რუსეთში სკოლის მოსწავლეები 1 სექტემბრიდან სამხედრო მომზადების გაკვეთილებზე დრონების მართვას ისწავლიან. ასეთ ინიციატივას მხარი რუსეთის თავდაცვისა და განათლების სამინისტროებმა დაუჭირეს, განუცხადა "რია ნოვოსტის" რუსეთის ციფრული ეკონომიკის განვითარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ არტემ შეიკინმა.
პროგრამით გათვალისწინებულია დრონების „ტიპების, დანიშნულების, ტაქტიკურ-ტექნოლოგიური მახასიათებლებისა და ზოგადად, მოწყობილობის, ტერიტორიის სადაზვერვო და მტრის უპილოტო საფრენ აპარატებთან დაპირისპირების მეთოდების შესწავლა“.
შეიკინის თქმით, საწყისი სამხედრო მომზადების კურსის მიზანია, საშუალო სკოლის მოსწავლეებში ქვეყნის სიყვარულის ჩანერგვა და შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის მომზადება.
"ახლა არმია მხოლოდ კალაშნიკოვის ავტომატი არაა, არამედ - მოწინავე უპილოტო ტექნიკა“, - თქვა შეიკინმა.
მანამდე რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა განაცხადა, რომ საბაზისო სამხედრო სწავლება რუსეთის სკოლებში მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება.
აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მხარს უჭერს სკოლებში დრონების მართვის შესწავლის იდეას „რომ ბავშვებს უკვე სკოლიდან შეეძლოთ [დრონების] მართვა, აწყობა და კონსტრუირება“.
მაისიდან რუსეთი უკრაინასთან ომში სულ უფრო ხშირად იყენებს დრონებს, რომელთა ნაწილსაც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ახლა არა მხოლოდ ირანისგან იღებს, არამედ თავად აწარმოებს.
.