გენერალური დირექტორისგან მიღებული წერილის შინაარსი რადიო თავისუფლებას „მთავარი ახრის“ ორმა თანამშრომელმა გააცნო, ჟურნალისტების ნაწილი კი ტელევიზიის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ.
„ეს დღეც დადგა... ხუთწლიანი თანაცხოვრება დასრულებულია. იძულებით ვტოვებ სახლს, რომლის წევრიც შექმნის პირველი დღიდან ვიყავი. დღეს ერთი მძიმე ეტაპი დასრულდა“, - დაწერა „ფეისბუკში“ ჟურნალისტმა ირაკლი ბახტაძემ.
მის მსგავსად „ბოლო იმედის“ ჩაქრობის შესახებ საუბრობს თათია წოწონავაც:
„რუსთავი-2 დან“ წამოსვლის შემდეგ თავიდან უნდა დაგვემტკიცებინა ყველაფერი... თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენ ყველაზე მაგარი არხი შევქმენით! ჩვენ, თითოეულმა თანამშრომელმა, რომელმაც ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ მთავარისთვის“.
რადიო თავისუფლება ცდილობს გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებას. კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ბოლო რამდენიმე თვეა არხზე შექმნილ კრიზისზე საუბარს არ ერიდებოდა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, გიორგი გაბუნია. ის ამაში თანადირექტორს, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელ გოგი (გიორგი) ქურდაძეს ადანაშაულებდა და აღნიშნავდა, რომ არხზე ფინანსური კრიზი ხელოვნურად შეიქმნა.
„მთავარი არხი“ მწირი საეთერო ბადით 15 თებერვლის შემდეგ მაუწყებლობდა - ტელეეთერში გადიოდა მხოლოდ სერიალები; გადაცემები კი, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გაჩერდა. მოგვიანებით შეწყდა მაუწყებლობა იმ მაყურებლისთვის, ვინც ე.წ. სახლის ანტენას იყენებდა.
27 იანვარს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ არხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი „გეგმაზომიერად მიყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას“ და ეტაპობრივად ხურავდა არხს.
დაახლოებით ერთი თვით ადრე, 2024 წლის 25 დეკემბერს, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელმა მოქმედი გენერალური დირექტორის გადაყენებაც მოითხოვა. გიორგი ქურდაძემ წერილს დაურთო გიორგი გაბუნიას მიმოწერა არხის დამფუძნებლებთან, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“. მოთხოვნა რეესტრმა არ დააკმაყოფილა, რადგან კანონით გათვალისწინებული წესის მიხედვით არ იყო წარდგენილი.
- ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობდა. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა.
- 2020 წლის მაისში „მთავარი არხის“ მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 40% მისცეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.
- 2024 წლის თებერვალში გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. გენერალური დირექტორი გახდა გიორგი გაბუნია.
- 2024 წლის მარტში ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“.
ფორუმი