მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" საჯარო სახეების მისამართით ფეისბუკ პოსტებში გამოყენებული იმ სიტყვების არასრული ჩამონათვალი, რომლის გამო 18 ადამიანის ადმინისტრაციული დევნა დაიწყო ასეთია: მონა, არაქალი, ნაძირალა, დურა, ამოწყდი, დდ*ც. პოლიციელების მიერ შედგენილ პატაკებს თან ახლავს ფეისბუკპოსტების ამობეჭდილი ასლები. "ოცნების" წარმომადგენლებს პოლიციაში ჩივილის საფუძველს ადმინისტრაციული კოდექსის ოთხი თვის წინ მიღებული შესწორება აძლევს, რომელიც "სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის" სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, შეურაცხმყოფელ გადაკიდებას კრძალავს, როგორც აღმოჩნდა, მათ შორის, სოციალურ ქსელებშიც.
"ოცნების" საჩივრებს ფეისბუკში „შეურაცხყოფის“ ალტერნატიული პოსტები მოჰყვა, მათ შორის პოეტური ენის გამოყენებით:
„სასამართლოში მივიდა ვირი,
იქ ერთი ცხენი ჰყავდა ნაცნობი.
უთხრა: სარჩელი მინდა, რომ აღვძრა,
მსხვერპლი ვარ დიდი შეურაცხყოფის!
- აბა, მიამბე, რა მოგივიდა,
ნუ ჩამოუშვი ნაწყენმა ცხვირი.
- ვირს მეძახიან და ჩემი თავლის
კედელზეც დიდად დაწერეს „ვირი“.
გაოცდა ცხენი. - ვერ მივხვდი კარგად,
რამ აგირია ასე ფიქრები.
ვირი ხარ და ვირს თუ არ გიწოდებთ,
ამით, რა, ვირი აღარ იქნები?“- წერს ფეისბუკ მომხმარებელი, ფსევდონიმით, „ანონიმი ესპანელი ავტორი“.
კიდევ ერთხელ გაიხსენეს პოეტ პაატა შამუგიას შეთხზული ლექსი:
„ხალხი ვერ შეთანხმდა, მამუკა ბატონო
ზოგი გწერთ, ბატიც კი არ უნდა განდონო,
სხვები კი ამბობენ, კი, უნდა განდონო,
უთუოდ განდონო, დიახაც, განდონო“.
მიმართეს ტიციან ტაბიძესაც: „დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა,...“ და იქვე განმარტა, რომ საკუთარ თავს უჩიოდა, - „ჩემზე ვწერ, ხვალ რომ საკუთარ თავს ვუჩივლო... ხომ ქორწინდებიან ხოლმე საკუთარ თავზე? აი მასე ვიზამ მეც...“
ზოგმა სოციალურ ქსელებში წლების განმავლობაში პოპულარული ლექსი „ძვირფასო მარიამ“ „ქართული ოცნების“ დეპუტატს მარიამ ლაშხს მიუძღვნა, რომლის საჩივრის საფუძველზე ორმა ახალგაზრდა ქალმა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოიხადა, ერთს კი 4 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
მარიამ ლაშხის განცხადება დაედო საფუძვლად კიდევ რამდენიმე აქტივისტის სასამართლოში დაბარებას, ამჯერად ფეისბუკ პოსტების გამო. ლაშხს კიდევ ერთი ლექსი მიუძღვნეს.
„ეს ჩვენი ლაშხი, მარიამ
ერთი პატარა ქალია,
თურმე ძალიან არ მოსწონს
ოპოთა კოპროლალია,
თორემ დიმიტრის გინება?! -
- მისთვის ბროლი და ლალია“.
დიმიტრიში აქ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე იგულისხმება.
ხშირად ახსენებენ მონა ლიზას, რომლის სახეს ხან ერთი თანამდებობის პირი „იღებს“, ხან მეორე. არც მონა იზაურა დავიწყებიათ:
ზოგმა ხელოვნურ ინტელექტს მიმართა:
ეს იმ ადამიანების სიაა, ვის წინააღმდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინა.
- ნანუკა ჟორჟოლიანი - ჟურნალისტი;
- ვახო სანაია - ჟურნალისტი;
- ვიკა ბუკია - ჟურნალისტი;
- დეა მამისეიშვილი - ჟურნალისტი;
- ეკა მიშველაძე - ჟურნალისტი;
- მიშა მშვილდაძე - ჟურნალისტი;
- თამარ ჩერგოლეიშვილი - პოლიტიკოსი;
- ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი;
- ელენე ხოშტარია - პოლიტიკოსი;
- ალეკო ელისაშვილი - პოლიტიკოსი;
- ანა სუბელიანი - აქტივისტი;
- ბაია პატარაია - აქტივისტი;
- დავით ქაცარავა - აქტივისტი;
- გიორგი ქადაგიძე - აქტივისტი;
- ქეთი მოლაშვილი - აქტივისტი;
- ირაკლი გვალია - აქტივისტი;
- მარიამ გეგუჩაძე - აქტივისტი;
- გიგა მაქარაშვილი - აქტივისტი;
- გიორგი ტუმასიანი - აქტივისტი.
„მგონია, რომ ეს იყო სამაგალითო იმისთვის, რომ სხვისი შეურაცხყოფა, ცილისწამებები, ბრალდებები და მათ შორის, ასეთი ზიზღის კამპანია, რომლისთვისაც ისინი დაფინანსებული არიან, [მიუღებელია]…არავის არ დაიჭერენ - ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა. ჩემზე წარმოდგენა... არ უნდა შეეცვალოთ, რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული და კრიტიკის ფორმა და არა შეურაცხყოფის… როდესაც ადამიანის შეურაცხყოფას და ზიზღის გენერირებას ახდენ, აუცილებლად უნდა იცოდე, რა კანონი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც“, - უთხრა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს.
წილოსანის ფეისბუკ შეურაცხყოფა დაედო საფუძვლად აქტივისტ ანა სუბელიანის სასამართლოში დაბარებას.
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძე უჩივლა, ნინო წილოსანისა და მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის, კერძოდ კი სიტყვისთვის „დურა“.
ვახო სანაიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, შალვა პაპუაშვილის, თეა წულუკიანისა და ირაკლი ზარქუას შეურაცხყოფას ედავებიან.
ალეკო ელისაშვილი, რომელსაც შსს დეპუტატ ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფას ედავება, მოსამართლემ სასამართლოს შეურაცხყოფისთვის საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევა და 500 ლარით დააჯარიმა.
სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა „ფორმულას“ ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე, და აქტივისტი გიგა მაქარაშვილი; 3000-3000 ლარით აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე, და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი. მამისეიშვილის პოსტი მამუკა მდინარაძეს ეხებოდა.
„ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა. ასე ვფიქრობ, (უარესადაც) და ვერავინ შემზღუდავს“, - დაწერა მამისეიშვილმა ფეისბუკზე.
12 ივნისს ფეისბუკპოსტების გამო ჩანიშნული სხვა სასამართლო სხდომები გადაიდო.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 17316--ე მუხლით სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება“, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 60 დღემდე.
173-ე მუხლის მეორე ნაწილით ეს ნორმები ვრცელდება ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებზე და კიდევ უფრო მაღალია სასჯელი მათი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ლანძღვა-გინებისათვის.
ფორუმი