Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: მნიშვნელოვანია, ჩვენი კონტინენტი ვაქციოთ მშვიდობის, სტაბილურობის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების სივრცედ


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

„ჩვენი მიდგომები კვლავაც პრინციპული და უცვლელია. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ: დარწმუნებული ვართ, რომ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა უნდა იყოს თანასწორი და განუყოფელი, ანუ სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ თავიანთი უსაფრთხოების მყარი გარანტიები, მაგრამ არა სხვა ქვეყნების უსაფრთხოებისა და ინტერესების ხარჯზე“, - ვიდეოჩართვით განუცხადა 28 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს. ფორუმზე განხილვის მთავარი თემა "გლობალური უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის" შექმნის პერსპექტივებია.

პუტინმა ილაპარაკა ევრაზიის კონტინენტის უსაფრთხოების "უნივერსალური სისტემის" შექმნაზე, რის საფუძვლადაც კონკრეტულ ფორმატებს ასახელებს:

„მნიშვნელოვანია, ჩვენი კონტინენტი ვაქციოთ მშვიდობის, სტაბილურობის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, სოციალური და კულტურული განვითარების სივრცედ. ვფიქრობთ, უსაფრთხოების ასეთი უნივერსალური სისტემის საფუძვლად შეიძლება იქცეს თანამშრომლობის უკვე არსებული, თავის კარგად წარმომჩენი მრავალმხრივი ფორმატები, როგორებიცაა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაცია და სხვები.

რუსეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამს მოსკოვის ფორუმში მონაწილე "გლობალური სამხრეთისა" და "გლობალური აღმოსავლეთის" იმ ქვეყნების როლს, რომლებიც მოსახლეობის რაოდენობის მხრივ "ქმნიან მსოფლიო უმრავლესობას" და "ისწრაფვიან, უფრო აქტიური ზეგავლენა ჰქონდეთ რეგიონულ და საერთაშორისო პროცესებზე, იცავენ სუვერენული თანასწორობისა და საკუთარი მოდელით განვითარების უფლების პრინციპს".

27-29 მაისს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შოიგუს თავმჯდომარეობით მიმდინარეობს "უსაფრთხოების საკითხების უმაღლეს ხელმძღვანელ პირთა მე-13 საერთაშორისო შეხვედრა". რუსეთის უშიშროების საბჭო აღნიშნულ ფორუმს ორგანიზებას 2010 წლიდან უწევს.

სააგენტო Reuters-ი სამ ინფორმირებულ რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინის მოთხოვნაა, დასავლეთის ლიდერებმა წერილობით დაადასტურონ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა, რაც ოფიციალურად ნიშნავს ალიანსში უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღების გამორიცხვას.

Reuters-ის წყაროთა თანახმად, პუტინის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის ნეიტრალიტეტიც, რუსეთის საწინააღმდეგო ზოგიერთი სანქციის მოხსნა, გაყინული აქტივების საკითხის გადაწყვეტა და უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG