ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია. კაცი ბრალს არ აღიარებს.
25 წლის გალინა ნოზაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს (სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“ პუნქტები), რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა 12 ნოემბრის ღამეს ახალსოფელში
25 წლის გალინა თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში, სამ მცირეწლოვან შვილთან, ქმართან და დედამთილ-მამამთილთან ერთად, დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრ სახლში ცხოვრობდა.
სახლში მხოლოდ ერთი ოთახია. 12 ნოემბრის შუაღამეს ქმარმა ცოლს სწორედ ამ ოთახში წაუკიდა ცეცხლი. საქმის მასალების თანახმად, ამ მომენტს შეესწრო ქალის სამივე შვილი და მამამთილი.
112-ში გალინას დედამთილმა, მზია გიუაშვილმა დარეკა. საქმის მასალებში დევს 112-ის ოპერატორთან საუბრის აუდიო ჩანაწერი, სადაც ქალი ამბობს:
„სასწრაფო მინდა რა. პაჟარი წაგვეკიდა და გოგო დაიწვა. სასწრაფო მინდა. სახლში შიგნით წაეკიდა და გოგო დაიწვა“...
არც მას და არც მის ქმარ-შვილს არ უთქვამთ, რა მოხდა.
პროკურორი ნათია კიკალია ამბობს, რომ ქალის დამწვრობის ნამდვილი მიზეზი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ, 13 ნოემბერს გაირკვა. ბრალდებულიც მაშინ დააკავეს:
„[ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერით] დადასტურდა, რომ 2024 წელის 12 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათსა და 25 წუთზე, თემურ ყარალაშვილმა ცეცხლი წაუკიდა მეუღლეს. ფარული საგამოძიებო მოქმედება მას შემდეგ ჩატარდა, რაც მამა-შვილი უარყოფდნენ თემურ ყარალაშვილის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას, თითქოს მათ არ იცოდნენ, როგორ დაიწვა გალინა ნოზაძე“, - თქვა პროკურორმა სასამართლო სხდომაზე.
სწორედ ამის შემდეგ აღიარა ბრალდებულის მამამ, გურამ ყარალაშვილმა, რომ რძლის დაწვის მომენტს შეესწრო (გურამ ყარალაშვილი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა).
ამონარიდი გურამ ყარალაშვილის გამოკითხვის ოქმიდან:
„23 საათსა და 10 წუთზე გამაღვიძა ჩხუბის ხმამ. დავინახე, ოთახში, კართან იდგა ჩემი შვილი და ცოლს ეჩხუბებოდა, აგინებდა დედას. როცა გალინამ ოთახიდან გასვლა დააპირა და ზურგით შეტრიალდა, თემურმა აიღო ოთახის კართან მდგარი ერთლიტრიანი ბოთლი, რომელშიც ესხა დიზელი (ღუმლის ასანთებად ვიყენებთ). ჩემმა შვილმა ხელი მოუჭირა ბოთლს და საწვავი ბეჭებზე შეასხა გალინას. ამის შემდეგ, სანთებელა აანთო და ბეჭებზე მიუკიდა ცეცხლი.
ქალს ცეცხლი მოეკიდა ჯერ ზურგზე და შემდეგ მთელ სხეულზე. ამის დანახვისთანავე წამოვდექი საწოლიდან და დავუძახე თემურს, რას შვრები-მეთქი. გალინამ ორივე ხელი აიფარა სახეზე, რომ ცეცხლი სახეზეც არ მოსდებოდა და თან დახმარებას ითხოვდა განწირული ხმით. გალინას 2-3 წუთის განმავლობაში ეკიდა ცეცხლი. ამის შემდეგ, ჩემმა შვილმა აიღო ქურთუკი და მიაფარა ზურგზე“.
საქმეში დევს გალინას დედამთილის, მზია გიუაშვილის გამოკითხვის ოქმიც. მისი მტკიცებით, იმ მომენტში, როდესაც ქალს ცეცხლი წაეკიდა, ეზოში იყო გასული და მან მხოლოდ ეს დაინახა: „გალინა გამოიქცა სახლიდან, რომელსაც ცეცხლი ეკიდა, იქვე წაიქცა და ჩემმა შვილმა ქურთუკი დააფარა“.
იმ ღამის შემდეგ გალინამ თითქმის ერთი თვე იცოცხლა. მას სხეულის 53%-ის მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა. ამ ერთი თვის განმავლობაში იყო გონზე, თუმცა ლაპარაკი უჭირდა.
სანახავად მისულ დედას, ასმათ მეტრეველს მხოლოდ ეს უთხრა: „მამაც და შვილიც დასაჭერები არიან“. ამ საუბრიდან 4 დღეში, 10 დეკემბერს, 25 წლის გალინა თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში, პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა, რისი მიზეზიც მძიმე დამწვრობა იყო.
რას არ ამბობდნენ გალინას გარშემომყოფები?
გამოკითხვის ოქმების მიხედვით, რომლებიც გალინა ნოზაძის მკვლელობის მრავალტომიან საქმეში დევს, ქალი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.
ამის შესახებ იცოდნენ და ამის თვითმხილველნი იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები, ისე მეზობლები.
ამონარიდები მოწმეების ჩვენებებიდან
„თემურმა გალინას წიხლი ჩაარტყა სახეში, რის გამოც გალინას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა“.
„გალინას ხშირად უყვიროდა მამამთილიც, აგინებდა. პირადადაც შევესწარი 2024 წლის ოქტომბერში, როგორ ესროლა რძალს ქვაბი, რომელიც ბეჭებში მოხვდა, გალინამ ტირილი დაიწყო“.
„გალინა იყო მშვიდი, წყნარი ადამიანი, რომელიც ოჯახის ყველა საქმეს თვითონ აკეთებდა, უვლიდა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ღორებს, უვლიდა ბავშვებს, ყველა საქმეს გალინა აკეთებდა. თავადაც შევსწრებივარ, როგორ აგინებდნენ და შეურაცხყოფდნენ გალინას. 2024 წლის ივნისში ვიყავით თემურის ეზოში. სახლის წინ, ბალახზე ვქეიფობდით. ქეიფის დროს თემურმა გალინას უთხრა, რომ მისთვის „ნასკები“ მოეტანა. გალინამ მოუტანა, თუმცა ისინი დაუწუნა, რატომ სხვა არ მომიტანეო და აუშარდა. თემური წამოდგა ფეხზე, დედა შეაგინა გალინას, გაშლილი ხელი მოუქნია და სახეში გაარტყა. გალინამ ტირილი დაიწყო“.
გალინა რომ ძალადობის მსხვერპლი იყო იცოდა მისმა დედამ, ასმათ მეტრეველმაც. მას ახლა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი აქვს.
ამონარიდი ასმათ მეტრეველის ჩვენებიდან, რომელიც პროკურორმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში წაიკითხა:
„2024 წელს ის შეესწრო თემურ ყარალაშვილის მიერ გალინა ნოზაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, გალინამ დედას უთხრა, რომ ქმარი მას ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ურტყამდა წიხლებს მუცელში, თუმცა ამ ფაქტის გახმაურება გალინას არ სურდა, არ უნდოდა, რომ თემურს ბავშვებისთვის და მისთვის რაიმე უფრო მეტი დაეშავებინა“.
ასმათ მეტრეველი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ძალადობის გახმაურება „შვილის თხოვნით“ არ სურდა.
„ძალიან უჭირდა ამ თემაზე ლაპარაკი. ჩაკეტილი იყო. დრო და დრო რაღაც-რაღაცებს ამბობდა. კითხვა რომ დამისვამს, როგორ ხარ? მპასუხობდა, კარგად ვიქნები, შენ არ ინერვიულოო. რომ ჩავეკითხებოდი ხოლმე, რა მოხდა? მპასუხობდა, არაფერი ისეთი, ცუდად მექცევიან.
ვერანაირ რეაქციას ვერ მოვახდენდი, რადგან გალინა ცდილობდა, რომ არ გაეხმოვანებინა ეს ამბავი. როდესაც შვილი იმას გთხოვს, რომ ნუ იტყვი, დედა, გთხოვ, არავინ გაიგოს, როგორ უნდა მოვქცეულიყავი? ტელეფონიც წაურთმევია და დაუმტვრევია, ესეც მას მერე გავიგე, რაც გარდაიცვალა. მანამდე მეუბნებოდა, გამიფუჭდაო“, - უყვება რადიო თავისუფლებას ასმათ მეტრეველი, რომელიც ითხოვს, რომ ბრალდებულს სასჯელის უმაღლესი ზომა - უვადო პატიმრობა მიესაჯოს.
რას ამბობს ბრალდებულის დაცვა
თემურ ყარალაშვილის ადვოკატმა რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრა. ბრალდებულის და დაცვის მხარის პოზიცია მან 5 მაისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე, საბოლოო სიტყვისას ჩამოაყალიბა.
სიტყვა კი ასე დაიწყო: „ეს არის ტრაგიკული ფაქტი, რომელსაც ზედმეტი დრამატიზება არ სჭირდება“.
ბრალდებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ თემურ ყარალაშვილს ცოლის მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია:
„ბრალდებულმა ცეცხლის აალების შემდეგ და აქ არ არის საუბარი 2-3 წუთზე, ცეცხლი თვითონვე ჩააქრო და შემთხვევის ადგილზე მყოფებს სთხოვა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება. ბრალდების შინაარსიდან ამოგლეჯილად იმის შეფასება, რომ რადგან მან საწვავი შეასხა, ამოძრავებდა მეუღლის მოკვლის განზრახვა, არასწორია, რადგან იმისათვის, რომ შეფასდეს განზრახვის არსებობა, იქ აუცილებლად უნდა იკვეთებოდეს შედეგის დადგომის გარდაუვალობის მომენტიც.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად ნათელია, რომ ბრალდებულმა, მას შემდეგ, რაც ცეცხლი აალდა, უმალვე მიიღო ზომები დაზარალებულის საშველად. ამავეს ადასტურებს მის ხელზე არსებული დაზიანება დამწვრობის სახით“.
ადვოკატი პროკურატურის წარდგენილ ბრალში არც გენდერული დისკრიმინაციის მოტივს ეთანხმება - ამ მოტივზე არცერთი მტკიცებულება არ მიანიშნებსო.
ადვოკატმა მიმართა მოსამართლე რეზო ნადოის, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, ზედმიწევნით შეაფასოს წარდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები. ასევე გაითვალისწინოს ისიც, რომ „ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, არასდროს ყოფილა მხილებული ოჯახურ დანაშაულში და არასდროს ყოფილა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი“.
გალინას სამი შვილი, 5 წლის ნინი, 3 წლის ნატალია და წლის და ცხრა თვის ნოდარი ახლა ბებიასთან, ასმათ მეტრეველთან იზრდებიან.
„ყოველ საღამოს დედის სურათს ითხოვენ, ტელეფონში ათვალიერებენ მის ფოტოებს. ეფერებიან. უძილობა აქვთ, შფოთვა“.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ასმათ მეტრეველის ინტერესებს იცავს ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“.
ორგანიზაციის იურისტი, გვანცა ჯოჯუა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ისინი, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველები, იზიარებენ ოჯახის პოზიციას, რომ ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯოს.
იურისტი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მოსამართლემ გაითვალისწინოს ბრალის კვალიფიკაცია, დანაშაულის გენდერული მოტივი:
„ასეთ საქმეებზე გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის მიღწევა, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, სასამართლოებში გვიჭირს ხოლმე. გვაქვს შემთხვევები, როდესაც პროკურატურა ამ მოტივს გამოკვეთს, თუმცა სასამართლო მას ამორიცხავს, რადგან, სამწუხაროდ, მოსამართლეებს ჯერ კიდევ არ აქვთ მგრძნობელობა და შესაბამისი სტანდარტი, რომ ეს მოტივიც დაადგინონ“, - ამბობს გვანცა ჯოჯუა.
ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც მოსამართლეებმა ფემიციდის საქმეში გენდერული შეუწყნარებლობის მოტივი არ დაადგინეს, ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. 2024 წლის 9 იანვარს მოკლული 27 წლის ქალის ოჯახი და პროკურატურა ამ საქმეში გენდერის ნიშნის დადგენას ითხოვდა, თუმცა ვერც საქალაქო და ვერც სააპელაციო სასამართლოებმა ფემიციდის ამ საქმეში გენდერის ნიშანი ვერ დაინახეს და ბრალდებულ კაცს, რომელმაც მძინარე ცოლს 19 ჭრილობა მიაყენა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გალინა ნოზაძის მკვლელობის საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, სავარაუდოდ, 21 მაისს დასრულდება. ბრალდებულს, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, სწორედ 21 მაისის სხდომაზე შეუძლია ისარგებლოს საბოლოო სიტყვით. ამის შემდეგ სასამართლო უკვე განაჩენის გამოსატანად გავა.
2025 წლის 2 აპრილიდან "ქართული ოცნების" ინიციატივით, საქართველოში მოქმედი 15 კანონიდან ამოღებული იქნა სიტყვა "გენდერი", ანუ ყველა იმ კანონიდან, სადაც კი აქამდე სიტყვა „გენდერი“ ეწერა. სიტყვა "გენდერი" ჩაანაცვლა სიტყვებმა „კაცი და ქალი“, „სქესი“. რაც შეეხება კონკრეტულად "გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობას", ეს ფრაზა სისხლის სამართლის კოდექსში ჩაანაცვლა ფრაზამ - „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობა".
2024 წელს მოკლული ქალები
- 9 იანვრის ღამეს თბილისში, ვარკეთილში მოკლა ქმარმა 27 წლის ქეთევან ედიბერიძე.
- რამდენიმე დღით ადრე, ახალი წლის ღამეს, ბათუმში ქმარმა მოკლა 36 წლის ირმა ბერიძე.
- 28 თებერვალს თბილისთან ახლოს, სოფელ წინუბანში, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილს 21 წლის ოთარ ცინდელიანმა 59 ჭრილობა მიაყენა დანით. პროკურორის თქმით, ბრალდებულის ინსტაგრამის მიმოწერები ქეთევან ჯავახიშვილთან ადასტურებს, რომ მას გოგო "მიაჩნდა საკუთრებად".
- 16 მაისს გარდაბანში 23 წლის კაცმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 29 წლის და: "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. ამის გამო 16 მაისს ბრალდებულმა დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- 22 მაისს გიორგი ფირაშვილმა ცოლი და ცოლის დედა რუსთავის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე, სახლისკენ მიმავალ გზაზე მოკლა. მათთან ერთად იმყოფებოდა მარიამ სოფრომაძისა და გიორგი ფირაშვილის ექვსი თვის შვილიც.
- 28 აგვისტოს ზვიად ზურაბაშვილმა კახეთში, საკუთარ სახლში იარაღიდან გასროლით მოკლა ცოლი, ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, ფიქრია ტუგულაშვილი. იმავე დღეს კაცმა მოკლა ორი მეგობარიც. ორი წლით ადრე, კაცმა ცოლს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები, რის გამოც ის სასჯელს საპატიმრო დაწესებულებაში იხდიდა. ზვიად ზურაბაშვილმა ცოლი ციხიდან გამოსვლიდან ერთ თვეში მოკლა.
- 12 ნოემბერს თემურ ყარალაშვილმა 25 წლის ცოლს, გალინა ნოზაძეს ცეცხლი წაუკიდა. ქალი 10 დეკემბერს გარდაიცვალა.
ფემიციდის სტატისტიკა
2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების 183 შემთხვევა აღინუსხა. მათგან 66 შემთხვევას ფემიციდის (გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობა) კვალიფიკაცია მიენიჭა.
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ფემიციდის 24 ფაქტი მოხდა. დაფიქსირდა 27 ქალის მკვლელობის მცდელობა.
2022 წელს სახალხო დამცველის აპარატმა ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის 29 საქმე გაანალიზა. აქედან 15 საქმე ეხებოდა ფემიციდს, 14 საქმე ფემიციდის მცდელობას.
ფემიციდისა და ფემიციდის ჩამდენი პირები უმეტესად ქმრები ან ყოფილი ქმრები არიან. ფემიციდის ჩადენის ძირითადი მოტივი გენდერული ნიშანია. ამ ანალიზის თანახმად, ქალებს უმეტესად საკუთარ სახლებში კლავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ სამ თვეში (იანვარი-მარტი), ქალთა მიმართ ძალადობის 217 შემთხვევა აღირიცხა. ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე 369-ჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.
რამდენიმე დღის წინ, პირველ მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალციხეში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის, ერთი ქალი იყო. ჟურნალისტები წერდნენ, რომ კაცმა ჯერ ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
*თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დარეკეთ ნომერზე 112 ან 116 006
ფორუმი