Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმელი თათრების დეპორტაცია - გენოციდი, რომელიც დღემდე გრძელდება


დემონსტრანტი ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეზე. კიევი. 18 მაისი, 2019 წ.
დემონსტრანტი ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეზე. კიევი. 18 მაისი, 2019 წ.

ყირიმელი თათრების 1944 წლის დეპორტაციას თითქმის ასი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ყირიმელი თათრები ირწმუნებიან, რომ ნახევარკუნძულის ძირძველი ხალხის დეპორტაცია, ფარული ფორმით, დღესაც მიმდინარეობს და რომ ამ პროცესში რუსეთის ხელისუფლება "ტოლს არ უდებს" საბჭოთა კავშირს.

საბჭოთა ხელისუფლებამ 1944 წლის გაზაფხულზე მთელი ერი ღალატსა და გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და ყირიმის ნახევარკუნძულიდან ყირიმელი თათრების გასახლების ბრძანება გასცა. 18 მაისის გამთენიიდან, თითქმის სამ დღეში ყირიმიდან დაახლოებით 200 ათასი ადამიანი გაიყვანეს სატვირთო ვაგონებით. უკრაინასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმის ეს გადაწყვეტილება აღიარებულია ყირიმელი თათრების გენოციდად.

  • როგორია 1944 წლის დეპორტაციის შედეგები?
  • რამდენად მნიშვნელოვანია დეპორტაციის გენოციდად აღიარება?
  • რა მსგავსებაა ყირიმელი თათრებისადმი სსრკ-სა და დღევანდელი რუსეთის დამოკიდებულებას შორის?

1944 წლის 13 მაისს ნაცისტური გერმანიის არმიამ ყირიმიდან უკან დაიხია. ნახევარკუნძული საბჭოთა ხელისუფლებამ დაიბრუნა. მოსკოვის ბრძანების შესაბამისად, შინსახკომის თანამშრომლებმა ყირიმში დარჩენილი თითქმის ყველა ყირიმელი თათარი რკინიგზის ვაგონებში შეყარეს და ცენტრალური აზიის გზას გაუყენეს. უკრაინის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ყირიმელი თათრების მამაკაცების დაახლოებით 15% წითელი არმიის მხარეს იბრძოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საბჭოთა რეჟიმმა მთელი ხალხი მაინც ღალატში დაადანაშაულა.


გადასახლებული ყირიმელი ოჯახები, რომლებსაც უარი ეთქვათ ყირიმში დაბრუნებაზე. 1968 წ.
გადასახლებული ყირიმელი ოჯახები, რომლებსაც უარი ეთქვათ ყირიმში დაბრუნებაზე. 1968 წ.

ყირიმელი თათრების უმეტესობა გადაასახლეს უზბეკეთსა და ყაზახეთისა და ტაჯიკეთის მოსაზღვრე რაიონებში, სადაც ისინი განათავსეს მკაცრი რეჟიმის ეგრეთ წოდებულ სპეციალურ დასახლებებში, რომლებიც ერთგვარ შრომით საკონცენტრაციო ბანაკებს წარმოადგენდა და სადაც მოქმედებდა კომენდანტის საათი.

დაიწყო ერის იძულებითი გაქრობა.

გადასახლებულთა შვილებისთვის განათლება მხოლოდ რუსულ და უზბეკურ ენებზე იყო ხელმისაწვდომი. 1957 წლამდე ყირიმელ თათრებს ეკრძალებოდათ ნებისმიერი პუბლიკაცია მშობლიურ ენაზე.

ყირიმელ თათრებს ასევე ეკრძალებოდათ ეროვნების მითითება პასპორტში. გადასახლებულებისათვის ყირიმში დაბრუნების აკრძალვა 1989 წლამდე მოქმედებდა. ყირიმელი თათრების შესახებ სტატია ამოღებული იყო "დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან".

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 5 სექტემბრის № 493 ბრძანებულებით („ყირიმში მცხოვრები თათარი მოქალაქეების შესახებ“), აღიარებული იქნა, რომ „1944 წელს, ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ ყირიმის გათავისუფლების დროს, ყირიმში მცხოვრები თათრების გარკვეული ნაწილის გერმანელ დამპყრობლებთან აქტიური თანამშრომლობის ფაქტები უსაფუძვლოდ გავრცელდა ყირიმის მთელ თათრული წარმოშობის მოსახლეობაზე“. 1989 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ ყირიმელი თათრების დეპორტაცია უკანონოდ და დანაშაულებრივად აღიარა. ამ დროიდან მოიხსნა ყირიმში თათრების დაბრუნების აკრძალვა.

დეპორტაციის მიზეზებს შორის, "უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის" მკვლევრები ასახელებენ ყირიმელი თათრების ისტორიულად მჭიდრო კავშირებს თურქეთთან, რომელსაც სსრკ თავის პოტენციურ მეტოქედ მიიჩნევდა, ხოლო ყირიმს განიხილავდა სტრატეგიულ პლაცდარმად თურქეთთან კონფლიქტის შემთხვევაში.

თუმცა ამ ვერსიას არ იზიარებს ისტორიკოსი გულნარა აბდულაევა, რომლის თქმითაც, დეპორტაციის მიზეზი ბევრად ბანალურია.

„უბრალოდ, საჭირო იყო ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობისგან გაწმენდა, ნახევარკუნძულზე სრულიად განსხვავებული ისტორიის წარმოჩენა, რადგან ასეთი მომენტები ადრეც მომხდარა. ანუ, მეორე მსოფლიო ომამდეც კი საბჭოთა მთავრობა ემზადებოდა პროგრამის, „ყირიმი ყირიმელი თათრების გარეშე“ განსახორციელებლად. დეპორტაციის ოპერაცია რამდენიმე წლის განმავლობაში მზადდებოდა“, - აღნიშნავს ისტორიკოსი.


სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ლავრენტი ბერიას და სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრის, ვსევოლოდ მერკულოვის ბრძანება „ყირიმის ასსრ ტერიტორიის ანტისაბჭოთა ელემენტებისგან გაწმენდის ღონისძიებების შესახებ“
სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ლავრენტი ბერიას და სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრის, ვსევოლოდ მერკულოვის ბრძანება „ყირიმის ასსრ ტერიტორიის ანტისაბჭოთა ელემენტებისგან გაწმენდის ღონისძიებების შესახებ“

შინსახკომის საიდუმლო ბრძანებას "ყირიმის ასსრ ტერიტორიის ანტისაბჭოთა ელემენტებისგან გაწმენდის ღონისძიებების შესახებ" 1944 წლის 13 აპრილს მოეწერა ხელი. გულნარა აბდულაევა დარწმუნებულია, რომ დოკუმენტში მითითებული მიზეზი - „თანამშრომლობა გერმანელ ოკუპანტებთან“ - მხოლოდ ფორმალური საბაბი იყო.

„რატომ სურდათ მაინც და მაინც ყირიმელი თათრების თავიდან მოშორება? ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. ჩემი აზრით, უნდოდათ ყირიმი ექციათ ერთგვარ რუსულ შვეიცარიად, სადაც არ იქნებოდნენ ყირიმელი თათრები, რომლებიც 1783 წლიდან, ყირიმის ნახევარკუნძულის პირველი ოკუპაციის შემდეგ, ყოველთვის ხელს უშლიდნენ“, - ამბობს გულნარა აბდულაევა.

გულნარა აბდულაევა
გულნარა აბდულაევა

ანექსირებული ყირიმის რუსული ადმინისტრაცია 18 მაისს უწოდებს „ყირიმის ხალხების დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს“, რითაც ცდილობს საკითხში მეტი ბუნდოვანების შეტანას, რადგან „ყირიმის ხალხებში“ რუსეთი გულისხმობს როგორც ყირიმელ თათრებს, ასევე ბერძნებს, ბულგარელებს, სომხებს, იტალიელებსა და გერმანელებს ანუ მთელ იმდროინდელ მოსახლეობას, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდა.

გულნარა აბდულაევა დარწმუნებულია, რომ ასეთი ინტერპრეტაცია არასწორია, რადგან გერმანელები გაასახლეს 1941 წელს, იტალიელები - 1942 წელს, ხოლო სომხები, ბულგარელები და ბერძნები - 1944 წლის ზაფხულში. ამასთან, როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, მათი გადასახლება არ ყოფილა ტოტალური, საყოველთაო.

„მაგალითად, ბერძნებსა და სომხებს შორის, ძირითადად, მამრობითი სქესის მოსახლეობა იქნა დეპორტირებული, ქალები კი დატოვეს. რა თქმა უნდა, ქალების ნაწილი ქმრებს გაჰყვა, მაგრამ ეს არ ყოფილა ტოტალურად. ანუ ადამიანებს არ თხრიდნენ ფესვებიანად და არ ასახლებდნენ მთელ ხალხთან ერთად, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ყირიმელი თათრების შემთხვევაში“, - ამბობს გულნარა აბდულაევა.

ისტორიკოსის თქმით, გადასახლების პირველივე წელს მთლიანი მოსახლეობის 46,2% დაიღუპა. ამასთან, ეს სტატისტიკა არ მოიცავს ფრონტზე დაცემულ ყირიმელ თათრებს. „ამიტომ არის ყირიმის მკვიდრი მოსახლეობის გადასახლება გენოციდი“, - ამბობს ისტორიკოსი:

„თითქმის ნახევარი დაიღუპა და ეს მხოლოდ მიახლოებითი რიცხვია. ბევრი მკვლევარი ცდილობს, შეამციროს მასშტაბი, ამბობს, რომ შეუძლებელია ნახევარი იყოსო. მაგრამ არა, სინამდვილეში, ბევრმა ადამიანმა შეისწავლა ეს საკითხი და ასეთ დასკვნამდე მივიდა. ესენი იყვნენ ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ აღრიცხვას, ამოწმებდნენ დოკუმენტებს, ყველაფერს ყურადღებით ადარებდნენ. დიახ, თითქმის ნახევარი დაიღუპა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო ნამდვილი გენოციდი. ანუ ეს იყო მთელი ხალხის ფიზიკური განადგურება და, შესაბამისად, მას გენოციდის განსაზღვრული ნიშნები აქვს“, - ამბობს გულნარა აბდულაევა.

2025 წლის 14 მაისს, უკრაინის პარლამენტმა (ვერჰოვნა რადა) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა უცხო სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საპარლამენტო ასამბლეებს, პატივი მიაგონ ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას და 1944 წლის დეპორტაცია აღიარონ გენოციდის აქტად.

თვითონ უკრაინამ ყირიმელი თათრების დეპორტაცია გენოციდად 2015 წელს აღიარა. 2019 წელს იგივე გააკეთეს ლიეტუვამ და ლატვიამ. კანადამ - 2022 წელს; 2024 წელს კი - პოლონეთმა, ესტონეთმა და ჩეხეთმა.

ყირიმელი თათრების დეპორტაციის გენოციდად აღიარებაზე მუშაობა მიმდინარეობს „ყირიმის პლატფორმის“ ფარგლებში.

„პროცესი განსაკუთრებით გაძლიერდა 2024 წელს, როცა აღინიშნებოდა ამ ტრაგედიის 80 წლისთავი“, - ამბობს უკრაინის პარლამენტის წევრი თამილა ტაშევა.

„რა თქმა უნდა, რიგმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ჩვენმა პარტნიორებმა, ძალიან კარგად იციან ყირიმში არსებული ვითარება და ჩვენი ისტორიის ამ ტრაგიკული მოვლენის დეტალები. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ლათინური ამერიკის, აფრიკის კონტინენტის ქვეყნებმა, ყველამ არ იცის, რა მოხდა ყირიმში 81 წლის წინათ, ამიტომ ვცდილობთ, მათ ამის შესახებ მოვუთხროთ“, - ამბობს თამილა ტაშევა და განაგრძობს: „ცოტა ხნის წინ შვეიცარიაში ყირიმელი თათრების დეპორტაციაზე ვესაუბრებოდით მოზამბიკელ, შრი-ლანკელ, ლიბიელ კოლეგებს, ვესაუბრებოდით იმაზე, თუ როგორ არ უნდა განმეორდეს ეს, რადგან ჩვენი შეხვედრის თემა იყო გარდამავალი მართლმსაჯულება და ის, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ წარსულს. ანუ, წარსულის რომელი გამოცდილება არ უნდა განმეორდეს და როგორი რეფორმები უნდა განხორციელდეს. ამ ტრაგედიის შედეგები დღემდე პოვებს ასახვას ყირიმის მკვიდრი ხალხის თითოეულ წარმომადგენელზე“.

თამილა ტაშევას თქმით, მე-18 საუკუნეში ნახევარკუნძულის მოსახლეობის 95%-ს ყირიმელი თათრები შეადგენდნენ, 1944 წელს კი მათი წილი ნულამდე დაეცა.

თამილა ტაშევა
თამილა ტაშევა

„უდავოა, რომ დეპორტაციამ გავლენა მოახდინა ყველა ყირიმელ თათარზე, მიუხედავად იმისა, თუ როდის დაიბადა და გარდაიცვალა ესა თუ ის ადამიანი“.

როგორ მოქმედებს რუსეთი დღეს: ფარული დეპორტაცია

როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ყირიმის ანექსიის (2014 წ) შემდეგ, რუსეთმა გააგრძელა ყირიმელი თათრების რეპრესია და "უჩინარი დეპორტაცია".

2022 წლის თებერვლის (რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის) შემდეგ ყირიმელი თათრების დაახლოებით მეოთხედი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ნახევარკუნძული. საუბარია 50 ათასამდე ადამიანზე.

„ყირიმელი თათრების დეპორტაციას, ისევე როგორც უკრაინელების ჰოლოდომორს, დღესაც აქვს შედეგები. რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია (2014 წ), ფაქტობრივად, რუსეთის გენოციდური პოლიტიკის გაგრძელებაა: დაიწყო დევნა, დაპატიმრებები, მკვლელობები, გატაცებები, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და რუსეთის არმიის რიგებში მობილიზაცია. ამან გამოიწვია ჰიბრიდული დეპორტაცია, როდესაც მკვიდრი მოსახლეობის აქტივისტებმა და წარმომადგენლებმა სამშობლოს დატოვება დაიწყეს. ნახევარკუნძულის მკვიდრი ხალხის, ყირიმელი თათრების დეპორტაცია ჯერაც მიმდინარე, დაუმთავრებელი პროცესია“, - ამბობს ყირიმელი თათრების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ესკენდერ ბარიევი.

უკრაინელი ლტოლვილები რუმინეთის საზღვარზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს
უკრაინელი ლტოლვილები რუმინეთის საზღვარზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს

ერთ-ერთი პირველი, ვინც „უჩინარ დეპორტაციაზე“ ისაუბრა, მუმინე სალიევა იყო, ადამიანის უფლებათა დამცველი, რომლის ქმარი, სამოქალაქო ჟურნალისტი სეიჰრან სალიევი, 16-წლიან პატიმრობას იხდის რუსეთის ციხეში.

„მტკიცედ მჯერა: ის, რაც დღეს ხდება, კლასიკური პოლიტიკური რეპრესიაა, ეს იგივე დეპორტაციაა, რადგან ასობით ადამიანი დააკავეს სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზითა და მუხლით. ასობით ადამიანი იძულებით გაიყვანეს ყირიმიდან და არა მხოლოდ უცხო ქვეყნებში, არამედ რუსეთის ციხეებსა და კოლონიებში. ასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ყირიმი და კიდევ ასობით მამაკაცი ტოვებს ყირიმს მობილიზაციის განმეორებითი ეტაპების გამო. ეს არის უჩინარი დეპორტაცია, დეპორტაციის ერთ-ერთი ფორმა, მხოლოდ ჰიბრიდული მეთოდებით“, - ამბობს მუმინე სალიევა დოკუმენტურ ფილმ „ჩუმ დეპორტაციაში“, რომელიც Krym.Realii-მ და რადიო თავისუფლების უკრაინულმა რედაქციამ გადაიღეს.

მუმინე სალიევას სიტყვებს მრავალი დადასტურება აქვს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ყირიმის ნახევარკუნძულის მასობრივად დატოვება მათაც კი დაიწყეს, ვინც 2014 წელს გაუძლეს.

ყირიმელი თათრების მეჯლისის წევრი გაიანა იუქსელი და მისი ოჯახი 2014 წელს (რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ) იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ყირიმი, რადგან განიცდიდნენ ზეწოლას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. გაიანა იუქსელის ქმარს, ისმეთ იუქსელს, ნახევარკუნძულზე შესვლა აეკრძალა ყირიმელი თათრების ლიდერ მუსტაფა ჯემილევთან და მეჯლისის ხელმძღვანელ რეფატ ჩუბაროვთან ერთად.

გაიანა იუქსელიც მიიჩნევს, რომ ყირიმის ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი შევიწროება ფარული დეპორტაციის ფორმაა:

„რუსეთს რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, ყველა ყირიმელი თათარი პირუტყვივით მატარებლის ვაგონებში შეყაროს და ყირიმიდან რაც შეიძლება შორს გაგზავნოს, ამას გააკეთებდა. თუმცა დრო შეიცვალა და ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც 80 წლის წინათ იყო. ის, რაც ახლა ყირიმში რუსეთის გავლენით ხდება, ფარული ან ჰიბრიდული დეპორტაციაა. თვითდეპორტაცია - ასეთი ტერმინიც კი გამიგია - როცა ადამიანები ვერ უძლებენ ცხოვრების პირობებს და იძულებულნი არიან, დატოვონ ყირიმი. რუსეთის მიერ ყირიმელების იძულება, დატოვონ ნახევარკუნძული, დეპორტაციაა, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. მეც დეპორტირებულად მივიჩნევ თავს, რადგან ყირიმი ნებაყოფლობით არ დამიტოვებია - დავტოვე უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო. დღეს ასეთივე სიტუაციაშია ათასობით ყირიმელი თათარი“, - ამბობს ის.

უცნობია, როგორია 2014 წლის შემდეგ ნახევარკუნძულიდან ყირიმელი თათრების მიგრაციის ზუსტი მასშტაბი, რადგან რუსეთი არ არის დაინტერესებული ასეთი აღწერის წარმოებით.

უკრაინის ხელისუფლების მიხედვით, 2014 წლის შემდეგ ყირიმიდან უკრაინის კონტინენტურ ნაწილში 40 ათასი ადამიანი გადავიდა. ეს მონაცემები ეფუძნება იმ პირთა აღწერას, რომლებმაც უკრაინის ხელისუფლებისგან მიგრანტის მოწმობა მიიღეს. თუმცა, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, ასეთი მოწმობა ყველა მიგრანტს არ აუღია.

ადამიანის უფლებათა დამცველები მიიჩნევენ, რომ 2014 წლის შემდეგ ყირიმიდან, სულ მცირე, 100 ათასი ადამიანი მაინც გადავიდა უკრაინის სხვა ნაწილში. თუმცა ზუსტად ვერავინ იტყვის, 2022 წლიდან დღემდე რამდენიმე ყირიმელი თათარი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად და რამდენი - ემიგრანტად.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG