ჟურნალისტი და კინოკრიტიკოსი ეკატერინა ბარაბაში, რომელზეც რუსეთში ძებნა იყო გამოცხადებული შინაპატიმრობიდან გაქცევის შემდეგ, პარიზში იმყოფება. დღეს, 5 მაისს, მან საფრანგეთის დედაქალაქში პრესკონფერენცია გამართა. ბარაბაშის თქმით, რუსეთის დატოვებასა და საფრანგეთში გადასვლაში დაეხმარა ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF).
ეკატერინა ბარაბაში რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით 25 თებერვალს მოსკოვის აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინიდან ბრუნდებოდა. მას სასამართლომ აღკვეთის ზომად შინაპატიმრობა შეუფარდა.
აპრილის დასაწყისში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ბარაბაში „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შეიყვანა და მასზე ძებნა გამოაცხადა.
ბარაბაშის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობი იყო. მისმა შვილმა 30 აპრილს განაცხადა, რომ ის უსაფრთხოდ იყო. „ის გულწრფელად მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის და ყველას სიყვარულს უძღვნის“, - დაწერა კიევში მცხოვრებმა იური ბარაბაშმა თავის Facebook-გვერდზე.
ბარაბაშის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს Facebook-ზე გამოქვეყნებული ოთხი პოსტის გამო, რომელთაგან სამი მისი დაკავების დროისთვის უკვე წაშლილი იყო, ხოლო კიდევ ერთში ის უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვების შესახებ წერდა. გამოძიების თანახმად, ეს პოსტები „შეიცავს განზრახ ცრუ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედებების შესახებ“.
ბარაბაშს არ გაუხმაურებია დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო რუსეთის დატოვება. მან თქვა, რომ მოგზაურობა იყო რთული და ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა.
ეკატერინა ბარაბაში საბჭოთა და რუსი ლიტერატურათმცოდნის, იური ბარაბაშის ქალიშვილია. ჟურნალისტი ხარკოვში დაიბადა, თუმცა ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში, როდესაც მამამისი მიიწვიეს სამუშაოდ „ლიტერატურული გაზეთის“ მთავარი რედაქტორის პირველ მოადგილედ, ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.
ეკატერინა ბარაბაში მრავალი ფილმის რეცენზიების ავტორია. თანამშრომლობდა რამდენიმე გამოცემასთან, მათ შორის ჟურნალ Forbes-თან, New Times-თან, Profile-თან, Такие Дела-სთან, საფრანგეთის საერთაშორისო რადიოსთან, რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციასთან, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსთან“ 2016 წლამდე. 2016 წელს ბარაბაშმა განაცხადა, რომ გაათავისუფლეს სააგენტოდან. ჟურნალისტის თქმით, მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული პოზიცია იყო.
ფორუმი