გიორგი გვარაკიძეს კონკურენტი არ ჰყოლია, მისი კანდიდატურა კი საპროკურორო საბჭო წევრმა, მოქმედმა პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა წარადგინა.
შემდეგი პროცედურა მისი სადავო პარლამენტისთვის წარდგენა და დამტკიცებაა.
გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში მუშაობა დაიწყო წინა ხელისუფლების დროს, რომელსაც მოქმედი მმართველი ძალა, „ქართული ოცნება“, ძალადობრივ რეჟიმს უწოდებს.
პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ის მუშაობდა:
- 2003-2004 წწ. - იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორი პროკურორ-კრიმინალისტის თანამდებობაზე;
- 2004 წ. - იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ-კრიმინალისტი;
- 2004-2005 წწ. - იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი;
- 2005-2009 წწ. - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი;
- 2009-2011 წწ. - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი;
- 2011 -2016 წწ. - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი;
- 2016-2019 წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი;
- 2019 წ. - ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე;
- 2019-2022 წწ. - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 2022-2024 წწ. - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 2024-2025 წწ. - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- 2025 წ. - თბილისის პროკურორი;
- 2025 წლის 4 ივნისს დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ.
ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის გადადგომიდან ორიოდე კვირაში, 17 ივნისს, მის შემცვლელად ოფიციალურად დაასახელეს გიორგი გვარაკიძე.
მას შემდეგ, რაც გაბიტაშვილი გადადგა, - რათა გენერალურ აუდიტორად დაეწყო მუშაობა, - გვარაკიძე დანიშნეს გენერალური პროკურორის მოადგილედ, - მიუხედავად იმისა, რომ მსგავს პოზიციაზე უკვე ოთხი ადამიანი მუშაობდა. გვარაკიძე პირველ მოადგილედ დაინიშნა.
მოადგილედ დანიშვნისთანავე, სწორედ გვარაკიძემ გააგრძელა გენერალური პროკურორის მოვალეობის შესრულება. თბილისის პროკურორობა მას მხოლოდ მცირე ხნით - 13 მაისიდან 4 ივნისამდე მოუწია.
ფორუმი