Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთავარი არხის“ მაუწყებლობა სრულად შეწყდა


„მთავარი არხი“ მაუწყებლობას წყვეტს.
„მთავარი არხი“ მაუწყებლობას წყვეტს.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკული „მთავარი არხის“ მაუწყებლობა საბოლოოდ შეწყდა. არხმა ხუთი წელი და რვა თვე იმაუწყებლა.

„აქ იყო "მთავარი არხი". მადლობა, რომ გვიყურებდით! მთავარი ხართ თქვენ“, - ჩანს ტელეეკრანებზე „მთავარ არხზე“ გადართვისას.

ტელეკომპანიის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულია განცხადებაც, რომელშიც არხის მიერ განვლილ გზაზეა საუბარი:

„ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა... ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა „მთავარი არხი“ და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს“.

ამ ეტაპზე მუშაობას აგრძელებენ მხოლოდ ვებგვერდი და სოციალური ქსელის პლატფორმები.

რამდენიმე დღის წინ, 28 აპრილს, "მთავარი არხის" თანამშრომლებმა გენერალური დირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან, მიიღეს შეტყობინება, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ 1 მაისიდან არხი მაუწყებლობას სრულად შეწყვეტდა.


ბოლო რამდენიმე თვეა, არხზე შექმნილ კრიზისზე საუბარს არ ერიდებოდა გიორგი გაბუნია. ის ამაში ადანაშაულებდა თანადირექტორს, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელ გოგი (გიორგი) ქურდაძეს და აღნიშნავდა, რომ ფინანსური კრიზი ხელოვნურად შეიქმნა.

„მთავარი არხი“15 თებერვლის შემდეგ მწირი საეთერო ბადით მაუწყებლობდა - ტელეეთერში გადიოდა მხოლოდ სერიალები; გადაცემები კი, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ხოლმე, გაჩერდა. მოგვიანებით შეწყდა მაუწყებლობა იმ მაყურებლისთვის, რომელიც ე.წ. სახლის ანტენას იყენებდა.

27 იანვარს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ არხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი „გეგმაზომიერად მიყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას“ და ეტაპობრივად ხურავდა არხს.

დაახლოებით ერთი თვით ადრე, 2024 წლის 25 დეკემბერს, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელმა მოქმედი გენერალური დირექტორის გადაყენებაც მოითხოვა. გიორგი ქურდაძემ წერილს დაურთო გიორგი გაბუნიას მიმოწერა არხის დამფუძნებლებთან, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“. მოთხოვნა რეესტრმა არ დააკმაყოფილა, რადგან კანონით გათვალისწინებული წესის მიხედვით არ იყო წარდგენილი.

  • ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობდა. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა.
  • 2020 წლის მაისში „მთავარი არხის“ მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 40% მისცეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.
  • 2024 წლის თებერვალში გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. გენერალური დირექტორი გახდა გიორგი გაბუნია.
  • 2024 წლის მარტში ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG