საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
მან დღეს, 26 მაისს საქართველოს მოქალაქეებს მიმართა, რომ აქვთ საფუძველი იამაყონ, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეს და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებენ.
ელჩი ჰერჩინსკი ხაზს უსვამს, რომ ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა, სასიცოცხლო დახმარებას უწევდა, მხარს უჭერდა დემოკრატიულ რეფორმებს, ხსნიდა წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას აძლევდა:
„ამავდროულად, ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასოდეს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული - სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით”.
პაველ ჰერჩინსკის სიტყვებით, ამაყობენ, რომ საქართველოს მეგობრები არიან. ევროკავშირის ელჩი ვიდეომიმართვას ასრულებს სიტყვებით: „წინ საქართველო, წინ!"
ევროკავშირისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ურთიერთობები მკვეთრად გაუარესებულია მისი ანტიდასავლური რიტორიკის და ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის შემზღუდავი კანონებისა და ქმედებების გამო. ევროკავშირის წევრმა არაერთმა სახელმწიფომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და მათი პოლიტიკის მხარდამჭერებს სანქციები დაუწესა დემოკრატიის ხელყოფისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო.
საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების დაწყების საკითხს.
ფორუმი