დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა (აწ უკვე ყოფილმა), ქრისტინა ლაკერბაიამ მრგვალ მაგიდასთან განაცხადა, რომ არ სჭირდებათ ის რუსი ტურისტები, რომლებიც აფხაზეთში 300 რუბლით ჩამოდიან და არაფრის ყიდვის თავი არა აქვთ.
„ასეთი ტურისტი სასტუმროში რიგში ჩადგება, რომ წყალი ან წვენი მისცენ, მაგრამ ქუჩაში არაფერს იყიდის. მოდიან, რომ მაპატიეთ და, „დოშირაკი“ (სწრაფი მომზადების სუპი) იყიდონ. ჩვენ კი გვინდა, რომ სუვენირები შეიძინონ, ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ასეთი ტურისტი არ გვჭირდება“, - თქვა ლაკერბაიამ.
მალევე ტურიზმის დე ფაქტო მინისტრმა ასტამურ ლოგუამ დე ფაქტო პრეზიდენტთან ბადრა გუნბასთან შეხვედრისას თქვა, რომ „ლაკერბაია, რომელმაც თავს უფლება მისცა ისეთი რამ ეთქვა, რასაც საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა, თანამდებობიდან გათავისუფლდა“.
გუნბამაც დასძინა, რომ სტუმრებზე ასე არ უნდა ილაპარაკო.
„მე, ისევე, როგორც აფხაზეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, აღშფოთებულები ვარ სამინისტროს თანამშრომლის ამ განცხადებით ჩვენი სტუმრების მიმართ. აუცილებლობად მიმაჩნია, იმ სიტუაციაზე რეაგირება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს ლახავს“.
ლაკერბაიას ამ განცხადებამ ინტერნეტი ააფეთქა, ძირითადად რუსები გამოეხმაურნენ. კომენტარებში ისინი წერდნენ, რომ აფხაზეთში მხოლოდ ბუნებაა კარგი, მომსახურება კი არ ვარგა, ამიტომაც მდიდარი ტურისტი იქ არ მიდის. ბევრმა ისიც წამოაძახა, რომ აფხაზეთს „რუსეთი ინახავს“: „ჩვენ კი გვინდა, რომ ქვეყანას თქვენი ფულით ინახავდეთ“, „ვიყავი და მეორედ არ ჩავალ“, „რომ იმუშაონ, არა?!“, „ზარმაცები“, „მდიდარ ტურისტს აფხაზეთი რა ჭირად უნდა?“, „ჩვენი ხალხი ახლაღა აღიქვამს, რა თვალით უყურებენ აფხაზეთში. საჭირო იყო ასე სახეში მიეხალათ“, „კარგად დაფიქრდით, სანამ იქ დასასველებლად წახვალთ. მერწმუნეთ, არ გამოგივათ დასვენება. შეიცოდეთ საკუთარი თავი. პატივი ეცით საკუთარ თავს ბოლოს და ბოლოს“, „გაუთიშეთ აფხაზეთს ელექტროენერგია!“...
ბევრი ამდაგვარი კომენტარისა და გაშარჟებული ვიდეოების შემდეგ, რომლებზეც რუსები „დოშირაკითა“ და 300 რუბლით ჩანან, ვიდეოების ჩაწერა ადგილობრივებმაც დაიწყეს.
„კი, ქალმა თავისი აზრი გამოთქვა, ალბათ უკვე თვითონაც ინანა. ყველა ასე არ ფიქრობს… ჩამოდით ჩემთან გინდა „დოშირაკით“, გინდა ტომარა კარტოფილით“, - მიმართავს პოტენციურ ტურისტებს ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი.
კიდევ ერთი ადგილობრივი ზღვასთან მოგროვებულ ნაგავს ვიდეოთი აჩვენებს და ამბობს, „აი, ეს არის მთელი სარგებელი ამ „დოშირაკისგან“. სანაგვე აგერ დგას 30 მეტრში და მთელ პლაჟზე ზოგზოგიერთების საყვარელი „დოშირაკია“ მოფენილი, კიდევ ლუდის ბოთლები. სანაგვემდე ვერ მოუღწევიათ და ჩვენ გვემდურებიან კომენტარებში, ავები ხართ, მასპინძლობა არ იცითო“.
აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჯერ მხოლოდ იწყება. ვარაუდობენ, რომ წელს უფრო მეტი დამსვენებელი ჩავა, რადგან სოხუმის აეროპორტი, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, ისევ ამოქმედდა და რუსეთთან რეისებიც დანიშნა. აქტუალური თემაა ომის შედეგად დაბინძურებული შავი ზღვის კურორტებიც. აფხაზეთში ირწმუნებიან, რომ მათ სანაპირომდე მაზუთს არ მიუღწევია და წყალი სუფთაა.
სინამდვილეში როგორია ოკუპირებული ტერიტორიის ტურისტული პოტენციალი?
ადგილობრივი მედიაორგანიზაცია „აფსნიპრესი“ წერს, რომ 2023 წელს აფხაზეთს 1,4 მილიონი ტურისტი სტუმრობდა, აქედან 562 400 ერთი დღით იყო ჩამოსული.
„იმ ობიექტების რაოდენობა, რომლებშიც ტურისტები იყვნენ გადანაწილებული არის 1025. საწოლების რაოდენობამ ომამდელ პერიოდს გადააჭარბა. ახლა 46 275 საწოლია, საბჭოთა დროს კი იყო - 34 498“, - განაცხადა 2023 წელს ტურიზმის მაშინდელმა მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ.
აფხაზეთის შესახებ ხშირად აკეთებენ ვლოგებს იქ ჩასული მოგზაურები, ბლოგერები, ტუროპერატორები, მათი უმეტესობა რუსეთიდანაა.
„მე კატია ვარ და ეს არის ჩემი არხი „იქ რატომ ვიყავი“, რომელიც რუსეთსა და არა მარტო, მოგზაურობას ეხება. დღეს აფხაზეთში ჩამოვედი, სულიერების ქვეყანაში, სადაც ზღვა მთებს ხვდება და სადაც იმასაც კი უჩნდება ნოსტალგია, ვინც სსრკ-ში არასდროს უცხოვრია… აქ მოდიან სუფთა ზღვისთვის, სუფთა ჰაერისთვის, ნანგრევების ესთეტიკის შესაგრძნობად და კიდევ იმიტომ, რომ სიიაფეა“, - ჰყვება კატია თავის ვლოგში.
მეორე ვიდეოში ვლოგერი მეტსახელით „ცხელი სიმინდი“ ამბობს, რომ აფხაზეთის ზღვის სისუფთავე უფრო მითია, ვიდრე რეალობა, რადგან წყალშიც და სანაპიროზეც უამრავ პლასტმასის ნივთს და ნაგავს ნახავთ. კადრებში მართლაც ჩანს, რომ წყალში ტოტები დაცურავს და არც სანაპიროა მოკრიალებული.
ბლოგერები ფასებზეც ჰყვებიან: ჩაი 100 რუბლი ღირს (3.45 ლარი), ყავა 200 რუბლი, კოკა-კოლა 150 რუბლი, ტუალეტში შესვლა 30 რუბლი, არწივთან ფოტოს გადაღება - 1500 რუბლი.
აფხაზეთში დასვენების მსურველს ბინის დაჯავშნა ინტერნეტითაც შეუძლია. საიტები ბევრი არ არის და ძირითადად - რუსული. ამ საიტების მიმოხილვით ირკვევა, რომ, მაგალითად, სოხუმში ერთკვირიანი დასვენება ორ ადამიანს საშუალოდ 570 – 1300 ათასი ლარი უჯდება. პირობები საშუალოა. ფოტოების მიხედვით, ხშირად გაუგებარია, აქვს თუ არა ოთახს ცალკე აბაზანა ან მომსახურებაში საუზმე თუ შედის. არის უფრო ძვირიანი ბინებიც.
„ეს ბაზარი მთლიანად არის ჩამოკიდებული რუსეთზე. იმის გამო, რომ არაღიარებულია, იქ არცერთი ბრენდი არ შედის. ტურისტების 60-70 პროცენტი კერძო სექტორში რჩება, სახლებში, სადაც პირობები ევროპულ სტანდარტებს ვერც კი უახლოვდება. წყლით მომარაგების პრობლემაა, სისუფთავის, ინტერნეტის მიწოდების. ძველი საბჭოთა სასტუმროები სარეაბილიტაციოა. რამდენიმე ახალი სასტუმრო ააშენეს გაგრაში, მაგრამ ისინიც შორსაა იდეალურისგან. მართლაც იქ ისინი ჩადიან, ვინც უცხოეთსა და ყირიმში ვერ მიდის“, - ამბობს ტურიზმის ექსპერტი თემურ დიასამიძე.
ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი თემა იყო „აპარტამენტების“ კანონი, რომელსაც ფაქტობრივად გადაჰყვა კიდეც წინა დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია. ამ კანონს, აფხაზეთის აღმოსავლეთით არარეზიდენტებისთვის, მათ შორის რუსებისთვის ბინების აშენებისა და ყიდვის საშუალება უნდა მიეცა. კანონი ვერ მიიღეს, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა მის წინააღმდეგ მასობრივად გამოვიდა ქუჩაში.
თემურ დიასამიძე ამბობს, რომ „აპარტამენტების“ კანონი ადგილობრივებს ტურიზმისგან მოგების მიღებას გაურთულებდა, მით უფრო, რომ ეს ბიზნესი იქ ნაწილობრივ ისედაც რუსების ხელშია.
„ადგილობრივები ხვდებიან, რომ ისინი შეიძლება ჩამოსულებმა ჩაანაცვლონ და ამას ებრძვიან. ისიც ბევრს აღიზიანებს, რომ რუსეთიდან ჩამოსულ ტუროპერატორებს აფხაზეთი მოხსენიებული აქვთ, როგორც რუსეთი ან როგორც „კრასნოდარის მხარე“... ერთ ბაზარზე ჩამოკიდება ამას იწვევს. რუსეთი მინიმალურ ფულს ხარჯავს და როგორც კი რამე არ მოსწონს, ყველა გზას გიკეტავს, მაგალითად, გითიშავს ელექტროენერგიას“, - განმარტავს თემურ დიასამიძე და ამბობს, რომ ახლა მსგავსი სიტუაციაა ბათუმშიც, სადაც დამსვენებელსა და ოპერატორებს შორის ბევრი რუსეთიდანაა. - „აჭარაშიც ადგილობრივებმა შესაძლოა მალე უფრო ნაკლები შემოსავალი მიიღონ, ვიდრე წინა წლებში იღებდნენ“ .
ფორუმი