პატიმარი ციხეში გასული წლის ოქტომბრის ბოლოს მოხვდა. იოსებ გორგაძეს ბრალად ედებოდა იმ ოთხი ადამიანის სიკვდილი, რომლებსაც ავტომობილით დაეჯახა.
გასული წლის 24 ოქტომბერს, ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე წალკასთან ავტოავარია მოხდა - წალკიდან სოფელ კოდისკენ მიმავალი ავტომობილი გაჩერებული მანქანიდან გადმოსულ ოთხ ადამიანს შეეჯახა. მათგან სამი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი - კლინიკაში.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დაღუპულები იყვნენ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებიც თბილისიდან, მმართველი პარტიის დასკვნითი წინასაარჩევნო შეკრებიდან ბრუნდებოდნენ სახლში.
„ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის ნაწამები, ნაცემი ძალიან მძიმედ... ვინ გააკეთა, დაუკვეთა თუ არა ვინმემ, ჩხუბი იყო პატიმრებს შორის, მონაწილეობდა თუ არა საბადრაგო სამსახური? - ეს ჩემთვის უცნობია. ფაქტია, რომ ამ ადამიანს გაუსწორდნენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.
რადიო თავისუფლებამ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურთან სცადა პარტიის მომხრეების ავარიაში დაღუპვის შესახებ დეტალების დაზუსტება, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. პასუხის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
იოსებ გორგაძე პოლიციამ 24 ოქტომბერსვე დააკავა. მას ბრალი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის წაუყენეს, დააპატიმრეს და „გლდანის ციხეში“ მოათავსეს.
პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ 2025 წლის 23 იანვარს პატიმრის „ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“ და ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანა.
„ვივამედის“ გაცემულ ცნობაში, რომელიც ფეისბუკზე გავრცელდა და რომლის ნამდვილობაც ადვოკატმა დაგვიდასტურა, აღწერილია ის მძიმე ტრავმები, რომლებითაც პატიმარი კლინიკაში მოხვდა.
დოკუმენტში წერია, რომ პატიმარს ჰქონდა თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, ქალა-სარქვლის მოტეხილობა, ფუძის ძვლების მოტეხილობა, თავის ზედაპირული ტრავმა, თვალისა და თვალბუდის სხვა ტრავმები.
„პაციენტი მოყვანილია მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან ჩივილებით: თავის ტკივილი, პერიოდული დეზორიენტაცია, ძილიანობა. აღენიშნება სისხლიანი გამონადენი ცხვირიდან, მარცხენა წარბის მიდამოში მცირე ზომის ნახეთქი სისხლმდენი ჭრილობა, მარცხნივ - თხემის არეში ექსკორიაციაა, კანქვეშა ჰემატომა.
როგორც თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, პაციენტი პენიტენციური დაწესებულების ექიმის მიერ ნანახი იქნა საკანში, იატაკზე მწოლიარე მდგომარეობაში, კონტაქტში არ შემოდიოდა, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევის ციფრები...“ - წერია პატიმრის სამედიცინო დასკვნაში.
„გამოძიება ავითარებს ვერსიას, რომ ერთი წაქცევით მიიღო 30-მდე დაზიანება თავისა და სახის არეში. ეს წარმოუდგენელია“, - ამბობს ადვოკატი.
მუხრან ღურწკაია იხსენებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის კლინიკაში გადაყვანის შესახებ მისთვის და პატიმრის ოჯახის წევრებისთვის ოფიციალურად არ უცნობებიათ. ადვოკატს იოსებ გორგაძის თანამესაკნემ დაურეკა, პატიმრის კლინიკაში გადაყვანიდან ორ დღეში.
„დამირეკეს შაბათ დღეს. მითხრეს, რომ იოსებ გორგაძის თანამესაკნე იყო. მითხრეს, ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამე ხომ არ იცი, როგორ არისო. სხვა არავინ არ შეგვხმიანებია ამ საქმეზე. ორშაბათს გავარკვიე, რომ „ვივამედში“ იყო გადაყვანილი“, - იხსენებს ადვოკატი და დასძენს, რომ რამდენიმე დღით ადრე, 17 იანვარს, გორგაძე სასამართლოში ნახა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ციხეში მომხდარ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება გუშინ, 4 მაისს, პატიმრის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ადვოკატი იხსენებს, რომ ამ უწყებას გამოძიების დასაწყებად ჯერ კიდევ იანვარში მიმართეს, თუმცა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმე გადაუგზავნა იუსტიციის სამინისტროს, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პენიტენციური სამსახური.
„ჩვენი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამი თვის წინაც მივმართეთ საჩივრით, მაგრამ გადააგზავნეს იუსტიციის სამინისტროში“, - ამბობს ადვოკატი.
დღეს, პატიმრის გარდაცვალების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა მოკვლევის დასკვნის ნაწილი, რომელიც გამორიცხავს პატიმარზე ციხეში ძალადობის ალბათობას.
„ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება“, - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ფორუმი