Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეუძლია თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციას შექმნას პოლიტიკური კრიზისი 


მიხეილ სააკაშვილი "სკაიპით" მიმართავს ფილარმონიაში შეკრებილ მოსახლეობას. 29 დეკემბერი, 2018 წ.
მიხეილ სააკაშვილი "სკაიპით" მიმართავს ფილარმონიაში შეკრებილ მოსახლეობას. 29 დეკემბერი, 2018 წ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მხარდამჭერები კვირას ქუჩის საპროტესტო აქციაზე დაიბარა. ოპოზიციას ორი მოთხოვნა აქვს: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

„მოთხოვნები არის სამართლიანი. არჩევნები იყო უსამართლო და ამას ხედავს საზოგადოება. რამდენად არის მომწიფებული მსგავსი ცვლილებების დრო, ამას აჩვენებს ყოველთვის ხალხის განწყობილება. თუ ხალხს უნდა, ეს მოხდება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ არჩევნების შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცის პირველ დიდ შეკრებაზე.

პირველი ტური ნათელი მაგალითია იმისა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში არ აქვს არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ 40 %-იანი მხარდაჭერაც კი...
კონსტანტინე ჩოკორაია

კონსტიტუციის სპეციალისტი კონსტანტინე ჩოკორაია ფიქრობს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არა მხოლოდ კანონიერი, არამედ ადეკვატურიცაა, რადგან პარლამენტის წარმომადგენლობა არ ასახავს საზოგადოების რეალურ დამოკიდებულებას პოლიტიკური ძალების მიმართ:

“პირველი ტური ნათელი მაგალითია იმისა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში არ აქვს არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ 40 %-იანი მხარდაჭერაც კი. არ შეიძლება ასეთი კონფიგურაციის პარლამენტი არსებობდეს. ეს წარმოშობს მთელ რიგ პრობლემებს, იმიტომ რომ რეალურად ეს ძალაუფლების მითვისებას ნიშნავს“.

კონსტანტინე ჩოკორაია ამბობს, რომ რაც დრო გავა, „ქართული ოცნება“ მით მეტად დაკარგავს მხარდაჭერას და რაც უფრო მალე დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მით უკეთესი იქნება.

რა შემთხვევაში ინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

კონსტიტუციით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ორ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს. ორივე შემთხვევაში არჩევნების დანიშვნას წინ უსწრებს პარლამენტის დათხოვნა, რასაც, თავის მხრივ, წინაპირობები სჭირდება: პრემიერის გადადგომა, გადაყენება ან იმპიჩმენტი. თუ ამ ან სხვა რაიმე მიზეზით პრემიერი დატოვებს თანამდებობას, პარლამენტი კი ვერ შეძლებს ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას, პრეზიდენტი ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს.

მეორე შემთხვევაა, როცა პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს პრემიერს, მაგრამ ახალი პრემიერის არჩევას ვერ შეძლებს.

რამდენად შეუძლია ოპოზიციას და მის მომხრეებს პოლიტიკური კრიზისის შექმნა კონსტიტუციური გზით

ნებისმიერ აქციაზე, რომელიც გადაიზრდება კანონდარღვევაში, ხელისუფლებას ექნება რეაქცია. ნებისმიერმა მათმა ლიდერმა უნდა იცოდეს, რომ მათი გაჯგიმვით ლაპარაკი ჩემთვის არის ცოტა ღიმილის მომგვრელი.
ლევან გოგიჩაიშვილი

კონსტიტუციის სპეციალისტ ვახუშტი მენაბდის განმარტებით, ეს წინაპირობები თითქმის შეუძლებელს ხდის გაერთიანებული ოპოზიციისთვის კონსტიტუციური მექანიზმებით მიაღწიოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას:

„კონტიტუციური მექანიზმებით ამის გაკეთება არ შეუძლიათ, მაგრამ თუ პოლიტიკურად ამგვარ ვითარებას შექმნიან და აიძულებენ ხელისუფლებას, რომ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, მაშინ მათ ასეთი შესაძლებლობა ექნებათ, ოღონდ ეს არის ხელისუფლების ნებაზე დამოკიდებული. ხელოვნურად უნდა შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ გადადგეს პრემიერი, პარლამენტმა ვერ დაამტკიცოს ახალი პრემიერი და პრეზიდენტმა დაითხოვოს პარლამენტი“.

ამგვარი სცენარის წარმოდგენა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ერთი პარტიული გუნდის ნაწილია, თითქმის წარმოუდგენელია იმ პირობებშიც კი, თუ ვიგულისხმებთ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას 900 ათასი ამომრჩეველი უჭერს მხარს. ამიტომ მაინც ყველაფერი „ქართულ ოცნებაზე“ იქნება დამოკიდებული, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

„ნებისმიერ აქციაზე, რომელიც გადაიზრდება კანონდარღვევაში, ხელისუფლებას ექნება რეაქცია. ნებისმიერმა მათმა ლიდერმა უნდა იცოდეს, რომ მათი გაჯგიმვით ლაპარაკი ჩემთვის არის ცოტა ღიმილის მომგვრელი“, - ამბობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი.

პერსპექტიულია თუ არა გაერთიანებული ოპოზიციისთვის მეორე მოთხოვნის მიღწევა

არ ვიცით, რა იგულისხმება ამაში, თუმცა ჩემთვის პირადად არარეალისტურია და ვერ წარმომიდგენია უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საარჩევნო კომისიის წევრი იყოს.
ელენე ნიჟარაძე

არსებული წესის მიხედვით, საარჩევნო კომისიებში 12 წევრია. მათგან 6 პარტიული, 6 კი პროფესიული ნიშნითაა დანიშნული. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადებით, საარჩევნო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით და უცხოელი ექსპერტებით.

სანამ ოპოზიცია დააყენებდა ამ საკითხს, არსებული წესის შეცვლას ითხოვდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“. საოლქო კომისიების მხოლოდ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ინიციატივით რამდენიმე თვის წინ მათ პარლამენტს მიმართეს, თუმცა პარლამენტს ეს საკითხი არ განუხილავს.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ, მისი ორგანიზაციის მსგავსად, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებიან, ვერ გახდებიან კომისიის წევრები. რაც შეეხება უცხოელების ყოფნას კომისიაში, ელენე ნიჟარაძე ამბობს:

“არ ვიცით, რა იგულისხმება ამაში, თუმცა ჩემთვის პირადად არარეალისტურია და ვერ წარმომიდგენია უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საარჩევნო კომისიის წევრი იყოს“.

კვირას დაგეგმილმა აქციამ შესაძლებელია მეტი სიცხადე შეიტანოს იმაში, თუ როგორი კონსტიტუციური და პოლიტიკური ხერხებით აპირებს გაერთიანებული ოპოზიცია მიზნების მიღწევას.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG