცხადებით, "ეს ომი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო წლების განმავლობაში და დაენგრია მთელი ახლო აღმოსავლეთი, თუმცა ასე არ მოხდა და არც არასდროს არ მოხდება! ღმერთმა დალოცოს ისრაელი! ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო!" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ის გვერდზე.
ტრამპის ამ განცხადებას 23 ივნისსავე წინ უძღოდა ირანის საპასუხო სარეკეტო იერიში კატარში მდებარე ამერიკულ საჰაერო ბაზაზე, რომლის ევაკუაციაც დროულად განხორციელდა და აშშ-ისა და კატარის ლიდერების განცხადებით, ირანის იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა და არავინ დაშავებულა. ირანის იერიში იყო პასუხი აშშ-ის მიერ მისი ბირთვული ობიექტების დაბომბვაზე.
ფორუმი