- დამატებით, ზურაბ ჯაფარიძეს აუკრძალეს მომდევნო ორი წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავება.
პოლიტიკოსი 22 მაისს დააკავეს, 7-თვიანი ვადა კი 2025 წლის 22 დეკემბერს ამოიწურება, როცა საქართველოში უკვე ჩატარებული იქნება თვითმმართველობის არჩევნები.
არც განაჩენის გამოცხადებას და არც წინა სხდომას არ ესწრებოდა ბრალდებული ზურაბ ჯაფარიძე. ჯვებე ნაჭყებიამ გადაწყვეტილება 150-კაციან დარბაზში გამოაცხადა, თუმცა განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ პროკურორი, ადვოკატი და მედია ესწრებოდა.
როგორც მისმა ადვოკატმა, ქეთი ჩომახაშვილმა 17 ივნისს თქვა, მიზეზი ის იყო, რომ ის არ ენდობა ამ მოსამართლეს, რადგან სწორედ ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით დააკავეს მისი თანაგუნდელი ნიკა გვარამია.
„არ აქვს ობიექტური განაჩენის მოლოდინი“, - უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს.
ზურაბ ჯაფარიძე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით 22 მაისს დააპატიმრეს სასამართლო სხდომათა დარბაზში. პოლიტიკოსმა შეფარდებული გირაო 20 000 ლარი, რომელიც ჯაფარიძემ არ გადაიხადა, პატიმრობით შეცვალა - ამით დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა სრულად.
იმ დღეს სასამართლოს ეზოსა და შენობაში მოქალაქეებს გამკაცრებული წესებით უშვებდნენ - ბევრი მათგანი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ჯებირებს მიღმა დატოვა. სასამართლოს ფოიეში არ შეუშვეს მედიის ვიდეოკამერები, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა. სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, ეს საგამონაკლისო წესი მოქმედებდა იმ დღეს, ვინაიდან სასამართლო სხდომების მიმდინარეობას ეშლებოდა ხელი.
ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. კომისიის თავმჯდომარეა ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი.
„ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობისთვის დააპატიმრეს ოთხი პოლიტიკოსი: ზურაბ ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და ნიკა გვარამია.
ფორუმი