შეზღუდვა, რომელიც დაჩქარებული წესით შემოიღო „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, ამოქმედებულია.
გადაღება შესაძლებელია მხოლოდ ეზოს გარეთ.
ეზოში, სასამართლოს დერეფნებსა და სხდომათა დარბაზებში, ყველაფერი აიკრძალა - ერთადერთი, რაც იქ დამსწრე ჟურნალისტებს შეუძლიათ, მოსმენილის და ნანახის წერაა სასამართლო სხდომების პარალელურად - ჟურნალისტებს შეუძლიათ სხდომაზე შეიტანონ ფურცელი და კალამი, კომპიუტერი და ტელეფონი. ოღონდ ტელეფონს გადასაღებად ვერ გამოიყენებენ.
მეტიც: გაუქმდა კანონით გარანტირებული უფლება, რომლის ძალითაც სასამართლოს შენობაში მობილური ტელეფონის, კომპიუტერის და ჩამწერი ტექნიკის ჩამორთმევა დაუშვებელი იყო.
დილის ათის ნახევარია, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ არც ტელეკამერები და არც ფოტორეპორტიორები ჩანან. ჭიშკარი ღიაა. ჟურნალისტების მოწმობებით, ეზოშიც და შენობაშიც შევედით. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პროევროპული აქციების მონაწილეთა გახმაურებული პროცესი 11 საათზე უნდა დაიწყოს.
სხდომის დაწყების დრო რომ მოახლოვდა, ეზოში "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი გამოჩნდა. ისინი სასამართლოს შესასვლელ კართან მივიდნენ და ის იყო, ვიდეოკამერებით შიგნით უნდა შესულიყვნენ, რომ რამდენიმე მანდატური გამოვიდა და ოპერატორები უკან გააბრუნეს.
„ხომ იცით, რომ დღეიდან ვეღარ გადაიღებთ, დატოვეთ ტერიტორია“ - ეუბნებოდნენ ისინი გადამღები ჯგუფის წევრებს და თან ჭიშკრისკენ უბიძგებდნენ.
ეს იყო პირველი და ბოლო გადამღები ჯგუფი, რომელიც 30 ივნისს, სასამართლოს ტერიტორიაზე შევიდა.
ერთი შესასვლელი ჭიშკარი მანდატურებმა სწორედ ამ დროს ჩაკეტეს. ოპერატორები ეზოს გარეთ გაუშვეს და უთხრეს, თუ გინდათ, მანდედან გადაიღეთო.
საქალაქო სასამართლოს მთავარ ჭიშკართან მანდატურები ჩადგნენ.
„თქვენ იყავით, არავინ გიშლით“, - გვითხრეს ჟურნალისტებს.
გარეთ ჟურნალისტებმა იმატეს. რამდენიმე მათგანი, ვინც ფოტოკამერით შესვლა სცადა, ისევ უკან გამოაბრუნეს.
„მაინც ველოდი, რომ დღეს შეგვიშვებდნენ, რადგან როგორც ძველი, ისე ახალი წესით, პროცესის გადაღების განცხადება დავწერე“, - გვითხრა „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორმა, მინდია გაბაძემ, რომელიც თვეებია იღებს აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების პროცესებს. ის ცდილობდა მანდატურებისთვის აეხსნა, რომ მოთხოვნა - ფოტოგადაღებაზე დაწერილი ჰქონდა, თუმცა მასაც იმავეს პასუხობდნენ, რასაც სხვებს - არავითარი კამერა.
სასამართლოს ეზოში არც ტელეფონით ვიდეო ან ფოტოგადაღების უფლებას გვაძლევდნენ.
ყველა კომენტარი, რომელიც ორშაბათს, 30 ივნისს, სხდომის დაწყების წინ, ადვოკატებმა თუ დაკავებულების ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს მისცეს, სასამართლოს ეზოს გარეთ ჩაიწერა.
ამ ადგილას, მზისგულზე დააყენეს ოპერატორები თავიანთი კამერებითა და შტატივებით - იქ ჩამოსაჯდომიც კი არ არის. ამ ადგილიდან სასამართლოს შესასვლელი კარიც კი არ ჩანს.
რადიო თავისუფლების რეპორტიორმა, სალომე ჩადუნელმა, რომელიც თვეებია დემონსტრანტების სასამართლო პროცესებს აშუქებს, მათ შორის რეალურ დროშიც, საქალაქო სასამართლოს პრეს-ცენტრშიც დარეკა იმის გასარკვევად, როგორ შეეძლოთ ჟურნალისტებს გადაღების უფლების მოპოვება. უპასუხეს, რომ ამას სასამართლო აღარ წყვეტს.
ახალი წესებით:
მხოლოდ სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია - ვიდეო, ფოტო, თუ აუდიოჩაწერა, ასევე ტრანსლაციის უფლებას გასცემს არა მოსამართლე, არამედ იუსტიციის საბჭო.
სალომე ჩადუნელი სასამართლო სხდომაზე შევიდა და იქ არსებული ვითარების თხრობა ლაივბლოგის საშუალებით გააგრძელა რადიო თავისუფლების ფეისბუკგვერდზე.
მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა კიდეც, როგორ აშუქებდნენ სასამართლო სხდომებს დღევანდლამდე ჟურნალისტები და რას ვეღარ გააკეთებენ ახალი წესების პირობებში. და ეს არ არის სრული ჩამონათვალი, რასაც მედია ვეღარ შეძლებს. სალომე ჩადუნელი წერს:
1. ვერ ვიღებთ მოწმე პოლიციელების ფოტოებს, ანუ ვერ ვიმახსოვრებთ მათ სახეებს. დაკავებულებს, მათ ოჯახებსა და მათი არავერბალური კომუნიკაციის ასახვას რომ თავი დავანებოთ.
2. კადრზე ვერ ავსახავთ მათ ჩვენებებს, კომუნიკაციის ფორმას, ჟესტიკულაციას, საუბრის სტილს, მიმართვის ფორმებს, ადვოკატებისა და მოწმეების კითხვა-პასუხს, ბრალდებულების გამოსვლებს, მოსამართლეების გადაწყვეტილებებს.
უფრო მეტად რომ ეჩქარათ, საზოგადოებრივი ადვოკატების იმ ცნობილ და ხმაურიან სხდომასაც ვერ გავაშუქებდით კადრით, თორემ სიტყვას ვინ დააკავეს. ისიც იციან, კითხვა არ უყვარს ბევრს, ეზარებათ, ვიდეოს ეპოქაა, ვიდეო „ვარდება".
3. ჟურნალისტებს აღარ მიეცემათ საშუალება დაკითხვის დასრულების შემდეგ გაჰყვნენ მოწმეებს და დამატებითი კითხვები დაუსვან. ვეღარც მათი „დაცვის სამსახურის“ წევრ პოლიციელებს გადავიღებთ.
4. ვეღარ ვიწერთ ხმას, რომელსაც მხოლოდ იმისთვის ვიწერდით, რომ შემდეგ მოგვესმინა და 100%-იანი სიზუსტით მოგვეწოდებინა სხდომაზე თქმული.
5. თუ ტელეფონს კამერად გამოიყენებ - რასაც ონლაინმედია ხშირად ვაკეთებთ და ამიტომ გადავიღეთ დარბაზებში თუ მის გარეთ ხელჩართული ჩხუბიც და დამტვრეული ტრიბუნებიც - ან პირდაპირ სხდომიდან გაგაგდებენ, ან ჩემი 99%-იანი ვარაუდით ჩამოგართმევენ. ჩამორთმევის აკრძალვა ხომ კანონიდან ამოღებულია.
6. ეზოშიც აღარ უნდათ მედია, ეზოს გარეთ შლაგბაუმთან დაგვაბანაკეს. ასე დავდივართ წინ და უკან...
7. ამ კვირაში მინიმუმ ორ საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება, ვერ გადავიღებთ...
დღის მეორე ნახევარში, ჟურნალისტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეიკრიბნენ, სადაც საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა.
მათ სურდათ, იუსტიციის საბჭოს წევრებისგან მოესმინათ, როგორ იმუშავებს სასამართლოში მედია და როგორი წესი იქნება დღეიდან შემოღებული, თუმცა ჟურნალისტები არც შენობაში შეუშვეს და უთხრეს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები მედიასთან დამატებითი კომენტარის გასაკეთებლად გარეთ არ გამოვიდოდნენ.
30 ივნისს სასამართლო სხდომები არც თავად "სასამართლოს უფლებამოსილ პირს" გადაუღია და შესაბამისად, არც პროცესის ვიდეო ან ფოტოკადრები გავრცელებულა. მედიისათვის ჯერჯერობით ბუნდოვანია ისიც, თუ ვინც არის "სასამართლოს უფლებამოსილი პირი".
ფორუმი