Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზეიმის მიზეზი, 3 რამ გამარჯვებისათვის, მიმართვა ჯარსა და პოლიციას - ზურაბიშვილის სიტყვა 26 მაისს


სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით მიმართა საზოგადოებას.
სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით მიმართა საზოგადოებას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დღის შემაჯამებელ საპროტესტო დემონსტრაციაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა, ისაუბრა ხანგრძლივ პროტესტზე, ჩამოთვალა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებისათვის აუცილებელი ასპექტები და ქართულ ჯარსა და პოლიციას მიმართა.

ზურაბიშვილმა გამოსვლა დაიწყო 26 მაისს გამართული საპროტესტო დემონსტრაციების, ზეიმის მიზეზებზე ლაპარაკით:

„დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს, რა დროს ზეიმია? რატომ ვზეიმობთ 26 მაისს? რატომ ვზეიმობთ იმ დროს, როდესაც პატიმრები ციხეში არიან სრულიად უსამართლოდ და მათი მშობლები აქ დგანან, ჩემთან; როცა ქვეყანაში სუფევს უსამართლობა; როცა დღითიდღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას; როცა უწყობენ ხელს და შემოჰყავთ საუკუნოვანი მტერი; რატომ ვზეიმობთ?“

„უკვე გამარჯვებულები ვართ“

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი და საზოგადოების პასუხი ასეთია: „იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ“:

„უკვე გამარჯვებულნი ვართ, რადგან საუკუნეების განმავლობაში საქართველომ ყველაფერს გაუძლო და მოვიდა დღემდე; იმიტომ, რომ 117 წლის შემდგომ, 1918 წელს, საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სუვერენობა. გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ 70 წლის ოკუპაციის შემდეგ, და მცდელობის იმისა, რომ გამქრალიყო სახელმწიფო და იდენტობაც კი, საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს. იმიტომ ვართ გამარჯვებულნი, რომ რეფერენდუმი ჩატარდა და ყველანი ერთად ვიყავით და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, დამოუკიდებლობა დაგვებრუნებინა და აღგვედგინა.

იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ უკვე ორი წელია, რაც დგას საქართველო ქუჩაში და იდგა ყოველ ჯერზე, როცა მისი დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მომავალი იყო კითხვის ნიშნის ქვეშ. იდგა 2008 წელს, როცა შემოვიდა რუსეთი. დგას დღეს, უკვე 7 თვეა არჩევნების შემდეგ, და 6 თვე იმის შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა ჩვენი გზა ევროპისკენ“.

მიმართვის ამ ნაწილში სალომე ზურაბიშვილმა ახსენა მზია ამაღლობელი, - მედიაგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, რომელიც დაპატიმრებულია და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება:

„საქართველო დგას და გამარჯვებულია ამიტომ. გამარჯვებულია ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ჰქვია მზია. ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება“.

„გამარჯვებულია იმიტომ, რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა. იმიტომ, რომ არცერთმა მშობელმა თავისი შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

„ბოლომდე“ - ბრძოლის სამი ფრონტით

ზურაბიშვილმა ჩამოთვალა სამი რამ, რაც, მისი თქმით, საჭიროა გამარჯვების „ბოლომდე მისაყვანად“:

  1. საზოგადოების ერთობა/პროტესტი
  2. დასავლეთის/პარტნიორების მხარდაჭერა
  3. პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა.

მან სამივე კომპონენტზე ცალ-ცალკე ვრცლად ისაუბრა.

თქვა, რომ პირველი და მეორე ასპექტები „მიღწეულია“ - საქართველოს ქალაქებში გრძელდება უწყვეტი პროტესტი, პარტნიორები „არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობას“.

„ბოლომდე, ბოლომდე“, - დაიწყო დემონსტრაციამ მისი გამოსვლისას სკანდირება. სალომე ზურაბიშვილიც აჰყვა: „ბოლომდე“.

ზურაბიშვილის თანახმად, დარჩა მესამე კომპონენტის შესრულება - რა მიზნითაც, მისი თქმითვე, შეიქმნა მის გარშემო „წინააღმდეგობის პლატფორმა“.

მზადება არჩევნებისათვის

„უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს თქვენი ნდობით და ჩვენი პარტნიორების ნდობით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ვერცერთი პარტია მარტო ვერაფერს მიაღწევს“ და ისაუბრა ერთობის აუცილებლობაზე:

„ერთადერთი ბერკეტი და მიზანი „ქართული ოცნებისა“, რომელსაც არაფერი შეუძლია, არის საზოგადოებისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, სეგმენტებს შორის დაყოფის შემოტანა. ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი - დაყავი და იბატონე. ეს არ უნდა დავუშვათ“, - თქვა მან.

მან განაცხადა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ „შემოაგდო“:

„არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ კონტროლისა და მანიპულაციის ქვეშ. სამაგიეროდ, ყველა აპირებს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა - ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და შემდეგ ადგილობრივი. ან ბოლო-ბოლო, თუ სხვანაირად არა, ერთობლივად საპარლამენტო და ადგილობრივი“, - განაცხადა მან.

თუმცა ასევე თქვა, რომ საჭიროა არჩევნებისათვის მზადება:

„ნუ დაიწყებთ ეჭვებს, ჭორაობას, - საჭიროა მზადება. აუცილებელია ახალი წესები, რაც შევქმენით პლატფორმის ფარგლებში. აუცილებელია დამკვირვებლების მთელი არმია მოვამზადოთ აქ და დღესვე. აუცილებელია, დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიწყოს თავის რეგისტრირება - რომ ბოლო წუთში მოუმზადებელი არ შეხვდეს არჩევნებს. ეს მზადება არის საერთო, რათა ყველამ ერთად, ოპოზიციამ, დაიცვას ყველას ხმა. ეს არის გამარჯვების ფორმულა. ამაში დარწმუნებული ვარ. და ეს ჩვენი მისატანია ბოლომდე“.

მიმართვა ჯარსა და პოლიციას

სალომე ზურაბიშვილმა მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და პოლიციას:

„არ შემიძლია, არ მივმართო და არ მივულოცო დღევანდელი დღე ქართულ ჯარს, რომელსაც დღეს, დარწმუნებული ვარ, სტკივა დღევანდელი საქართველოს ბედი, სახელმწიფოებრიობის გაქრობა... ისინი ჩვენთან ერთად დღეს ჩვენს სულში, გულში არიან და ჩვენ ვართ ერთად“.

„გაგიკვირდებათ და მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ქართულ პოლიციას - ისინი არ არიან კოლექტიური დგებუაძეები. მათს შორის არიან ადამიანები, ვისაც გული ტკივა საქართველოსთვის და იმის გამო, რომ ვერ, არ ასრულებენ მთავარ მოვალეობას, რასაც ჰქვია მოქალაქეების დაცვა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მის შემდეგ დემონსტრაციას ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ მიმართა.

107 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

პროტესტი თითქმის 6 თვეა, გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG