Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ცდილობს იყოს მხნედ“ - რა დააბარა ნინო დათაშვილმა ადვოკატს საპატიმროდან


აქტივისტსა და პედაგოგს, ნინო დათაშვილს, ბრალად ედება საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა.
აქტივისტსა და პედაგოგს, ნინო დათაშვილს, ბრალად ედება საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა.

სამოქალაქო აქტივისტისა და მასწავლებლის, ნინო დათაშვილის ადვოკატმა 23 ივნისს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილება - მოსამართლემ 21 ივნისს ნინო დათაშვილს პატიმრობა შეუფარდა.

სააპელაციო სასამართლო მომდევნო 72 საათში გადაწყვეტს, დაუშვებს თუ არა მასწავლებლისა და მისი ადვოკატის საჩივარს. იმ შემთხვევაში, თუკი სააპელაციო სასამართლო საჩივარს დასაშვებად ცნობს, დაინიშნება ზეპირი მოსმენა. წინააღმდეგ შემთხვევაში - ძალაში დარჩება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ნინო დათაშვილი ვერ დატოვებს საპატიმროს.

აქტივისტსა და პედაგოგს ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა იმ დროს, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ანუ, თუკი ნინო დათაშვილს ბრალი დაუმტკიცდა, მას უკეთეს შემთხვევაში დააჯარიმებენ, უარესში კი დააპატიმრებენ 4-დან 7 წლამდე.

ადვოკატმა ნინო დათაშვილი 23 ივნისს რუსთავში, ქალთა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

თამარ გაბოძე, ნინო დათაშვილის ადვოკატი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი
თამარ გაბოძე, ნინო დათაშვილის ადვოკატი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი

„მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. როგორც შევატყვე და თვითონაც ამბობს, მისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა. განიცდის, რომ არ არის შვილის გვერდით და სთხოვს ყველას, რომ იმ უკანონობის წინააღმდეგ, რაც დღეს ხდება, ამოიღონ ხმა. ცდილობს, რომ იყოს მხნედ.

ძალიან უნდა და სჭირდება კომუნიკაცია გარე სამყაროსთან. ითხოვა, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, იქნება ეს პოსტები თუ სხვა სახის ინფორმაცია. მზად არის, რომ უპასუხოს კითხვებსაც. დამაბარა, ახლა ბევრი დრო მაქვს და მექნება დრო, რომ კითხვებსაც ვუპასუხო და წერილებსაცო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო დათაშვილის ადვოკატმა და თამარ გაბოძემ.

რას ედავება გამოძიება აქტივისტსა და მასწავლებელს?

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს.

იმ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებისა და პროევროპული აქციებისას დაკავებული აქტივისტების მორიგი სასამართლო სხდომა იმართებოდა.

ნინო დათაშვილს სწორედ ამ სხდომაზე უნდოდა შესვლა, თუმცა სასამართლოს მანდატურებმა უფლება არ მისცეს.

პროკურატურის განცხადების თანახმად, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო, დარბაზში ადგილი აღარ იყო და დასწრებას ვეღარ შეძლებდა.

მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ დგას ნინო დათაშვილი სასამართლოს ფოიეში კედელთან და რამდენიმე მანდატური მის გაყვანას აპირებს. ქალი ცდილობს მოიშოროს ხელები, ყვირის: „ხელი არ მახლოთ“ და იქნევს ხელს, რომელიც ერთ-ერთ მანდატურს ხვდება სახეში. ამის შემდეგ, ოთხი მანდატური მას ჰკიდებს ხელს და ძალით მიჰყავთ. ნინო დათაშვილი იატაკზე ვარდება, მას მანდატურები ისევ იძულებით აყენებენ და მიათრევენ.

ქალი კვლავ ცდილობს თავის დაღწევას. მანდატურები ეუბნებიან: „ქალბატონო, დამშვიდდით, რა გჭირთ“. ქალი უყვირის: „გამიშვით და დავწყნარდები“. რამდენიმე წამით ნინო დათაშვილი ჯდება სკამზე და მასსა და მანდატურებს შორის იმართება კამათი. უცებ, მანდატურები მას მკლავებში ჰკიდებენ ხელს და სასამართლოს ფოიეში მიათრევენ. ქალი კვლავ ცდილობს თავის დახსნას და ყვირის: „გამიშვით, მტკივა, ნაოპერაციები ვარ“. მანდატურებს ქალი უხეშად, თრევა-თრევით, სასამართლოს კართან მიჰყავთ, კრავენ ხელს და აგდებენ გარეთ.

ნინო დათაშვილმა სასამართლოს ეზოდანვე დარეკა 112-ში, ოპერატორს ძალადობის შესახებ შეატყობინა და პოლიციის გამოძახება ითხოვა. თუმცა, როგორც ქალის ადვოკატ თამარ გაბოძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მის ზარზე პოლიციას არც იმ დღეს არ ჰქონია რეაგირება და არც მას მერე.

ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციამ გამოძიება მანდატურის სამსახურიდან შესული ზარის შემდეგ დაიწყო:

„დაიწყეს გამოძიება, თითქოს ნინო დათაშვილი იყო თავდამსხმელი. ათი დღის განმავლობაში არავინ დაჰკავშირებია მას. არავინ დაინტერესებულა, რა იყო ნინოს პოზიცია, რა ჰქონდა სათქმელი გამოძიებისთვის. პირდაპირ, მხოლოდ ერთი მიმართულებით, ტენდენციურად დაიწყეს გამოძიება და სასამართლოსგან მიიღეს ქალის დაკავების განჩინებაც“, - ამბობს თამარ გაბოძე.

21 ივნისს, როცა ნინო დათაშვილი მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ეკა ბარბაქაძეს მიმართავდა, თქვა:

ნინო დათაშვილი სასამართლო სხდომაზე. 21 ივნისი, 2025 წელი
ნინო დათაშვილი სასამართლო სხდომაზე. 21 ივნისი, 2025 წელი

„მე თავად ვთვლი თავს დაზარალებულად და მე პატრული გამოვიძახე იმ ინციდენტის შემდეგ. პატრული არ მოვიდა. მინდოდა პოლიციაში წასვლა, საჩივრის დაწერა... მე ხომ მაქვს გამოძიებაში ჩართვის უფლება? არავინ დამკავშირებია. სამი დღე ლოგინიდან ფიზიკურად ვერ ავდექი, ისე მტკიოდა ყველაფერი. ვერც ექიმთან ვერ წავედი, რომ ფორმა 100-იც ამეღო და სხეულზეც აღმენიშნებოდა სილურჯეები და ფრჩხილების ნაკაწრები და ა.შ. ორი მათგანი ფეხზე ახლაც მაქვს.

არსად არ მივმალულვარ. მე ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, ვასწავლი სამოქალაქო განათლებას და კიდევ ორ საგანს, სერტიფიცირებული მასწავლებელი ვარ და ინციდენტი, რაც მოხდა, ამას თავისი საწყისი ისტორია აქვს და ამას დავამტკიცებ ვიდეოებით, რა მოხდა და როგორ მოხდა“...

სანამ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოიტანდა, ნინო დათაშვილმა მას სთხოვა, რომ არ დაეშორებინა შვილთან, რომელიც აბიტურიენტია და რამდენიმე დღეში ეროვნულ გამოცდებზე უნდა გავიდეს:

„არ დამაშოროთ ჩემს აბიტურიენტ შვილს, ცხოვრების ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე... ერთი თვით მაინც რომ ვიყო თავისუფლებაზე“...

„ნინო დათაშვილი არ არის დამნაშავე“

ადვოკატის შეფასებით, ნინო დათაშვილი უდანაშაულოა, „გარემოებებისა და მანდატურების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის მსხვერპლია“ და მის პოზიციას ასე ხსნის:

„ეს არ არის როგორც უფლებადამცველის და ადვოკატის პოზიცია. ეს არის ფაქტები, მტკიცებულებები, რომლებსაც ინტერპრეტაციას ვერავინ ვერ მისცემს, რადგან არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ზუსტად, დეტალურად ასახავს კადრებს, როგორ გახდა ნინო დათაშვილი მანდატურების მხრიდან არაერთხელ ძალის გამოყენების მსხვერპლი“.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის თანახმად, მანდატურებს მხოლოდ მაშინ აქვთ ძალის გამოყენების უფლება, როდესაც მათ ფიზიკური ძალადობა უნდა შეაჩერონ. ნინო დათაშვილის შემთხვევაში კი, მისი თქმით, ამ ტიპის საფრთხე არ არსებობდა:

„კადრებში ჩანს, რომ ნინო ესაუბრება მანდატურებს და მანამდე ხელით იგერიებს მათ, რომლებიც ცდილობენ, რომ მას ხელი მოჰკიდონ და ძალით დაატოვებინონ ტერიტორია. ნინო ცდილობს, მოიგერიოს ფიზიკური ძალა. კადრებში ჩანს, რომ დაზარალებულად ცნობილი მანდატური, ორივე ხელით ექაჩება ნინოს და მიათრევს დერეფანში, რა დროსაც ნინო ცდილობს, რომ თავი დაიცვას.

კადრებში ვხედავთ, რომ ნინო დათაშვილს არასათანადოდ ეპყრობიან. მათ შორის, ქალს კისერში უჭერენ ხელს, იყენებენ შეპყრობის მეთოდებს და ასე მიათრევენ. ეს არის ფაქტები, რაც ადასტურებს, რომ მანდატურის თანამშრომლებმა მინიმუმ გადაამეტეს უფლებამოსილებას, გამოიყენეს ფიზიკური ძალა, იმის მიუხედავად, რომ იმ სახელმძღვანელო პრინციპებით, რითაც მანდატურები სარგებლობენ, ამის უფლება მათ არ ჰქონდათ“, - ამბობს თამარ გაბოძე.

ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირწმუნება, რომ არ არსებობდა ნინო დათაშვილისთვის არც აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის - პატიმრობის - გამოყენების აუცილებლობა.

მისი თქმით, სასამართლომაც და პროკურატურამაც დაარღვიეს მთელი რიგი ვალდებულებები. პატიმრობის გამოყენება ხდება უკიდურეს შემთხვევაში, მაშინ, როდესაც სხვა შემზღუდავი შესაძლებლობების გამოყენება მიზანშეწონილი არაა და ეს მტკიცებულებებით დასტურდება.

ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურამ 21 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ვერცერთი მტკიცებულება, არგუმენტი და ფაქტი ვერ მოიყვანა, რაც დაარწმუნებდა მოსამართლეს, რომ ქალი პატიმრობაში უნდა გაეშვა.

„ვერ მოიყვანდა, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. პროკურატურა პატიმრობას მაშინ ითხოვს, როდესაც არსებობს დანაშაულის განმეორების, მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეები.

ნინო დათაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 11 ივნისს აღიძრა. მას 10 დღე ჰქონდა იმისთვის, რომ, მაგალითად, მიმალულიყო, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა. არცერთი ამის დამადასტურებელი, მინიმალური საფრთხეც კი არ დაუსაბუთებია პროკურატურას, რადგან ამ 10 დღის განმავლობაში, ნინო პირიქით, აქეთ ელოდებოდა სამართალდამცავებთან კომუნიკაციას, რადგან ის თავად იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ნინო...დაინტერესებული იყო საქმის გამოძიებით“.

ნინო დათაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 20-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მისივე თქმით, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არც კი განიხილა:

„ნინო დათაშვილი არის უდანაშაულო და მის მიმართ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოყენებულიყო, თუმცა ალტერნატივის სახით, იმიტომ, რომ მას ახლა ძალიან სჭირდება თავის აბიტურიენტ შვილთან ერთად ყოფნა, ამიტომ ვთავაზობდით გირაოს, რომ თუკი რაიმე საფრთხე და ვარაუდი ექნებოდა სასამართლოს, ეს აღმოგვეფხვრა, მაგრამ სასამართლომ არც კი განიხილა გირაოს შუამდგომლობა, არც კი მოუსმინა ამის თაობაზე ბრალდებულს“.

„თავდებში ვუდგებით“

43 წლის ნინო დათაშვილი სამოქალაქო განათლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. წლების განმავლობაში არაერთ სკოლაში იმუშავა პედაგოგად.

დღეს ის განათლების ადმინისტრირებას სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე. სწორედ ახლა ასრულებს მაგისტრატურის პირველ კურსს და ამასთანავე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრში, ის ჩართულია საარქივო მასალის გაციფრულებასა და კვლევაში.

მანანა რატიანი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, განათლების სპეციალისტი წლებია იცნობს ნინო დათაშვილს. სექტემბრიდან სამაგისტრო პროგრამაზე სწორედ მან უნდა წაუკითხოს ნინოს ლექციები.

სხვა თვისებებთან ერთად, მანანა რატიანი გამოყოფს ნინო დათაშვილის წვლილს არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პროცესში. მისი თქმით, ნინო დათაშვილი ე.წ. მისიონერი პედაგოგი იყო:

„ეს განსაკუთრებულად პატრიოტული საქმეა და ამ პროგრამამ გარდატეხა მოახდინა არაქართულენოვან თემში, სადაც ქართული ენის მასწავლებლებმაც კი არ იცოდნენ ქართული და ბავშვები ისე ამთავრებდნენ სკოლას, რომ ენას ვერ სწავლობდნენ. ნინო დათაშვილი სწორედ იმ მისიონერ მასწავლებლებს შორის იყო, რომლებიც წარგზავნილები იყვნენ ამ სკოლებში და ძალიან დიდ საქმეს აკეთებდნენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მანანა რატიანმა.

გუგა დუდუჩავა, სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ერთ-ერთია იმ რამდენიმე ასეულ მასწავლებელს შორის, რომლებმაც ნინო დათაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნით.

გარდა იმისა, რომ ისინი კოლეგები არიან, გუგა დუდუჩავა და ნინო დათაშვილი მეგობრობენ კიდეც:

„ნინო მთელი ცხოვრება კანონმორჩილების მაგალითია, სხვებსაც ამას ასწავლის და მოუწოდებს. უბრალოდ, მისი ერთადერთი „ნაკლი“ ისაა, რომ ყოველთვის იცავს დაჩაგრულებს, არ იხევს უკან. ეს ხომ მოქალაქეობრივი და ადამიანური ღირსებაა.

ისეთ მდგომარეობაში ვართ, თითქოს გასაკვირიც აღარაფერი უნდა იყოს, მაგრამ ამ ფონზეც კი წარმოუდგენელია ნინოს დაკავება. ადამიანმა რომ ღირსების, თავის დაცვა სცადა და ხელი მოიქნია, შეუძლებელია, ამას თავდასხმა უწოდო. როგორ შეიძლება, რომ ქალი, რომელიც ხუთ ჯან-ღონით აღსავსე კაცისგან ცდილობს თავის დაღწევას და აქვს ბუნებრივი რეაქცია, თავდასხმის ბრალდებით გაუშვა საპატიმროში?“

ნინო დათაშვილის დაპატიმრება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მისი მოსწავლის, გურო ცეცხლაძისთვის. ერთმანეთი ორი წლის წინ რუსთაველზე გაიცნეს. ბოლო ერთი წელია, ნინო გუროს აბიტურიენტის სტატუსით ამეცადინებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში:

„რამდენიმე დღეში იწყება ეროვნული გამოცდები. ნინო დააკავეს, შეწყდა ჩვენი გაკვეთილები, მოსწავლეებს ახლა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მისი გამხნევება. ძალიან მაკლია ახლა, როგორც მასწავლებელი და როგორც მეგობარი“, - უთხრა გურო ცეცხლაძემ რადიო თავისუფლებას.

23 ივნისის საღამოსთვის 600-მდეა იმ პედაგოგების რიცხვი, რომლებმაც ხელი მოაწერეს ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნას.

მასწავლებლების შეფასებით, აბსურდულია როგორც ნინო დათაშვილისთვის წაყენებული ბრალი, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება:

„ნინო არავის დასხმია თავს. ის სასამართლოში უკანონო პატიმრების მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატად იყო მისული. მას არ მისცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, შემდეგ კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სასამართლოს მანდატურებმა ფიზიკური ძალის უხეში გამოყენებით, უკიდურესად დამამცირებლად და შეურაცხმყოფლად იმოქმედეს მის წინააღმდეგ - სცემეს და პირდაპირი მნიშვნელობით გაათრიეს სასამართლოს შენობიდან. ნინომ თავდაცვის მიზნით მოიქნია ხელი, რაც იყო სრულიად ბუნებრივი და ადეკვატური მოქმედება ამ სიტუაციაში. მანდატურების მხრიდან მსგავსი ძალადობა გამოვლინდა არა მხოლოდ ნინო დათაშვილის, არამედ ბევრი სხვა მოქალაქის მიმართაც, რის შედეგადაც არაერთმა მათგანმა სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანებაც მიიღო", - წერია განცხადებაში, რომელსაც მასწავლებლები ავრცელებენ.

უახლოეს საათებში სასამართლოს მიმართავს განცხადებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. ისინი თავდებში უდგებიან ამავე სკოლის სტუდენტს, ნინო დათაშვილს.

თავდებობა არის აღკვეთის ღონისძიების ფორმა, როდესაც სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას. თავდებთა რიცხვს განსაზღვრავს ორგანო, რომელიც აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს. გამონაკლის შემთხვევაში, თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.

„ნინო დათაშვილის ჩამოშორება სასწავლო პროცესიდან და კვლევითი საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება არა მხოლოდ მისთვის, არამედ დარგისთვისაც, რომელიც ისედაც განიცდის ახალგაზრდა კვალიფიცირებული კადრების სიმცირეს. მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისას მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება, ვიდრე სიმკაცრის დემონსტრირება.

გასათვალისწინებელია, რომ ნინოსთვის მნიშვნელოვანია იყოს აბიტურიენტი შვილის, ლუკას გვერდით, როდესაც ის გადის ეროვნულ გამოცდებზე. ამ პროცესში დედის მხარდაჭერა შეუცვლელია. დედის, რომელმაც მისი აღზრდისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის ბევრი გაიღო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი თავდებში ჩაუდგება ამავე სკოლის სტუდენტს, ნინო დათაშვილს და მოგმართავთ თხოვნით, საქმის განხილვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები და მისცეთ მას სწავლისა და კვლევითი საქმიანობის გაგრძელების, შესაბამისად, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში მონაწილეობის შესაძლებლობა“, - წერია სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში.

ნინო დათაშვილს 23 ივნისს სოლიდარობა გამოუცხადა გამოცემების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა და რედაქტორმა, დაკავებულმა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG