Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა და ალიევი კობახიძეს, ყაველაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ


ფოტო არქივიდან: მარცხნიდან ალიაქსანდრ ლუკაშენკა და ილჰამ ალიევი
ფოტო არქივიდან: მარცხნიდან ალიაქსანდრ ლუკაშენკა და ილჰამ ალიევი

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდ ლუკაშენკა და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერს, ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, ასევე ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

ლუკაშენკა ყაველაშვილს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და უშრეტ ენერგიას, ხოლო ყველა ქართველს - მშვიდობასა და თანხმობას უსურვებს.

„ათასწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი, რომელიც დიდი იმპერიების გზაჯვარედინზე იმყოფებოდა, შეუპოვრად იბრძოდა თავისი სახელმწიფოებრიობისთვის, მამაცურად იცავდა მშობლიური მხარის თვითმყოფადობას და სჯეროდა ნათელი მომავლის“, - ნათქვამია ლუკაშენკას მისალოც წერილში. რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ მინსკი მაღალ შეფასებას აძლევს სუვერენიტეტის დასაცავად თბილისის ძალისხმევას და მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს აყვავებას მოემსახურება.

„მჯერა, რომ ბელარუს-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია გახდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის აღდგენის მყარი საფუძველი, ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების კეთილდღეობას, ასევე ევრაზიის კონტინენტზე სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია ლუკაშენკას მილოცვის ტექსტში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძისადმი წერილში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას. თავისი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, იგი კობახიძესა და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საფუძველი ჩვენი ხალხების მტკიცე ნებაზეა აგებული, რომლებიც ისტორიულად მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ურთიერთმხარდაჭერის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ. მოხარული ვართ, რომ ამ ტრადიციებზე დაფუძნებული ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ყველა მიმართულებით და ყოველწლიურად ღრმავდება.

ჩვენი პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროს ახალი შინაარსით გამდიდრებაში. თქვენი ბოლო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენს კონტაქტებთან ერთად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური ბუნების ნათელი დასტურია.

აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის, რასაც მნიშვნელოვანი წვლილს შეაქვს ჩვენს საერთო კეთილდღეობაში, რეგიონულ სტაბილურობასა და თანამშრომლობაში. ენერგეტიკის სექტორში ჩვენი ერთობლივი პროექტები ასევე ქმნის ახალ ლანდშაფტს ევროპის ენერგეტიკულ რუკაზე და სასიცოცხლო როლს ასრულებს კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა გააგრძელებს აღმავალი ტრაექტორიით წინსვლას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების კეთილდღეობას და ჩვენი რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ამ შესანიშნავ დღეს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს და გულწრფელად გისურვებთ ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას მეგობარ ქართველ ხალხს“, - აღნიშნავს ილჰამ ალიევი მისალოც წერილში, რომელსაც "ქართული ოცნების" მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

107 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.


საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

მან დღეს, 26 მაისს, საქართველოს მოქალაქეებს მიმართა, რომ აქვთ საფუძველი იამაყონ, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეს და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებენ.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელით საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე 26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუბიო აღნიშნავს, რომ ოცდაათ წელზე მეტია, მეგობრობა და პარტნიორობა შენდებოდა დემოკრატიის საერთო ფასეულობების, სუვერენიტეტის და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საფუძველზე.


1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.

70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG