უკრაინის აღდგენის ფონდი აშშ-ში დარეგისტრირდება და მისი ანგარიშის ვალუტა გრივნა იქნება, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა ვერხოვნა რადაში სიტყვით გამოსვლისას, როგორც დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი იუწყება.
შმიჰალმა შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ შეთანხმების რატიფიცირება 8 მაისს იგეგმება, განაცხადა, რომ იმედოვნებენ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება.
ორ სხვა დოკუმენტზე საუბრისას, რომლებმაც ტექნიკური დეტალები უნდა განსაზღვროს, შმიჰალმა თქვა, რომ ეს არის ინსტიტუციებსშორისი შეთანხმება პრინციპების დონეზე და არ საჭიროებს რატიფიკაციას.
"წიაღისეულის შეთანხმებას" ხელი 30 აპრილს ვაშინგტონში მოაწერეს უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი უზრუნველყოფს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას და ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას, ტექნოლოგიურ განვითარებას და აღდგენას.
ფონდის ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება ცვლილებების შეტანა უკრაინის საბიუჯეტო კოდექსში, თავად შეთანხმება კი რატიფიცირებული უნდა იყოს უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადის მიერ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ შეთანხმების ხელმოწერა ვატიკანში ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჩატარებული შეხვედრის პირველი შედეგია.
ფორუმი