Astoria Grande-ს ოფიციალურ საიტზე წერია, რომ 2026 წლის 4 მარტიდან 26 მაისის ჩათვლით გემს კრუიზი აქვს დაგეგმილი და ბილეთები აქედანვე იჯავშნება. ტურისტები სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს ნახვასაც შეძლებენ - გემი აპრილში ბათუმში გაჩერდება.
„ორი დღის განმავლობაში ეს თბილი და კოლორიტული ქალაქი სტუმრებს აჩუქებს საქართველოს სამხრეთის ავთენტურ ატმოსფეროს, მდიდარ გასტრონომიულ კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებთან ზიარებას“, - რეკლამას უწევს „ასტორია“ თავის კრუიზს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში „ასტორიიდან“ განცხადება ჯერ არ შესულა. თუმცა საკრუიზო გემებს შეუძლიათ, მასპინძელი ქვეყანა მის წყლებში შესვლამდე ორიოდე დღით ადრე ჩააყენონ საქმის კურსში. თუ გემი კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, მაგალითად, სანქცირებულია, სააგენტოს შეუძლია პორტში შესვლაზე უარი უთხრას.
„პრობლემა ის არის, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირები ღრმავდება, თან საკრუიზო გემებს ამ მხრივ არანაირი ფული არ შემოაქვთ, შემოვლენ და გავლენ“, - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მელაშვილი.
ორი წლის წინ, ზაფხულში „ასტორიას“ ბათუმში შესვლას სკანდალი მოჰყვა. მაშინ საკრუიზო გემის ბორტზე პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი მუსიკოსები და არტისტებიც იყვნენ. მათ შორის, უკრაინის მიერ სანქცირებული მიტია ფომინი, Hi-Fi-ის ყოფილი სოლისტი, ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფი „Те100стерон“ („ტესტოსტერონი“), რომელიც ძმებმა ვალერი და ანდრეი ბირბიჩაძეებმა დააარსეს.
გემს ბათუმში აქციით დახვდნენ.
„მე 2008 წელს ჩემი სამშობლოს დასაცავად ვიბრძოდი. და ეს, რაც ვნახე, უკვე მეტისმეტი იყო - ასეთი დემონსტრაციული, კრუიზული „გულაობის“ მოწყობა ბათუმში ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან მაშინ, როდესაც ჩვენი ძმები, დები თავიანთი მშობლების, ოჯახის წევრების თუ თანამებრძოლების სასაფლაოებზე ვერ გადადიან ჩვენივე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს თავგასულობაა არა მარტო მტრის მხრიდან, არამედ მათი მხრიდანაც, ვისთვისაც ეს გემი და მისი აქ მოსვლა მისაღებია“, - უთხრა მაშინ რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ხალხი რუს ტურისტებს რომ ვერ მიახლოებოდა, პოლიციამ პორტთან მისასვლელი დილიდანვე რკინის ჯებირებით გადაღობა. მგზავრები ბათუმში გავიდნენ მიკროავტობუსებით, რომლებსაც აქციის მონაწილეები კვერცხებსა და ბოთლებს ესროდნენ. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო მაშინ 23 ადამიანი დააკავეს.
ფორუმი