Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაწუნებული მაძებრები - როგორ ტოვებენ მონადირეები ძაღლებს მინდორში


ცხოველთა უფლებების დამცველები დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ პრობლემის გადაჭრას ორი რამე სჭირდება - გამართული კანონმდებლობა და მისი აღსრულება.

საქართველოში ნადირობის სეზონია, თუმცა ცხოველების უფლებადამცველები ამ პერიოდს „ძაღლების მიტოვების სეზონს“ ეძახიან. შემოდგომის დაწყებიდან, გაზაფხულამდე მონადირეები, დაგეშილ ძაღლებს, რომლებიც „არ გამოადგათ“ გზებსა და ტყეებში ტოვებენ.

„სრულიად უმნიშვნელო მიზეზის გამო შეიძლება თავისივე გაზრდილი ძაღლი ისეთ ადგილას მიატოვონ, სადაც ვერ გადარჩება. მე ორი მონადირე ძაღლი მყავს გადარჩენილი, ერთი ზრდასრული პოინტერი და მეორე პოინტერის ლეკვი, რომელიც თავის „დასთან“ ერთად ვიპოვე ტრასაზე“, - ამბობს თიკო კვალიაშვილი, ცხოველთა უფლებების დამცველი.

პოინტერების გარდა ტოვებენ დრათჰაარს, ინგლისურ და ირლანდიურ სეტერებს, გერმანულ კურცჰაარს. ძაღლებს ყველგან ტოვებენ, თუმცა ყველაზე მეტს იქ, სადაც ნადირობენ - კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში.

„რომ ნახოთ, რა პირობებში ჰყავთ ძაღლების უმეტესობა, რაში ცვლიან და ყიდიან, შოკში ჩავარდებით. მონადირეები თავად ამრავლებენ, უნდათ აქციონ მონადირე ძაღლად, რომელიც მის მოთხოვნებს შეასრულებს. როდესაც ძაღლი ამას არ აკეთებს, იცილებენ. მათთვის ძაღლი მეგობარი არ არის, ეს არის არსება, რომელიც უნდა ემსახუროს. პატრონიანი მონადირე ძაღლებიც კი ქუჩაში დადიან გაძვალტყავებულები, სანაგვე ურნებთან“, - ამბობს თიკო კვალიაშვილი.

„სოფელ მუხრანის მახლობლად ნაპოვნია ორი მონადირე ძაღლი“

„ინგლისური სეტერი - N297 ავტობუსშია. იქნებ, ეძებენ“ - ასეთი განცხადებები ქვეყნდება სხვადასხვა ჯგუფში, სადაც დაკარგული და მიუსაფარი ცხოველების შესახებ ერთმანეთს ამბებს უზიარებენ.

თემურ ცხვედაძე მონადირეა და ძაღლებსაც წვრთნის. ამბობს, რომ ნამდვილი მონადირე, რომელსაც ბუნება უყვარს, ძაღლს მინდორში არ მიატოვებს, მაგრამ არიან უპასუხისმგებლო მონადირეებიც, რომელთაც ძაღლი მთელი წელი სახლში ჰყავთ დაბმული და მინდორში მხოლოდ ნადირობის სეზონზე გაჰყავთ. გაუწვრთნელი ძაღლი თოფის ხმაზე ფრთხება და გარბის. მას აღარ ეძებენ და იქვე ტოვებენ.

„ასეთი ხალხისთვის მთავარია, ხორცი მიიტანონ სახლში და შეჭამონ. მიაბამენ ხეზე ამ ძაღლს, ან ვოლიერში გამოამწყვდევენ და ნადირობის სეზონი რომ დაიწყება, მაშინ ახსენდებათ.

თოფის გასროლისთვის ძაღლი ლეკვობიდან უნდა მოამზადო. ესენი კიდევ წავლენ 5-6 ძმაკაცი, სხვა ძაღლებსაც წაიყვანენ, ატყდება ომი, უბედურება. ამ საწყალ, დაუგეშავ ლეკვსაც, თოფის ხმა რომ პირველად გაიგო, ეშინია. პატრონებიც იმას კი აღარ ფიქრობენ, სიტუაცია როგორ გამოასწორონ, მინდორში ტოვებენ, სახლში ბრუნდებიან და მერე ახალი ლეკვი აჰყავთ, რომ შემდეგ ისიც მინდორში დატოვონ. მანქანა ვერ გამიჩერებია მინდორში, ხან საიდან მოვა მიტოვებული ძაღლი, ხან საიდან“, - ამბობს თემურ ცხვედაძე. მას თავის ფეისბუკ-გვერდზე ვიდეოებიც უდევს, სადაც აჩვენებს, თუ როგორ უნდა მიაჩვიო ძაღლი თოფის ხმას.

მონადირე ძაღლების საერთაშორისო ექსპერტი დავით სამუშია ამბობს, რომ ძაღლი შესაძლოა გაწვრთნილიც იყოს, მაგრამ თუ ლეკვობიდან არ მიიჩვიე და მხოლოდ სეზონის წინ იყიდე, ნადირობისას შეიძლება მაინც გაიქცეს და დაიკარგოს.

„არის ძაღლები, რომლებსაც გენეტიკურად აქვთ გასროლის შიში. ასეთ ძაღლები არ უნდა გამრავლდეს. ახლა სახელმწიფო არ აკონტროლებს გამრავლების პროცესს. ეს მხოლოდ კინოლოგიურ ორგანიზაციებზეა მინდობილი. საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციაში არის ორი კლუბი, სადაც გამრავლების წინ ძაღლები სამონადირეო ტესტს გადიან იმაზე, თუ რამდენად აქვთ ნადირობისთვის საჭირო თვისებები. თუ ძაღლს სროლის ხმის ეშინია, დიდი ალბათობით მის ლეკვსაც შეეშინდება. საქართველოში ძალიან ბევრი ძაღლი მრავლდება ასე, შემოწმების გარეშე“, - ამბობს დავით სამუშია.

ცხოველთა უფლებების დამცველები დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ პრობლემის გადაჭრას ორი რამე სჭირდება - გამართული კანონმდებლობა და მისი აღსრულება. პარლამენტში ახლა მუშაობენ კანონზე შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ. თუმცა, აქტივისტები სკეპტიკურად არიან განწყობილი - ის უკონტროლო გამრავლებას ვერ შეაჩერებს, თუნდაც იმის გამო, რომ დოკუმენტი არ განსაზღვრავს, რომელი ძაღლების გამრავლების უფლება უნდა ჰქონდეთ პატრონებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG