რუსეთის ოპოზიციის გარდაცვლილ ლიდერს, ალექსეი ნავალნის, ეკუთვნის ცნობილი განცხადება, რომ უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული, რომელსაც 2014 წლიდან რუსეთი აკონტროლებს, არ არის „ლორის სენდვიჩი“, რომლის ერთმანეთისთვის გადაცემა არის შესაძლებელი.
მისი ბედი კვლავ კითხვის ქვეშ დგას აქტიური დიპლომატიის ფონზე, რომლის მიზანია, დაასრულოს რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრა.
15 აგვისტოს ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყირიმის „დაბრუნება“ შეუძლებელია.
მოსკოვი ასევე ამტკიცებს, რომ ყირიმის სტატუსი გადაწყვეტილია და ის ცდილობს, რომ აღიარონ ნახევარკუნძულის ანექსია. ანექსია მოხდა 2014 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ ფართოდ დაგმო როგორც ფარსი.
ისტორიულად ნახევარკუნძულის კუთვნილება ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იცვლებოდა. რუსეთის იმპერიამ ყირიმის სახანოს ანექსია ოფიციალურად ეკატერინე დიდის დროს მოახდინა 1783 წელს.
როდესაც 1917 წელს დაიშალა რუსეთის იმპერია, გამოცხადდა ყირიმის სახალხო რესპუბლიკა, რომელსაც გრძელი დღე არ ეწერა - ის მალევე დაამხეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალებმა, რომლებსაც ძირითადად ბოლშევიკები აკონტროლებდნენ.
პირველი მსოფლიო ომის, რუსეთის სამოქალაქო ომისა და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ომის მსვლელობისას ყირიმს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ სხვადასხვა ძალები: საფრანგეთისა და საბერძნეთის მოკავშირეთა ჯარები, ასევე წითელი არმია და თეთრგვარდიელები. საბოლოოდ, 1920 წლის ნოემბერში, ის ბოლშევიკების წითელმა ძალებმა დაიპყრეს.
გარდა გერმანიის მიერ ოკუპაციის პერიოდისა, ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩა 1954 წლამდე, სანამ საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი მას უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას გადასცემდა.
საბჭოთა კავშირის დაშლა და რეფერენდუმები
ძირითადად ეთნიკური რუსებით დასახლებული ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში დარჩა, როდესაც ამ უკანასკნელმა 1991 წელს სსრკ-სგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.
1991 წლის დეკემბერში უკრაინის დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმში მონაწილე ყირიმელების უმნიშვნელო უმრავლესობამ - რეგიონში 54%-მა და ცალკე მართულ ქალაქ სევასტოპოლში 57%-მა - უკრაინის სსრკ-სგან დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
1994 წელს ჩატარებულ რეფერენდუმში ყირიმელების უმრავლესობამ ხმა მისცა რამდენიმე ზომას, მათ შორის ნახევარკუნძულისთვის უკრაინის ფარგლებში უფრო ფართო ავტონომიას და მოსახლეობისთვის ორმაგი, რუსეთ-უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებას.
თუმცა, ეს ზომები არ განხორციელებულა, რადგან უკრაინის პარლამენტის ზედა პალატამ გააუქმა ყირიმის კონსტიტუცია და ყირიმის პრეზიდენტის თანამდებობა. ახალი კონსტიტუცია 1999 წელს ამოქმედდა.
ყირიმში, რომელიც უკრაინის ნაწილი იყო, კვლავ რჩებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, მისი შტაბ-ბინა სევასტოპოლში იყო, ხოლო რუსეთი ობიექტებს იჯარით იღებდა. საიჯარო ხელშეკრულების პირობების თანახმად, რუსეთმა იკისრა ვალდებულება, რომ „პატივს სცემდა უკრაინის სუვერენიტეტს, მის კანონმდებლობას და არ დაუშვებდა უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევას“.
ამის მიუხედავად, ფლოტის ჯარებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ნახევარკუნძულის სამხედრო გზით აღებაში 2014 წლის თებერვალში, რის შემდეგაც რუსეთმა ჩაატარა რეფერენდუმი, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკანონოდ გამოაცხადა. რუსეთმა ნახევარკუნძულის ოფიციალური ანექსია 2014 წლის მარტში გამოაცხადა, რამაც საერთაშორისო დაგმობა და სანქციები გამოიწვია.
ანექსიის შემდეგ რუსეთი ამტკიცებს, რომ ყირიმის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება. როგორც იტყობინებიან, ახლახან პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ უკრაინაში მისი შეჭრის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმება სხვა მოთხოვნებთან ერთად დამოკიდებული იქნება ხელში ჩაგდებული ტერიტორიების აღიარებაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ უკრაინა კანონიერად არ აღიარებს ნახევარკუნძულზე რუსეთის კონტროლს და რომ ქვეყნის კონსტიტუცია ტერიტორიის დათმობის უფლებას იძლევა მხოლოდ საყოველთაო რეფერენდუმის გზით. ტრამპმა წელს განაცხადა, რომ „არავინ ითხოვს ზელენსკისგან ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას“.
მეორე მხრივ, შეერთებული შტატები შეიძლება გახდეს პირველი - და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ერთადერთი - დასავლური ქვეყანა, რომელიც ამას გააკეთებს პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. ანონიმური წყაროები მიუთითებენ, რომ ტრამპის ამჟამინდელი ადმინისტრაცია შესაძლოა ღია იყოს ამ ნაბიჯისთვის და თავად ტრამპმა თავისი პირველი ვადის განმავლობაში, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, თქვა, რომ ის ამ საკითხს არ მოხსნის დღის წესრიგიდან.