კვლევა 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა და შვიდი რეგიონი მოიცვა: თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე და ახალქალაქი. კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა ეთნოსისა და აკადემიური მოსწრების 155 სტუდენტი.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ:
- გამოკითხულთა მეოთხედს უჭირს აზრის დალაგებულად გადმოცემა, იყენებს მწირ ლექსიკას, ღელავს. უჭირს წერა, განსაკუთრებით ეროვნულ უმცირესობებს;
- მესამედს უჭირს არგუმენტების მოძებნა, რაც ნიშნავს, რომ არ აქვს დებატების გამოცდილება;
- მნიშვნელოვან ნაწილს უჭირს სხარტად საუბარი. უშვებენ შეცდომებს, იყენებენ ჟარგონს;
- 92 პროცენტმა თქვა, რომ იცის ინგლისური;
- ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა არ იციან უმაღლესში სასწავლებლად საკმარისი ქართული;
- გაცილებით უკეთ იციან გარემოს დაცვის საკითხები;
- უჭირთ ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევა;
- ერკვევიან ციფრულ ტექნოლოგიებში, მაგრამ სუსტები არიან კიბერუსაფრთხოების მხრივ;
- ეშინიათ, რომ ტექნოლოგიების გამო ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს სამსახური, ტრადიციები, ადამიანური ურთიერთობები;
- მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ, თუმცა ბევრს აღელვებს გაურკვევლობა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები;
- არ აქვთ პიროვნული განვითარების გეგმა, ხელი არ მიუწვდებათ არაფორმალურ განათლებაზე;
- დემოკრატიული ღირებულებები იციან, მაგრამ არც თუ დამაჯერებლად;
- აღიარებენ, რომ მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა (STEM) მნიშვნელოვანია, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რა კავშირშია ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებასთან ან, მაგალითად, ისეთ დარგებთან, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკა.
„ჩვენი ქვეყნის პრობლემა, გარდა განათლების პოლიტიკისა, რომელიც უკვე რამდენი წელია სტაგნაციაშია, არის ის, რომ განათლების პოლიტიკა და საზოგადოებაც ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებულად უჭირთ. მაგალითად, რეგიონიდან თბილისში რომ ჩამოდის სტუდენტი, მას საცხოვრებელი ჭირდება, სტუდენტური დასაქმება და რას სთავაზობს განათლების სისტემა? - ამბობს განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი, - როდესაც STEM-ის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, ბუნებისმეტყველების დარგების სწავლებას, თუნდაც სკოლაში, გაცილებით მეტი ფული სჭირდება, ვიდრე სხვა საგნებს. აქ მხოლოდ ფურცელი და კალამი არ არის საკმარისი. საჭიროა სხვადასხვა ნივთიერებები, აღჭურვილობა, რაც იაფი არაა“.
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხიც. ბევრმა ისაუბრა სტიგმაზე და იმაზეც, რომ მკურნალობა ხელმისაწვდომი არაა.
„სტუდენტებისგან გამიგია, რომ განსაკუთრებით სწავლების პირველ წელს აქვთ ფსიქიკური პრობლემები, დეპრესია, ვერ ეგუებიან გარემოს. ამ დროს არც უნივერსიტეტში და არც სხვაგან არ არის ისეთი სერვისი, რომ ადამიანი მივიდეს და დაეხმაროს. მკურნალობაც ხომ ძვირია. რამდენადაც ვიცი, ერთი სეანსი 80 ლარი ღირს. ერთ წელში დეპრესია შეიძლება თავისით გავიდეს, მაგრამ ეს მთლად კარგი არ არის. როდესაც მკურნალობის გარეშე გადის დეპრესია, შემდეგ შეიძლება ისევ დაემართოს და ვერც მიხვდეს, რა სჭირს“, - ამბობს თამარ მოსიაშვილი.
გაეროს ბავშვთა ფონდი მიიჩნევს, რომ აუცილებელია როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების განვითარება, განსაკუთრებით რეგიონებსა და ყველაზე დაუცველ ჯგუფებში. უნდა შემუშავდეს ციფრული სწავლების პლატფორმები, რომ მოსწავლეებმა დისტანციურად სწავლა შეძლონ. მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ ეთნიკურ უმცირესობებს. ასევე უნდა ამაღლდეს ცნობიერება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.
ფორუმი