Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ციხეში ცხელა და დედა უნდა გახდეს“ - მოსამართლე ვერ დაარწმუნეს, ბელა მეისთვის გირაოს უფლება მიეცა


ილუსტრაცია შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ, ბელა მეი ქალის ფოტოს მიხედვით. ფოტო გადაღებულია 13 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე
ილუსტრაცია შექმნილია ხელოვნური ინტელექტის მიერ, ბელა მეი ქალის ფოტოს მიხედვით. ფოტო გადაღებულია 13 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე

ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნით დაკავებული 19 წლის ბრიტანელი, ბელა მეი ქალი, დღეს სასამართლო სხდომის შემდეგ ისევ ციხეში დააბრუნეს. ორსული ბრალდებულის ადვოკატი 50 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ვერ დაარწმუნა.

ადვოკატი მალხაზ სალაყაია მოსამართლე გიორგი გელაშვილისთვის ცდილობდა აეხსნა, რომ 21 კვირის ორსული ქალისთვის, ზაფხულში, ციხეში ყოფნა და ჰიგიენის დაცვა, სადაც ერთი პერიოდი წყალიც არ მოდიოდა, რთული იყო. ასევე არ არსებობდა განმეორებითი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზეწოლისა და მიმალვის საფრთხე და მოსამართლეს ქალის დარბაზიდან გათავისუფლებას სთხოვდა:

„ბატონო მოსამართლე... ბელას დაეკისროს ვალდებულება პოლიციის განყოფილებაში გამოცხადების, ყოველდღიურად თუ კვირაში ორჯერ, ამას თქვენ დაადგენთ და ის ამას შეასრულებს. ბელა ცოტა ხანში დედა გახდება, მინდა, რომ დედობა მან თავისუფლებაში იგრძნოს და განიცადოს. გთავაზობთ გირაოს, 50 ათას ლარს, რომელსაც დაუყოვნებლივ გადაიხდის“, - უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა.

მოსამართლე გიორგი გელაშვილი, ფოტო არქივიდან, 10 მარტი, 2025 წელი
მოსამართლე გიორგი გელაშვილი, ფოტო არქივიდან, 10 მარტი, 2025 წელი

„გარდა იმისა, რომ ციხეში ცხელა და ის დედა უნდა გახდეს, სხვა ისეთი ახალი გარემოება მე არ მომისმენია, რომ აღკვეთის ღონისძიება შევცვალო, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში“, - მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბელა მეი ქალი კვლავ საპატიმროში დააბრუნა.

19 წლის ბელამ შვილის სქესი 23 ივლისს ჩატარებული სამედიცინო კვლევისას შეიტყო. დედას, რომელიც სხდომათა დარბაზში იჯდა, საბრალდებო სკამიდან უთხრა, რომ ბიჭს ელოდება.

უკვე მესამე თვეა, ნარკოტიკების შეძენასა და გასაღებაში ბრალდებული ქალის ყველა სასამართლო სხდომას თბილისში ესწრებიან მისი ოჯახის წევრები - დედა, მამა, მამიდა, ბაბუა.

ბელა მეი ქალის მამა სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ილუსტრაცია დახატულია 10 ივლისს
ბელა მეი ქალის მამა სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ილუსტრაცია დახატულია 10 ივლისს

24 ივლისს, სხდომათა დარბაზში მისი დედა, ლაიან კენედი იჯდა. მას შემდეგ, რაც ბელა დააკავეს, ის საქართველოში მესამედ ჩამოვიდა.

ბელას ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარს გაურბიან. სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ, ბელას დედამ რადიო თავისუფლებას არაფორმალური საუბრისას უთხრა, რომ შვილს ციხეში ხვალ, 25 ივლისს ნახავს. ბოლო დღეების განმავლობაში ორსული შვილის ნახვის უფლება მას ორჯერ უკვე მისცეს:

ლაიან კენედი, ბელას დედა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოდის, 24 ივლისი, 2025 წელი
ლაიან კენედი, ბელას დედა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოდის, 24 ივლისი, 2025 წელი

„არასდროს ვყოფილვარ თბილისში. თბილისის შესახებ არასდროს გამიგია. პირველად რომ მითხრეს, რომ ბელა “ჯორჯიაში” დააკავეს, მეგონა, რომ ის ამერიკაში ჰყავდათ დაკავებული. შემდეგ შევიტყვე, რომ თურმე, სულ სხვაგან არის ეს ქვეყანა. ბელა წინა პარასკევს და ორშაბათს ვნახე. მასთან ხვალაც უნდა შევიდე“, - ამბობს ის.

რადიო თავისუფლება:„როგორ გრძნობს ბელა თავს“?

ლაიან კენედი: „რა გითხრათ, ნორმალურად, თავს გრძნობს ორსულად“...

ლაიან კენედიმ სასამართლოს დარბაზში ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც მოსამართლემ მის შვილს გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, როცა ბელა ბადრაგებთან ერთად ტოვებდა დარბაზს, შვილს დაუძახა - „მიყვარხარ“.

ბელა მეი ქალი პოლიციამ 10 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტაილანდიდან მომავალი დააკავა. მას ბარგში 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“ აღმოუჩინეს.

ფოტოილუსტრაცია - ბელა მეი ქალი დაკავებისას, 10 მაისი, 2025 წელი
ფოტოილუსტრაცია - ბელა მეი ქალი დაკავებისას, 10 მაისი, 2025 წელი

ის ბრალს - დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვა და გასაღება - არ აღიარებს და ამბობს, რომ დანაშაული „უნებურად ჩაიდინა“.

24 ივლისს ბელა მეი ქართულად მიესალმა მოსამართლეს და მოკლე რეპლიკით ისარგებლა:

„გამარჯობა. დიდი იმედი მაქვს, ჩემი თვალით დაინახავთ ამ ამბავს. ასეთ რამეს მე არასდროს ჩავიდენდი. გმადლობთ“, - ქართულად გადაუხადა მადლობა ბრალდებულმა მოსამართლეს.

პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი ადასტურებს, რომ ბელა მეი ქალისთან და მის ადვოკატთან დაწყებულია მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე.

არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკება მომდევნო სასამართლო სხდომამდე, ანუ 2 სექტემბრამდე შედგეს და შესაბამისად, სასამართლო სხდომაც მანამდე დაინიშნოს.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის შესახებ საუბრობს ადვოკატიც. თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ ქალს დანაშაული არ ჩაუდენია, ის ტაილანდში ძალადობის მსხვერპლი გახდა და ამის შესახებ გამოძიებამაც იცის.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ქალიმ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა, ადვოკატი კი ცდილობს მოსამართლე იმაში დაარწმუნოს რომ ეს ბელას განზრახ არ გაუკეთებია.

ამ საქმის მასალების ერთი ტომი 268 გვერდს აერთიანებს, ამ ტომში დევს გამოძიებისთვის მიცემული ის ჩვენებაც, სადაც ბელა მეი ქალი ტაილანდში, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ლაპარაკობს. ეს სისხლის სამართლის საქმე ცალკე გამოიყო ძირითადი საქმისგან:

ბელა მეი ქალის ქართველი ადვოკატი მალხაზ სალაყაია
ბელა მეი ქალის ქართველი ადვოკატი მალხაზ სალაყაია

„ამ მტკიცებულებებში საუბარია კონკრეტულ პირებზე, წარმოდგენილია სახელები, ამ პირების აღწერილობა, რომლებმაც დანაშაულის უნებლიედ ჩადენა აიძულეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ამის დასტურია ბელას სხეულზე, მარჯვენა ხელზე დამწვრობის კვალი, ე.წ. დაშანთული დამწვრობა. ბელას დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, დაემუქრნენ, ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი ძმის, დედის, მამის სიცოცხლის მოსპობით. ეს ჩვენება, რომ რეალურ ფაქტებს ასახავს, დადასტურებულია“, - თქვა მალხაზ სალაყაიამ.

რაც შეეხება „ჰაშიშითა“ და „მარიხუანით“ დატვირთულ ჩემოდანს, ადვოკატი ამბობს:

„ჩემოდანი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოიტანა თვითმფრინავმა და არა ბელამ. ეს ჩემოდანი ბანგკოკის აეროპორტში ჩააბარეს კონკრეტულმა პირებმა. ბელამ ერთი რამ იცის, რომ მისი მონაცემები გადმოგზავნილი იყო ელექტრონული ფორმით და მას უნდა დახვედროდნენ აეროპორტში ადამიანები, რომლებიც წაიღებდნენ მის ბარგს. ეს ბარგი ჩაკეტილიც კი არ ყოფილა, მხოლოდ ელვაშესაკრავით იყო შეკრული. ტვირთი, რომელმაც სამი ქვეყანა გამოიარა - ბანგკოკი, შარჯა, თბილისი [ტაილანდი, საამიროები, საქართველო - რ.თ.] , არანაირ შემხებლობაში არ ყოფილა ბელასთან, ეს არის ფაქტი“.

ადვოკატი, ბელა მეი ქალის ჩვენებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ბანგკოკში ცდილობდა პოლიციისთვის და მებაჟეებისთვის ხმა მიეწვდინა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა უშედეგოდ.

მალხაზ სალაყაიას თქმით, მართალია, ძირითადი საქმიდან ცალკეა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე ბელა მეი ქალის მიმართ სავარაუდო ძალადობაზე, თუმცა, ჯერჯერობით არ იცის, დაიწყო თუ არა ფაქტზე გამოძიება ბანგკოკის პოლიციამ.

საპროცესო შეთანხმების პირობების დეტალებზე ბელა მეი ქალის ადვოკატი არ საუბრობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ საპროცესო შეთანხმება „მისაღები“ უნდა იყოს მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვისაც.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველი ხდება საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირება.

გამოძიება ბრიტანეთის მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვასა და გასაღებას ედავება (გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს).

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გოგოს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობაც კი ელის.

ადვოკატი ამბობს, რომ მან ჯერ კიდევ არ იცის, ითხოვა თუ არა ბრიტანეთმა საქართველოდან ბრალდებულის ექსტრადიცია.

ექსტრადიცია ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ექსტრადიცია, როგორც წესი, არ ხდება პოლიტიკური, ფისკალური ან სამხედრო დანაშაულისათვის; აკრძალულია ექსტრადიცია იმ ქვეყანაში, სადაც მსჯავრდებულს ემუქრება წამების, სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საფრთხე; დაუშვებელია ლტოლვილის ექსტრადიცია. "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ექსტრადიციის საკითხის განხილვის კომპეტენცია იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას აქვს, ხოლო ექსტრადიციის დასაშვებობაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და იუსტიციის მინისტრო.

ვინ არის ბელა მეი ქალი?

ბელა მეი ქალი ქალაქ ბილინგემიდანაა. ის საექთნო კოლეჯის კურსდამთავრებულია და სწავლის გაგრძელებას აპირებდა.

ოჯახის მონათხრობით, აპრილის ბოლოს, სააღდგომო დღესასწაულის შემდეგ, ბელა არდადეგების გასატარებლად მეგობართან ერთად ჯერ ფილიპინებისკენ გაეშურა, მაისის დასაწყისში კი ტაილანდში წავიდა.

ბელა მეი ქალი ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს მოგზაურობიდან. თუმცა 5 მაისის შემდეგ ის სოციალური ქსელებიდან გაქრა.

ბელას დედა, ლაიან კენედი, ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდა, რომ შვილთან დაკავშირებას 3 მაისის მერე ვეღარ ახერხებდა. ტელეფონი გათიშული იყო, თუმცა სიგნალის მიხედვით, ის ბანგკოკთან ახლოს უნდა ყოფილიყო.

მშობლებმა შვილის გაუჩინარების შესახებ შეატყობინეს პოლიციას. ძებნაში ჩაერთო ტაილანდის პოლიციაც. ბელას მამა, ნეილ ქალი, შვილის საძებნელად ტაილანდში გაემგზავრა.

შვილის ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია ბელას მშობლებმა გაავრცელეს სოციალურ ქსელებშიც. ისინი ხალხს გაუჩინარებული შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვდნენ.

თბილისში დაკავებული გოგოს დედა ბრიტანელ ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ გაუჩინარებამდე ბელას ყოველდღე ელაპარაკებოდა:

„მოგზაურობიდან უამრავ ფოტოს აქვეყნებდა. 3 მაისს ტაილანდში წავიდა. ბოლო მესიჯი მისგან მივიღე შაბათს (3 მაისს), საღამოს ექვსის ნახევრისთვის. მწერდა, რომ მოგვიანებით "ფეისთაიმით" დამიკავშირდებოდა“.

ქალი გამოცემა THE SUN-თან საუბრისას ამბობს, რომ შვილს სთხოვდა, არ წასულიყო ტაილანდში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG