Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული „არქტიკული ბრიგადა“  უკრაინაში ბელარუსის გავლით


ბელარუსის კავშირგაბმულობის 56-ე ცალკეული პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი პაველ ჩაიკა მინსკის მახლობლად ოზერიშჩეს სადგურზე ხვდება რუსეთის მე-200 ცალკეულ მოტომსროლელთა  ბრიგადის წევრებს. 2025 წლის 30 აპრილი.
ბელარუსის კავშირგაბმულობის 56-ე ცალკეული პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი პაველ ჩაიკა მინსკის მახლობლად ოზერიშჩეს სადგურზე ხვდება რუსეთის მე-200 ცალკეულ მოტომსროლელთა  ბრიგადის წევრებს. 2025 წლის 30 აპრილი.

რუსეთი მთელ თავის ძალისხმევას მიმართავს უკრაინისაკენ, რის დასტურადაც გამოდგება ე.წ. ელიტური მე-200 ბრიგადა, რომელიც ჩრდილოეთის ფლოტის ატომური წყალქვეშა ნავების დაცვისა და ნატოდან მომავალი საფრთხის შეკავების ნაცვლად, ბელარუსსა და უკრაინაშია გადასროლილი.

2025 წლის 9 მაისს მინსკში გამართულ სამხედრო აღლუმზე გამოჩნდა მურმანსკის ოლქის დაბა პეჩენგაში დისლოცირებული რუსეთის ერთ-ერთი ელიტური სამხედრო ფორმირების, მოტომსროლელთა მე-200 ბრიგადის ტექნიკა. 2022 წელს ბრიგადა მონაწილეობდა ხარკოვის მისადგომებთან გამართულ ბრძოლებში, სადაც მან მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. ახლა ეს დანაყოფი კვლავ ყურადღების ცენტრშია თავისი ტექნიკით, რომელიც შესაძლოა, ბელარუსში რუსულ ბირთვულ ინფრასტრუქტურასთან იყოს დაკავშირებული.

რა არის ცნობილი ამ ბრიგადის მინსკში გადასროლის შესახებ და რა კითხვებს ბადებს ეს სიახლე? - ვითარებაში გარკვევა სცადა რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა.

2015 წლის შემდეგ პირველად, მინსკში გამართულ 9 მაისის აღლუმზე რუსული არმია წარმოდგენილი იყო არა სამხედრო მოსამსახურეთა ქვეითი კოლონით, არამედ მექანიზებული ქვედანაყოფით. ამასთან აღჭურვილობა იმ ჯგუფმა ჩამოიტანა, რომელიც ასევე იცავს რუსეთის ატომურ ფლოტს ნორვეგიის საზღვართან.

ბელარუსის სახელმწიფო მედიის ოფიციალური პუბლიკაციების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ 2025 წლის 30 მარტს, ბელარუსში შესაძლოა შეტანილ იქნა „ლინზას“ და „სპარტაკის“ ტიპის სულ მცირე 21 ჯავშანმანქანა. სწორედ ეს რაოდენობა მონაწილეობდა მინსკის ლიპკის აეროდრომზე გამართულ აღლუმის რეპეტიციებში. მართალია 9 მაისის აღლუმის ტრანსლირების კადრებში მხოლოდ თორმეტი ასეთი მანქანა მოხვდა, მაგრამ „ბელარუსის რკინიგზის მუშაკთა საზოგადოების“ ცნობით, რუსეთიდან შეტანილი ჯავშანავტომობილების რაოდენობა შესაძლოა, 21-ზე მეტიც კია.

კოლაჟი. ზემოთ - "ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, 2025 წლის 30 აპრილს ჯავშანტექნიკის გადმოტვირთვის პროცესია დაფიქსირებული. ქვემოთ - „ლინზას“ და „სპარტაკის“ მსგავსი ჯავშანტექნიკის ფოტოები მინსკის მახლობლად, ლიპკის საწვრთნელ პოლიგონზე აღლუმის რეპეტიციაზე.
კოლაჟი. ზემოთ - "ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, 2025 წლის 30 აპრილს ჯავშანტექნიკის გადმოტვირთვის პროცესია დაფიქსირებული. ქვემოთ - „ლინზას“ და „სპარტაკის“ მსგავსი ჯავშანტექნიკის ფოტოები მინსკის მახლობლად, ლიპკის საწვრთნელ პოლიგონზე აღლუმის რეპეტიციაზე.

ჯავშანტექნიკის სანომრე ნიშნები შეიცავენ კოდს, რომელსაც სამხედრო ექსპერტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ სამმართველოს მიაწერენ. სწორედ ეს სამმართველოა პასუხისმგებელი ბირთვული იარაღის შენახვაზე, ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობაზე, ასევე პასუხისმგებელია მათი შენახვის უსაფრთხოებაზე. დირექტორატის შემადგენლობაში ასევე შედის სპეციალური კონტროლის სამსახური, რომელიც თვალყურს ადევნებს სხვა ქვეყნებში გამართულ ბირთვულ გამოცდებს.

რუსეთის მე-200 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ექსკურსიაზე მინსკის ცენტრში, 2025 წლის 13 აპრილი
რუსეთის მე-200 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ექსკურსიაზე მინსკის ცენტრში, 2025 წლის 13 აპრილი

ჯავშანმანქანებთან ერთად მინსკის მახლობლად, ოზერიშჩეს სადგურში ჩავიდა რუსი სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფიც. შეხვედრის კადრებში ჩანს, რომ სამხედროებს უკეთიათ რუსეთის შეიარაღებული ძალების პეჩენგის მე-200 ცალკეული გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადის შევრონები და, რომ მათ მასპინძლობას უწევს ურუჩიეში ბაზირებული ბელარუსის მეკავშირეთა 56-ე პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი პაველ ჩაიკა.

ბელარუსის კავშირგაბმულობის 56-ე ცალკეული პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი პაველ ჩაიკა მინსკის მახლობლად ოზერიშჩეს სადგურზე ხვდება რუსეთის მე-200 ცალკეულ მოტომსროლელთა ბრიგადის წევრებს. 2025 წლის 30 აპრილი.
ბელარუსის კავშირგაბმულობის 56-ე ცალკეული პოლკის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი პაველ ჩაიკა მინსკის მახლობლად ოზერიშჩეს სადგურზე ხვდება რუსეთის მე-200 ცალკეულ მოტომსროლელთა ბრიგადის წევრებს. 2025 წლის 30 აპრილი.

მე-200 ბრიგადა დისლოცირებულია პატარა სამხედრო ქალაქ პეჩენგაში, რომელიც მდებარეობს მურმანსკის რეგიონის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, ნორვეგიის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. ბრიგადა იმყოფება რუსეთის ოთხი საზღვაო ფლოტიდან უდიდესის, ჩრდილოეთის ფლოტის სანაპირო ძალების შემადგენლობაში. თავის მხრივ, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ბირთვს წარმოადგენს როგორც წყალქვეშა ნავები სარაკეტო და სარაკეტო-სატორპედო შეიარაღებით, ასევე ავიამზიდები, ნავსაწინააღმდეგო ხომალდები და წყალქვეშა ნავებისგან დამცავი ავიაცია. ფლოტის შტაბ-ბინა მდებარეობს სევერომორსკში.

მე-200 ბრიგადის ტაქტიკური წვრთნები პეჩენგაში, რუსეთში
მე-200 ბრიგადის ტაქტიკური წვრთნები პეჩენგაში, რუსეთში

მე-200 ბრიგადა მიეკუთვნება ლენინგრადის სამხედრო ოლქს, რომელიც შეიქმნა 2024 წლის 1 მარტს - ფინეთის ნატოში გაწევრიანებიდან ერთი წლის შემდეგ. ოლქის დასავლეთ საზღვარი წარმოადგენს რუსეთის ყველაზე გრძელ საზღვარს ნატოს ქვეყნებთან. აქ განლაგებულ ჯარებს შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან ნორვეგიას, ფინეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და პოლონეთს.

ბელარუსის „რკინიგზის მუშაკთა საზოგადოების“ ცნობით, 9 მაისის აღლუმის წინ შესაძლოა ბელარუსში ჩავიდა რკინიგზის ორი შემადგენლობა, რომლებიც მურმანსკის ოლქში მდებარე ლუოსტარის სადგურში დაიტვირთნენ. საუბარია რუსეთის სამხედრო ნაწილ N08275-ზე (მე-200 ცალკეული გვარდიის ბრიგადა) და ბელარუსის სამხედრო ნაწილ N29766-ზე (ტილზიტის 56-ე კავშირგაბმულობის ცალკეული პოლკი). ერთ-ერთი ეშელონი ნამდვილად შევიდა მინსკის მახლობლად მდებარე ოზერიშჩეს სადგურში, მეორის ბედი კი უცნობია. ბელარუსის რკინიგზის მუშაკთა საზოგადოების მონაცემებით, რუსეთიდან ბელარუსში სულ გაიგზავნა ტექნიკით დატვირთული 28 სატვირთო პლატფორმა.

მილიტარიზებული ნახევარკუნძული

ლუოსტარის რკინიგზის სადგური, საიდანაც ბელარუსში ჩავიდა სამხედრო აღჭურვილობა და ჯავშანტექნიკა, მდებარეობს კოლის ნახევარკუნძულზე, მე-200 ბრიგადის ბაზიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით. სამხედრო მიმომხილველთა თქმით, ეს ადგილი უკიდურესად მილიტარიზებულია. აქ განლაგებულია რამდენიმე ათეული რუსული სამხედრო ნაწილი, ასევე საწყობები და ბუნკერები, რომლებშიც რუსეთი ინახავს ტაქტიკურ და სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი ტერიტორიების, მათ შორის მთელი ქალაქების განადგურება. კოლის ნახევარკუნძულის მახლობლად ყინულოვან წყლებშია განლაგებული ატომური წყალქვეშა ნავები, ხოლო ჩრდილოეთ ფლოტის რამდენიმე საზღვაო და საავიაციო ბაზა განთავსებულია ყურეებში.

ცივი ომიდან მოყოლებული ამ არქტიკულ არსენალს იცავდა ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი რუსული სამხედრო ნაწილი - პეჩენგის მე-200 ცალკეული მოტომსროლელთა ბრიგადა, ვიდრე მისი სამხედრო მოსამსახურეები 2022 წელს უკრაინაში არ გაგზავნეს და თითქმის მთლიანად არ გაანადგურეს.

ომი უკრაინაში

კრემლი ხშირად იყენებდა მე-200 ბრიგადას „პრიორიტეტული“ ამოცანების შესასრულებლად. სხვადასხვა ცნობით, მისი ოფიცრები სირიაშიც იმყოფებოდნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად, Bellingcat-ის გამოძიებამ კი აჩვენა, რომ ბრიგადა 2014 წელს ფარულად იბრძოდა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.

გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ მე-200 ბრიგადა პირველივე დღეებიდან მონაწილეობდა უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრაში და თითქმის მთლიანად იქნა განადგურებული. ჟურნალისტების თქმით, ბრიგადამ სერიოზული დანაკარგები განიცადა ხარკოვის იერიშის დროს.

ხარკოვის მახლობლად განადგურებული რუსეთის მე-200 მოტომსროლელთა ბრიგადის კოლონა. ყვითელი ვარსკვლავები აღნიშნავენ ჩრდილოეთ ფლოტის სახმელეთო ძალების ტექნიკას (Conflict Intelligence Team-ის ინფორმაცია)
ხარკოვის მახლობლად განადგურებული რუსეთის მე-200 მოტომსროლელთა ბრიგადის კოლონა. ყვითელი ვარსკვლავები აღნიშნავენ ჩრდილოეთ ფლოტის სახმელეთო ძალების ტექნიკას (Conflict Intelligence Team-ის ინფორმაცია)

2022 წლის მარტის დასაწყისში ერთ-ერთი ასეთი იერიშის მცდელობის დროს, რუსეთის მე-200 ბრიგადამ ბრძოლის ველზე დაახლოებით 30 საბრძოლო მანქანა დატოვა, მათ შორის საწვავით სავსე ცისტერნები და ახალი ტანკები. უკრაინის 93-ე მექანიზებული ბრიგადის პრესსამსახურის ცნობით, რომელიც იმ დროს ბრძოლაში შევიდა, რუსი ჯარისკაცები უბრალოდ გაიქცნენ, რადგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდნენ.

„ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტების მიერ გაანალიზებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ 2022 წლის გაზაფხულის ბოლოსთვის, ომში გაგზავნილი ბრიგადის 1400 ჯარისკაციდან მხოლოდ 900 იყო ცოცხალი. ბრიგადის ყველაზე მოწინავე აღჭურვილობის უმეტესობა, მათ შორის მობილური სარაკეტო სისტემები და თანამედროვე Т-80БВМ ტანკები, ან განადგურდა, ან მოწინააღმდეგემ ჩაიგდო ხელში.

უკრაინელი სამხედრო ხარკოვის მახლობლად განადგურებულ რუსეთის მე-200 მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო ტექნიკასთან, 2022 წლის მარტის დასაწყისში.
უკრაინელი სამხედრო ხარკოვის მახლობლად განადგურებულ რუსეთის მე-200 მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო ტექნიკასთან, 2022 წლის მარტის დასაწყისში.

„ვაშინგტონ პოსტი“ ციტირებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელ მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის, რომელიც ჯერ კიევის დაცვას, მოგვიანებით კი ხარკოვის შეტევით ოპერაციას ხელმძღვანელობდა: „ის, რაც მათ შესახებ უნდა იცოდეთ: ისინი ძალიან კარგად გარბიან“.

დიდი დანაკარგების შემდეგ, 2022 წლის ზაფხულში ბრიგადამ დაიწყო მოხალისეებით (ყოფილი სამხედროებით, მობილიზებულებით) შევსებული „შერეული“ ჯგუფების გაგზავნა უკრაინაში. ამჟამად ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები იბრძვიან რუსეთის ჯარების „სამხრეთის“ ჯგუფში დონეცკ-ლუგანსკის მიმართულებით.

ნორვეგიული სამხედრო ანალიტიკური გამოცემის, The Barents Observer-ის რედაქტორი, ტომას ნილსენი, რომელიც აკვირდება კოლის ნახევარკუნძულზე რუსეთის სამხედრო ყოფნას და ნორვეგიისთვის პოტენციურ საფრთხეებს, ამბობს, რომ მე-200 ბრიგადამ ძალები ჯერაც ვერ აღიდგინა.

ტომას ნილსენი
ტომას ნილსენი

„პეჩენგას რაიონში დარჩენილია ძალიან ცოტა სამხედრო ტექნიკაა, მათ შორის ტანკები", - განმარტავს ნილსენი, – "მე-200 ბრიგადას სამხედრო ქალაქის გარეთ აქვს ტექნიკის რამდენიმე საწყობი, რომლებშიც ინახებოდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ბევრი ჯავშანმანქანა. ჩვენი დაკვირვებით, 2024 წლის ზაფხულში დაიწყო ამ მანქანების უკრაინაში გაგზავნაც. ამავდროულად, ბრიგადამ მიიღო რამდენიმე ახალი ტანკი, სავარაუდოდ, T-90. საუბარია ამ ტანკების ძალიან მცირე რაოდენობაზე, შესაძლოა ათზე, რომლებსაც ისინი ამჟამად ძირითადად წვრთნებისა და დემონსტრაციებისთვის იყენებენ. ეს ტანკები სპეციალურად აღჭურვილია არქტიკულ პირობებში (ყინვასა და თოვლში) სამუშაოდ. თუმცა მთლიანობაში ჩრდილოეთში დისლოცირებული მე-200 ბრიგადის ნაწილები დღეს ძალიან ცუდად არის აღჭურვილი“.

რაც შეეხება პირად შემადგენლობას, თომას ნილსენი ამბობს, რომ სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობა არცთუ ისე კარგად არის მომზადებული. მისი თქმით, ისინი გადიან ორიდან სამ თვემდე ხანმოკლე საწვრთნელ მომზადებას, შემდეგ კი პირდაპირ უკრაინის ფრონტზე იგზავნებიან.

სად გადაისვრიან "სპარტაკსა" და "ლინზას"?

რუსეთის არმია ჯავშანმანქანებს „სპარტაკსა“ და განსაკუთრებით „ლინზას“ დღემდე იშვიათად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამას ამტკიცებენ რუსული სამხედრო Telegram-არხებიც. ზოგჯერ ისინი უკმაყოფილებასაც კი გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ასეთი ტექნიკას იყენებენ აღლუმებში მაშინ, როცა „მათი ყოფნა ფრონტის ხაზზეა საჭირო“.

9 მაისის აღლუმის რეპეტიცია მინსკის მახლობლად, ლიპკის აეროდრომზე. „სპარტაკი“ და „ლინზა“ დაფარული ნომრებით. SB.BY-ს ფოტო - ბელარუსი დღეს, 2025 წლის 3 აპრილი
9 მაისის აღლუმის რეპეტიცია მინსკის მახლობლად, ლიპკის აეროდრომზე. „სპარტაკი“ და „ლინზა“ დაფარული ნომრებით. SB.BY-ს ფოტო - ბელარუსი დღეს, 2025 წლის 3 აპრილი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსში აღმოჩენილი ჯავშანტექნიკა, რომელთა უმეტესობა აღლუმში არ მონაწილეობდა, დაბრუნდება მურმანსკის ოლქში, რომელიც მინსკიდან დაახლოებით 2000 კილომეტრითაა დაშორებული.

ამ მანქანების სანომრე ნიშნების სავარაუდო კუთვნილება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ სამმართველოსთან და ხელისუფლების განცხადებები, ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ, შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ამ საბრძოლო მანქანების დიდი ნაწილი სწორედაც რომ ბელარუსში დარჩება.

რადიო თავისუფლება იუწყებოდა, თუ რამდენად სწრაფად აშენებს ბელარუსის ხელისუფლება სამხედრო ინფრასტრუქტურას მოგილიოვის ოლქის ქალაქ ოსიპოვიჩთან, სადაც, სავარაუდოდ, რუსული ბირთვული იარაღის საცავი განთავსდება. თავად ოსიპოვიჩში შენდება ახალი ანგარები სამხედრო ტექნიკისათვის, საწყობები და საცხოვრებელი სახლები სამხედრო მოსამსახურეებისთვის; აქვეა განლაგებული „ისკანდერის“ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემები, რომლებსაც ამ ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლიათ. რადიო თავისუფლების მიერ ადრე გამოკითხული ყველა სამხედრო ექსპერტი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ თუ ბელარუსში ბირთვულ იარაღს შეიტანდნენ, მასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის შესრულება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარი სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეებს მოუწევდათ. ამიტომ ასეთი ამოცანების გათვალისწინებით, ლოგიკურად მოჩანს ამ ტექნიკისა და აღჭურვილობის ბელარუსში გადასროლა.

9 მაისის აღლუმის რეპეტიცია მინსკის მახლობლად, ლიპკის აეროდრომზე. „სპარტაკი“ და „ლინზა“ დაფარული ნომრებით. SB.BY-ს ფოტო - ბელარუსი დღეს, 2025 წლის 3 აპრილი
9 მაისის აღლუმის რეპეტიცია მინსკის მახლობლად, ლიპკის აეროდრომზე. „სპარტაკი“ და „ლინზა“ დაფარული ნომრებით. SB.BY-ს ფოტო - ბელარუსი დღეს, 2025 წლის 3 აპრილი

The Barents Observer-ის რედაქტორ ტომას ნილსენის თქმით, მას არ სმენია, რომ მე-200 მოტომსროლელთა ბრიგადის ჯარისკაცები ბირთვულ იარაღს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარ სამმართველოსთან ერთად იცავენ: „ეს ჩემთვის სიახლეა. ჩრდილოეთში, რამდენადაც მე ვიცი, ისინი არც ბირთვულ ობიექტებს იცავდნენ და არც რამე სახის ბირთვულ წვრთნებში არ მონაწილეობდნენ“.

თუმცა ნილსენი იმასაც დასძენს, რომ ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ, რადგან ისინი იცავენ ბუფერულ ზონას რუსეთის სამხედრო-საზღვაო (მათ შორის, ატომურ წყალქვეშა ნავების) ბაზებსა და ნატოს შორის.

2025 წლის 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმზე ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დაზუსტების გარეშე აღნიშნა, რომ ბელარუსმა შეიძინა „სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის ახალი მოდელები“.

გარდა ამისა, ტომას ნილსენის თქმით, ბელარუსში გადასროლილი ჯავშანტექნიკა შესაძლოა დატოვონ მინსკში შემოდგომისათვის დაგეგმილ ბელარუსულ-რუსულ წვრთნებში („დასავლეთი-2025“) მონაწილეობისთვის:

„მე-200 ბრიგადას ადრეც გაუგზავნია აღჭურვილობა ასეთ დიდ დისტანციებზე. ასე იყო 2021 წლის ზაფხულში სამხრეთ რუსეთში დაგეგმილი მასშტაბური წვრთნების წინ, როცა ტექნიკა მურმანსკის ოლქიდან გაიგზავნა. იგივე მოხდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების წინაც. შესაძლოა, ისინი ემზადებიან ერთობლივი წვრთნებისთვის „დასავლეთი - 2025“. ასე რომ, თუ რუსული ტექნიკა მინსკში იყო 9 მაისის აღლუმის დროს, სავარაუდოდ, ის ახლაც ამ ტერიტორიაზე რჩება“.

ასევე არსებობს ალბათობა, რომ ჯავშანტექნიკა აღლუმიდან გაუშვან საბრძოლო მოქმედებებში, ბელარუსი კი ამ მარშრუტში უბრალოდ სატრანზიტო პუნქტი იყოს. რადიო თავისუფლებამ სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ ქსელებზე დაკვირვებით მე-200 ბრიგადის მიერ უკრაინაში ასეთი ჯავშანტექნიკის გამოყენების რამდენიმე დადასტურებას მიაკვლია.

რუსეთის მე-200 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ჯავშანმანქანის („სპარტაკი“) ფონზე, სადგური ოზერიშჩე, მინსკის მახლობლად. სქრინშოტი ვიდეოდან, რომელიც გამოქვეყნდა „ლენინგრადის სამხედრო ოლქის გვარდიის მე-200 ბრიგადის“ Telegram არხზე.
რუსეთის მე-200 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ჯავშანმანქანის („სპარტაკი“) ფონზე, სადგური ოზერიშჩე, მინსკის მახლობლად. სქრინშოტი ვიდეოდან, რომელიც გამოქვეყნდა „ლენინგრადის სამხედრო ოლქის გვარდიის მე-200 ბრიგადის“ Telegram არხზე.

რუსეთის სამხედრო ტელეგრამ-არხები იმასაც იხსენებენ, რომ 2025 წლის იანვარში, ასეთივე ჯავშანავტომობილები, რომლებიც, სავარაუდოდ, ეკუთვნოდა ე.წ. „აფრიკულ კორპუსს“, შენიშნეს მალიში სამხედრო ტექნიკის მასშტაბური გადასროლის დროს. „აფრიკული კორპუსი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ფორმირებაა, რომელიც ძირითადად „ვაგნერის“ მებრძოლებისგან შედგება. ერთ-ერთ რუსულ საიტზე, რომელიც დაქირავებული ჯარისკაცების რეკრუტირებას ეწევა, ნათქვამია, რომ „აფრიკული კორპუსის“ სამხედრო მოსამსახურეები გათანაბრებული არიან სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებთან და სარგებლობენ მსგავსი პრივილეგიებითა და შეღავათებით. კორპუსის ოფიციალური მიზანია „აფრიკაში რუსეთის სამხედრო ყოფნის კოორდინაცია“.

ტომას ნილსენი განიხილავს რეგიონში ძალთა გეოპოლიტიკურ ბალანსს, ჩრდილოეთში რუსეთის სამხედრო ძალების დასუსტების გათვალისწინებით.

„ჩრდილოეთით ვლადიმირ პუტინს დიდად არ ეშინია ნატოსი. ასე რომ არ იყოს, რუსეთი არ გაიყვანდა მოტომსროლელთა მე-200 ბრიგადის პირად შემადგენლობას და ტექნიკას. მათი მთავარი ამოცანა ხომ ნორვეგიის მოსაზღვრე რაიონებში ნატოსგან რუსეთის დაცვაა, მე-200 ბრიგადა კი, რბილად რომ ვთქვათ, მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინაში ომის გამო.

2022 წლის თებერვალში ბრიგადის ათასობით ჯარისკაცი გაგზავნეს პირველ იერიშებში. დიდი დანაკარგების მიუხედავად, ბრიგადა დღემდე გზავნის ჯარისკაცებს უკრაინის ფრონტზე. ვფიქრობ, მინსკში მათი გამოჩენა ერთგვარი სიგნალია დამკვირვებლებისთვის, რომ ისინი აძლიერებენ თავიანთ სამხედრო საყრდენ პუნქტებს ნატოს საზღვართან, უპირველეს ყოვლისა, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან. გაიხსენეთ სერგეი ლავროვის ბოლოდროინდელი მუქარის შემცველი განცხადება, რომ ლიეტუვა სახელმწიფო არ არის. იმავეს ამბობდა პუტინი უკრაინაზე და ა.შ. ამ თამაშში ბელარუსს რუსეთის საყრდენი პუნქტის როლი აქვს“, - ამბობს ტომას ნილსენი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG