„თქვენ ჩემი გმირები ხართ. ევროპაში ძალიან ბევრი ადამიანის გმირები ხართ“, - მიმართა ევროპარლამენტარმა დემონსტრანტებს.
„[საქართველოს] დამოუკიდებლობის დღეს მე გადმოგცემთ ჩემი ბევრი კოლეგის მილოცვას ევროპარლამენტიდან. თქვენ ბევრი ლიეტუველის გულსა და გონებაში ხართ. ქართველებს, როგორც ლიეტუველებს, ესმით თავისუფლების ფასი, ისევე როგორც მოლდოველებს, უკრაინელებს, ბელარუსებს“, - განაცხადა მან.
მან თქვა, რომ „დიქტატორებს საკუთარი ხალხის ეშინიათ“ და მათ შორის დაასახელა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა და ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე.
„საქართველოში ერთ ადამიანს ძალიან ეშინია... ეშინია დებიძინიზაციის. თუმცა ეს გარდაუვალია, რადგან ეს რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი შეუთავსებელია“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მან მიმართა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებსაც „ბიძინას კოლაბორაციონისტები“ უწოდა:
„ნუ შეგეშინდებათ ახალი და სამართლიანი არჩევნების. მიეცით ქართველ ხალხს უფლება, თქვან, რაც მათ სურთ“.
იუკნევიჩიენემ სოლიდარობა გამოხატა მზია ამაღლობელისადმი, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძისადმი და მიხეილ სააკაშვილისადმი.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროპარლამენტარ იუკნევიჩიენეზე და თქვა, რომ ის „ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით“ გამოირჩევა:
„მე იმედი მაქვს, რომ პირველი, რასაც ის გააკეთებს, როდესაც ქართულ მიწაზე ფეხს დაადგამს, ბოდიშს მოუხდის ქართველ ხალხს საკუთარი ფაშისტური განცხადებებისთვის“, - თქვა მან.
„სააკაშვილის მეგობარი აპრიორი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დღის შემაჯამებელ საპროტესტო დემონსტრაციაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილმაც, - მან ისაუბრა ხანგრძლივ პროტესტზე, ჩამოთვალა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებისათვის აუცილებელი ასპექტები და ქართულ ჯარსა და პოლიციას მიმართა.
ფორუმი