Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თუ მე მოვკალი, ჩემივე ხელით რატომ ვატარე მთელი სადარბაზო?“ - რა თქვა ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოზე


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თეკლა გერსამიას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თეკლა გერსამიას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის

22 წლის ქმრის, ლუკა გერსამიას მკვლელობაში ბრალდებულ ქალს, 25 წლის თეკლა გერსამიას, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ უარი თქვა ადვოკატის შეთავაზებაზე, აღკვეთის უფრო მსუბუქი ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენებაზე და ქალი მომდევნო ორი თვით, წინასასამართლო სხდომამდე, პატიმრობაში გაუშვა.

- ხო წამიყვან, დე? დედა, შენი იმედი მაქვს, გაიგე? - დაუძახა დარბაზში მჯდომ დედას ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა ქალმა, სანამ ბადრაგები ხელბორკილებს დაადებდნენ და სხდომათა დარბაზიდან გაიყვანდნენ.

თეკლა გერსამია ქმრის განზრახ მკვლელობის ბრალს არ აღიარებს. დეტალებზე, რა მოხდა 22 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას 93 ნომერში, არ ლაპარაკობს.

25 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მისმა ადვოკატმა, ნინო გიგაურმა თქვა: „...ყველამ იცოდა, რომ ამ ადამიანმა დანა თავად დაირტყა“.

ახალგაზრდა კაცის სიკვდილის დეტალებზე არ უსაუბრია არც საქმის პროკურორს, გია შაიშმელაშვილს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა 22 წლის ქმარი:

გია შაიშმელაშვილი, პროკურორი
გია შაიშმელაშვილი, პროკურორი

„თქვენს წინაშე წარმოდგენილია გოგონა, რომელმაც 25 წლის ასაკში, ბრალდების ხელთ არსებული ინფორმაციით, სიცოცხლის წინააღმდეგ განახორციელა ძალადობრივი ქმედება. ძალით მოუსპო სიცოცხლე 22 წლის ბიჭს“.

სხდომის გახსნამდე, ბრალდებულმა, მისმა ადვოკატმა და ოჯახის წევრებმა, მოსამართლეს თხოვნით მიმართეს, რომ ჟურნალისტებს დარბაზი დაეტოვებინათ, რადგან ადვოკატის თქმით, მათ არ სურდათ, საქმეში არსებული დეტალები „დარბაზს გარეთ გასულიყო“ და „მედიაში გავრცელებულიყო“. მათი მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

თეკლა გერსამიას დედა და ადვოკატი სასამართლოს ეზოში, 25 აგვისტო
თეკლა გერსამიას დედა და ადვოკატი სასამართლოს ეზოში, 25 აგვისტო

რა მოხდა ვაჟა-ფშაველას 93-ში?

სადარბაზოს შესასვლელი, 25 აგვისტო
სადარბაზოს შესასვლელი, 25 აგვისტო

ვაჟა-ფშაველას 93 ნომერში, იმ სადარბაზოში, სადაც 22 აგვისტოს, შუადღის პირველი საათისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა დანით დაჭრილი 22 წლის ლუკა გერსამია ნახეს, ისევ გდია ყვითელი ლენტი წარწერით - „პოლიცია, არ გადაკვეთოთ“.

შემთხვევის ადგილი, სადარბაზოს პირველი სართული, 25 აგვისტო
შემთხვევის ადგილი, სადარბაზოს პირველი სართული, 25 აგვისტო

მეოთხე სართული, სადაც ბრალდების მტკიცებით, მკვლელობა მოხდა, წყლითაა მორეცხილი.

საქმის მასალების მიხედვით, ცოლმა ქმარი მეოთხე სართულზე, სადარბაზოში დაჭრა, 25 აგვისტო
საქმის მასალების მიხედვით, ცოლმა ქმარი მეოთხე სართულზე, სადარბაზოში დაჭრა, 25 აგვისტო

ცოლ-ქმარი, თეკლა და ლუკა გერსამიები ამავე სადარბაზოში, მეექვსე სართულზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. კარი დალუქულია.

ბინის კარი, სადაც თეკლა და ლუკა გერსამიები ცხოვრობდნენ, 25 აგვისტო
ბინის კარი, სადაც თეკლა და ლუკა გერსამიები ცხოვრობდნენ, 25 აგვისტო

რა უძღოდა წინ ლუკა გერსამიას სიკვდილს, როგორ აღმოჩნდა ცოლ-ქმარი მეექვსე სართულიდან მეოთხე სართულზე, სადარბაზოს უჯრედში, ამის შესახებ 25 აგვისტოს გამართულ სხდომაზე არავის არაფერი უთქვამს.

წინა დღეებისგან განსხვავებით, კომენტარები მომხდარის დეტალების შესახებ აღარ გაუკეთებია არც ადვოკატსა და არც ბრალდებულის დედას.

24 აგვისტოს, ტვ პირველისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში, ბრალდებულის დედა ამბობდა, რომ 22 წლის ბიჭმა, თვითმკვლელობის მიზნით, თავად მიიყენა დანით დაზიანება:

„სადარბაზოში იყო და თვითონ ჩაირტყა ეს დანა და თეკლამ გამოაძრო დანა. მერე თეკლა გავარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული, რომ სასწრაფომდე ჩაეყვანა, მაგრამ ვეღარ ჩაიყვანა კიბეებზე, იმიტომ, რომ გაითიშა. გავარდა გარეთ, სასწრაფო მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა. გადარჩენას ცდილობდა“, - უთხრა ტვ პირველს ბრალდებულის დედამ.

თეკლა გერსამიას დედა ასევე ჰყვებოდა, რომ მისმა შვილმა ქმართან ხელი იძულებით მოაწერა:

"ეგენი ერთად არ ცხოვრობდნენ. ამ ბიჭს უყვარდა ძალიან და ცდილობდა, მასთან ერთად ყოფილიყო და თეკლა წინააღმდეგი იყო.

მერე ისე მოხდა, რომ ხელი მოაწერა, იმიტომ, რომ ამას [22 წლის ბიჭს] ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ვალები და რაღაცები... გვარის შეცვლა მინდაო, ასე ეუბნებოდა, იმიტომ, რომ თეკლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და პასპორტიც კი წაართვა თეკლას, იმიტომ, რომ არ გამეპაროო. სულ იმუქრებოდა, რომ თავს მოვიკლავო, ხელებს ისერავდა, რას აღარ შვრებოდა იმისთვის, რომ მანიპულაციით და ფსიქოლოგიურად ემოქმედა თეკლაზე".

შემთხვევის ადგილის, რვასართულიანი კორპუსის პირველი სართულის ნაწილი, ვაჟა-ფშაველას გამზირის მხრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს უკავია. სახლის სადარბაზოდან სასწრაფოს შესასვლელამდე, დაახლოებით 50 ნაბიჯია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, ვაჟა-ფშაველას 93
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, ვაჟა-ფშაველას 93

ის, რომ ბრალდებული ქალი მართლაც თავად მივიდა სასწრაფო დახმარების ცენტრში, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებენ სასწრაფოს ცენტრის თანამშრომლები. მეტ დეტალზე ისინი არ საუბრობენ.

რას ამბობს ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი?

25 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, თეკლა გერსამიამ თქვა, რომ გამოკითხვის ოქმს, რომლის შინაარსსაც ის არ ეთანხმება, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ მოაწერა ხელი.

თეკლა გერსამიას თქმით, ვაკე-საბურთალოს მეორე სამმართველოში, სადაც ის რამდენიმე საათის განმავლობაში, 4 წლის შვილთან ერთად, გამომძიებლებისა და პროკურორების გარემოცვაში იმყოფებოდა, ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა.

ბრალდებულმა ხელი გაიშვირა სასამართლო დარბაზში მყოფ პროკურორ გია შაიშმელაშვილისკენ და თქვა:

„ჩემს გარშემო იყო ათი ადამიანი, მათ შორის ეს ადამიანი, პროკურორი, მიმეორებდა, შენ ჩაიდინე, შენ დაჭერი, მოაწერე ოქმს ხელი და წახვალ შენს შვილთან. მე მყავს 4 წლის გოგო და იმ წუთას, რასაც მეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებდი. ბოლოშიც ვიმეორებ, ხომ გამიშვებთ სახლში, იმის გამო ვთქვი, რაც ვთქვი, რომ დავბრუნებულიყავი ჩემს შვილთან. ნახევარი არ მახსოვს, რაც მოვყევი. თუ მე ადამიანი განზრახ მოვკალი და ამაში მედება ბრალი, მაშინ ეს ადამიანი ჩემივე ხელით რატომ ვატარე მთელი სადარბაზო, რატომ მივიყვანე სასწრაფოში ჩემი ხელით?“, - ამბობს ბრალდებული.

„ერთ-ერთი თანამშრომელი „გაკოჭვით“ დაემუქრა“, - როგორ განვითარდა მოვლენები პოლიციაში?

ადვოკატმა ნინო გიგაურმა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილს ვრცლად მოუთხრო 22 აგვისტოს, ვაკე-საბურთალოს მეორე სამმართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ.

ადვოკატი ირწმუნება, რომ სამმართველოს „მორიგე თანამშრომელმა“ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და „ხელის კვრით“ ჩამოაცილა თეკლა გერსამიას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლებისთვის ცნობილი იყო, რომ ის თეკლა გერსამიას ადვოკატი იყო, მას ახალგაზრდა ქალთან შეხვედრის უფლება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მისცეს.

ადვოკატი ამბობს, რომ გამომძიებელმა ლაშა ჯუღელმა, პოლიციის შენობაში მყოფ ადვოკატს უთხრა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იწყებოდა. თუმცა, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, ამავე გამომძიებელმა ადვოკატი და დაკავებულის დედა მეორე სართულზე აიყვანა, სადაც მათ გამომძიებლებისგან შეიტყვეს, რომ თეკლა გერსამიამ ქმრის მკვლელობა აღიარა:

„მე და დედა აგვიყვანეს და გვითხრეს, რომ თეკლამ ყველაფერი აღიარა, ის, რასაც თეკლა ამბობს, ლოგიკაში არ ჯდებაო და ამიტომ ჯობია, ის რაც თეკლამ აღიარა, ასე დავტოვოთო. ჩვენც ვიცით, ეს პიროვნება რამდენჯერ არის ნასამართლევი, როგორი პიროვნებაა და თეკლაზე ძალადობდა ფიზიკურად, სიტყვიერად და ამიტომ, როგორც თავდაცვის მიზნით, აფექტში ჩადენილი მკვლელობა, ასე დავტოვოთო.

რა თქმა უნდა ამას არ დავეთანხმე, რადგან ყველამ, პირველივე წუთიდან იცოდა, რომ ამ ადამიანმა დანა დაირტყა... ჩვენება მიაცემინეს ჩემს გარეშე“, - ამბობს ადვოკატი და მოსამართლეს აღუწერს იმ სცენასა და დიალოგს, რომელიც მასა და დაკავებულს შორის, პოლიციის განყოფილებაში გაიმართა:

„როდესაც რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ შევხვდი თეკლას, მკითხა, სად ხარ აქამდე, ხომ მივდივართ სახლშიო. მე მას პირდაპირ ვუთხარი, ჩვენ სახლში არ მივდივართ, რადგან შენ ჩვენება მიეცი, სადაც აღიარებ, რომ მას დანა დაარტყი. თეკლა მიუტრიალდა იმ მყოფ ყველა თანამშრომელს და ეუბნება, თქვენ ხომ შემპირდით და მითხარით, რომ რასაც თქვენ მეტყოდით და რასაც ხელს მოვაწერდი, ამის შემდეგ ჩემს შვილთან გამიშვებდითო. რა თქმა უნდა, მის ამ სიტყვებს არავინ დაეთანხმა. თუმცა, თეკლამ ყველას სათითაოდ გაახსენა, ვინ რა უთხრა. ის აღიარებითი ჩვენება, რაც ჩვენ გვიდევს საქმეში, მიღებულია ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად“, - ამბობს ადვოკატი.

ნინო გიგაურის თქმითვე, მას შემდეგ, რაც მან და ბრალდებულმა გამოძიებისადმი უნდობლობის გამო, უარი თქვეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე, კონკრეტულად ე.წ. ანაწმენდების აღებაზე, ერთ-ერთი თანამშრომელი, ზვიად ნოზაძე, ადვოკატს „გაკოჭვით“ დაემუქრა:

„აღმოვჩნდით 20 კაცის ალყაში, ემუქრებიან, რომ ხელებს დაგიჭერთ, პროპორციულ ძალას გამოვიყენებთ, და ამის შემდეგ, ბატონი ზვიად ნოზაძე მეუბნება, ახლა შენ გაგკოჭავთ და როგორ არ ავიღებთ ანაწმენდებს, ამას განახებთ.

ჩვენს წინ იდგა პატარა შუშის მაგიდა, გაწიეს მაგიდა, შემოგვეხვივნენ და თეკლამ რომ დაინახა, რომ საფრთხეში იყო, თვითონ დამიწყო ხვეწნა, გთხოვ, დავთანხმდეთო და ასე აიღეს ანაწმენდები, მაგრამ ეს ანაწმენდები არ არის ნებაყოფლობით აღებული“, - ამბობს ადვოკატი.

რას პასუხობს პროკურორი ადვოკატსა და ბრალდებულს?

ადვოკატისა და ბრალდებულის განცხადებების შემდეგ, რომლებიც ვაკე-საბურთალოს მეორე სამმართველოს შენობაში მათი უფლებების დარღვევაზე საუბრობდნენ, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურორ გია შაიშმელაშვილს მიმართა და ამ ფაქტების გადამოწმება, შესწავლა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა მოსთხოვა, რაზეც გია შაიშმელაშვილმა უპასუხა:

„აღნიშნული საკითხები მოვინიშნე და იქნება შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება ჩემს იქ ყოფნას და იმას, იქ რა მოვისმინე, მე ბრალდებულის მიმართ, არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ შემიმჩნევია“...

ამ დროს მას სიტყვას აწყვეტინებს ბრალდებული: „მიყვიროდით“...

გია შაიშმელაშვილი რეაგირების გარეშე აგრძელებს: „არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ შემიმჩნევია, ამავდროულად, მის მიმართ ფსიქოლოგიური ზემოქმედება არ ყოფილა... რაც შეეხება იმას, რომ მას მოტყუებით მოაწერინეს ხელი ოქმზე, თქვენს წინაშე წარმოდგენილია მასთან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების მასალა. ისევ და ისევ მისი ინტერესებიდან გამომდინარე, არ გავაჟღერებ მის შინაარსს. ეს ძალიან კარგად იცის დაცვის მხარემ. რომ არ მენახა მე ეს ჩანაწერი და მარტო სხდომის ოქმი ყოფილიყო, შეიძლება მეფიქრა, რომ ტყუილად მოაწერინეს ხელი. ჩანაწერი გასაიდუმლოებულ საქმის მასალებშია და თქვენ გაქვთ ამის გაცნობის საშუალება“, - მიმართა პროკურორმა მოსამართლეს.

რაც შეეხება ლუკა გერსამიას წარსულში ნასამართლობას და ადვოკატის მიერ ამ ფაქტის ხსენებას, გია შაიშმელაშვილმა თქვა:

"დაცვის მხარე მანიპულირებს გარდაცვლილის წარსულ ცხოვრებაზე. ადამიანების წარსული ცხოვრება რომ სიკვდილით ისჯებოდეს, მაშინ ციხე არ იარსებებდა".

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, რადიო თავისუფლება ვაკე-საბურთალოს მეორე სამმართველოში, ამ შენობაში, 22 აგვისტოს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა.

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე სამმართველო
ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე სამმართველო

თანამშრომლებმა, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, მკვლელობაში ბრალდებული ქალის საქმის შესახებ იცოდნენ, თუმცა, თქვეს, რომ დასახელებული პირები, მათ შორის, ზვიად ნოზაძე, რომელიც ადვოკატის თქმით მას „გაკოჭვით“ დაემუქრა, მათი განყოფილების თანამშრომელი არ არის, საქმეს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო იძიებს, ვაკე-საბურთალოს განყოფილებაში კი 22 აგვისტოს მხოლოდ გამოკითხვა ჩატარდა: "ჩვენ სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია. მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაშია ეს საქმე. იცით ხომ დაქვემდებარება რას ნიშნავს? საქმეს ისინი იძიებენ".

დანაშაულის იარაღი - „გარეცხილი დანა“

პროკურორი გია შაიშმელაშვილი 25 აგვისტოს გამართულ აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე ირწმუნებოდა, რომ ბრალდებულმა მტკიცებულების განადგურება, კერძოდ კი დანაშაულის იარაღიდან კვალის წაშლა სცადა:

„ბრალდებული არ უარყოფს, ვერც უარყოფს, რომ როდესაც სასწრაფო მიიყვანა შემთხვევის ადგილზე, დანა, რომლითაც მოხდა ახალგაზრდა კაცის დაზიანება, აიტანა საცხოვრებელ სახლში, ჩააგდო სამზარეულოს ნიჟარაში და გარეცხა. შეეცადა და განახორციელა მამხილებელი ინფორმაციის განადგურება“, - თქვა პროკურორმა.

ამ ფაქტს ადვოკატმა აფექტური საქციელი უწოდა:

„ეს იყო აფექტურ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება. შემთხვევა მეოთხე სართულზე მოხდა, ესენი მეექვსე სართულზე ცხოვრობენ, ბავშვი სახლში ჰყავდა დატოვებული, როდესაც სახლში აბრუნდა, დანა ინსტინქტურად ჩააგდო ონკანში, მას არ ჰქონდა გააზრებული, ვერ იაზრებდა, რომ ამის გამო ის შეიძლებოდა პასუხისგებაში მიეცათ. შემდეგ აიყვანა ბავშვი და წაჰყვა სასწრაფოს. ამ ადამიანმა ვერც განსაზღვრა, რას აკეთებდა. ის არ არის იურისტი, ამას ვერ განსაზღვრავდა“, - თქვა ნინო გიგაურმა.

მოსამართლემ კი ბრალდებულს მიმართა:

„ახსნა იყო ასეთი, აფექტური მდგომარეობაო. როდესაც ხედავ, რომ ადამიანი თვითმკვლელობას სჩადის და ამას შენ უყურებ და აფექტში ვარდები, ძალიან მიჭირს წარმოდგენა, რომ იზრუნო არა იმაზე... გასაგებია, რომ თქვენ სასწრაფო დახმარებას მიმართეთ...მაგრამ ეს დანა რატომ ადის სახლში, რატომ ირეცხება? გავიგე, რომ იყო აფექტური მდგომარეობა, მაგრამ მაინც ძალიან რთულია ამის წარმოდგენა“.

თეკლა გერსამიამ მოსამართლეს უპასუხა:

„ეს ფაქტი რომ მოხდა, მე ვაკეთებდი საჭმელს, წყალი მოშვებული იყო. დანა არ არის გარეცხილი, უბრალოდ ჩაგდებულია [ნიჟარაში], ონკანი იყო მოშვებული. როდესაც ლუკა ჩაიყვანეს და მე უკან ამოვბრუნდი, რომ ბავშვი ჩამეყვანა, დანა, რომელიც ისევ იქ ეგდო, ავიღე, პირდაპირ ონკანში ჩავაგდე, ავიყვანე ბავშვი და გავყევი ლუკას სასწრაფოსთან ერთად“, - ამბობს თეკლა გერსამია.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დაჭრილი ქმარი კლინიკაში მიიყვანა, ის შვილთან ერთად, ტაქსით, დედასთან, თავისუფლების მოედანზე წავიდა, რადგან მისთვის ბავშვი დაეტოვებინა და კვლავ კლინიკაში დაბრუნებულიყო. ამბობს, რომ ჯერ კიდევ დედასთან იყო, როდესაც გამომძიებლებმა დარეკეს და ის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს.

თეკლა გერსამია თავად მივიდა პოლიციაში. ის იმავე დღეს, 23:07 წუთზე დააკავეს.

25 წლის ქალს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაული, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ისჯება 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობით.

ლუკა გერსამიას მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 ოქტომბერს გაიმართება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG