“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა 29 მაისს ილაპარაკა "გლობალური ომის პარტია"/“დიპ სტეიტზე”, ლიბერალურ ფაშიზმზე, საქართველოს ომში ჩართვის განზრახვაზე და თქვა, რომ ჭეშმარიტი დასავლეთი, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის, უნგრეთში ცოცხლობს.
კობახიძის გამოსვლის შემდეგ ვიქტორ ორბანი აქო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც კონფერენციას ვიდეომიმართვა გაუგზავნა.
პასუხად ორბანმა აქო ტრამპი, კობახიძე, კონფერენციის სხვა სტუმრები - სიმამაცისთვის და თქვა, რომ არც რუსულ დათვს სურს დაემორჩილოს და არც, განსაკუთრებით - ბრიუსელს.
ბრიუსელში კი უნგრეთის ლიდერს აკრიტიკებენ კიდევ ერთი ახალი ინიციატივის, "საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის" კანონპროექტის გამო. პოლიტიკის ექსპერტები ამ ნაბიჯს 2026 წლის არჩევნებისთვის მზადებას უკავშირებენ.
ორბანის პარტიას, ბოლო გამოკითხვებით, მისი ყოფილი თანაგუნდელის, ოპოზიციის ლიდერის, პეტერ მაგიარის "პატივისცემა და თავისუფლება" უსწრებს.
ბოლო დროს ხშირად ავლებენ პარალელებს ბუდაპეშტისა და თბილისის ქმედებებს შორის. ამ სტატიაში ორი ლიდერისა და მათი მართვის მსგავსებებს გადავხედავთ.
რა თქვა კობახიძემ?
“გავაჟღერე ის გზავნილები, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, კონფერენციაზე გამოსვლის შემდეგ, თანმხლებ ქართველ ჟურნალისტებთან.
CPAC-ის კონფერენციის მონაწილეებს კი კობახიძემ უთხრა, რომ:
- იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული.
- პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა.
- ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ არ დათმობს ღირსებასა და სუვერენიტეტს.
- მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც იდენტობას გაცვლის პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე.
- უკრაინის ომის დაწყებიდან, ქვეყანამ გაუძელო უზარმაზარ ზეწოლას - როგორც გარედან, ისე შიგნიდან - იმ ძალებისგან, ვისაც სურს, საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად.
- საქართველო ებრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების დეზინფორმაციას, რომლებიც პროგრესს კი არ ემსახურებიან, არამედ ცდილობენ ქვეყნის ღირებულებების გადაკეთებას.
- Deep State ცდილობდა საქართველოში ბოლო ოთხ წელიწადში ოთხი რევოლუციის მოწყობას.
კობახიძემ ასევე თქვა, რომ „დიპ სტეიტთან“ ბრძოლაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის „განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები იმედისმომცემია, მაგრამ „საკმარისი არ არის“.
„როგორც ჩანს, Deep State ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში“, - კონკრეტულ მაგალითებად კობახიძემ „ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია“ და „შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი - ე.წ. „მეგობარი აქტი““ დაასახელა.
„ჩვენ, ქართველები - განსაკუთრებით ვაფასებთ მას [ვიქტორ ორბანს], იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოსა და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატავს. დიდი მადლობა ამისთვის, ბატონო ვიქტორ! თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა“, - ყოველწლიური კონფერენციის მასპინძელს, ირაკლი კობახიძემ მადლობა საქართველოს სახელით გადაუხადა. გამოსვლის ფრაგმენტების ქართული თარგმანი მთავრობის პრესს-ოფისმა გაავრცელა.
კონფერენციის მსვლელობისას, მონაწილეებს, ინტერაქციის გარეშე, ხანმოკლე ვიდეოჩანაწერით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმართა. მან თქვა, რომ უყვარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და CPAC-იც; ხოლო კონსერვატორული იდეოლოგია ძალიან დადებითია და მათ შორის - საზღვრების დაცვაზეა ორიენტირებული. ტრამპის ვიდეოჩანაწერს მხურვალე ტაში მოჰყვა.
რა თქვა ორბანმა?
უნგრეთის პოპულისტმა ლიდერმა, რომელიც წარსულში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი და პუტინის რუსეთთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი იყო, თქვა, რომ ისევე სჯერა თავისი პარტია "ფიდესის" გამარჯვების - 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როგორც გასულ წელს დონალდ ტრამპის გამარჯვება იწინასწარმეტყველა.
ორბანმა ისაუბრა ტრამპის მმართველობის პირველ, "შთამბეჭდავ" 100 დღეზე და თქვა, რომ გამოვლენილია "გლობალური ლიბერალური ქსელი", "საიდუმლო აგენტები მთელ მსოფლიოში, სოროსის იმპერია".
ვიქტორ ორბანს კონკრეტულად გლობალური ქსელის - ომის პარტიისა თუ „დიპ სტეიტის“ ზრახვებზე არ ულაპარაკია. მისი სამიზნე ძირითადად - ბრიუსელია, ევროკავშირის პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც ორბანი, ბოლო წლებია, მედგარ წინააღმდეგობას უწევს; ამბობს, რომ ბრიუსელი ევროკავშირის ქვეყნების სუვერენიტეტს ხელყოფს.
საკითხები, რომლებზეც ორბანი ბრიუსელში, ევროპელ მოკავშირეებს უპირისპირდება, ხშირად ემთხვევა რუსეთის ინტერესებს.
ვიქტორ ორბანი გამონაკლისი იყო ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებისგან - მას რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობა არ შეუჩერებია.
9 მაისს ვიქტორ ორბანი არ იყო მოსკოვში, პუტინის სტუმრებს შორის, „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების აღლუმზე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუდაპეშტმა ეს მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრეთის საწინააღმდეგო ბანაკში ყოფნითა და თარიღის მიმართ დღემდე შემორჩენილი სენსიტიური მიდგომებით ახსნა.
29 მაისს, ორბანმა გულუხვად აქო კოლეგა საქართველოდან.
სინქრონული თარგმანის თანახმად, კობახიძეს მან არჩევნებში გამარჯვებული საერთაშორისო დონის პატრიოტი და გმირი უწოდა. უნგრეთის მედიის ყურადღება დაიმსახურა მისმა სიტყვებმა, რომ „საქართველოს 20% რუსული დათვის ტორებს ქვეშ არის“, მაგრამ ირაკლი კობახიძე „არ დაემორჩილა ბრიუსელის წნეხს“.
ბრიუსელი - როგორც სამიზნე, თანდათან სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება „ქართული ოცნების“ როგორც რიტორიკაში, ასევე ქმედებებში.
თბილისი ბუდაპეშტს ჯერ კიდევ ირაკლი კობახიძის წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაუახლოვდა. ღარიბაშვილი მაშინ ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ორბანისგან ბევრ რამეს სწავლობს. მათ მონათესავე სულებიც კი უწოდეს.
დღეს კიდევ უფრო ხშირად ავლებენ პარალელებს “ოცნების” საქართველოსა და ორბანის უნგრეთს შორის. კრიტიკოსები მიუთითებენ შეთქმულების თეორიებითა და ანტიდემოკრატიული კანონებით ქვეყნის მართვის მსგავს მეთოდებზე. ორბანისა და "ოცნების" ლიდერების არგუმენტი გარე ჩარევისგან სუვერენიტეტის დაცვაა.
თბილისის მსგავსად, "გარე ჩარევას" არასამთავრობო სექტორისა და მედიის უცხოურ დაფინანსებას ებრძვის ბუდაპეშტი - ახალი კანონპროექტით "საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის" შესახებ შეიძლება მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს.
„საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობა“
„საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის“ კანონპროექტი, რომელიც უნგრეთის პარლამენტში 13 მაისს შეიტანეს, შესაძლოა ხელისუფლების კიდევ ერთი იარაღი გახდეს თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. უფლებადამცველები შიშობენ, რომ კანონი მთავრობას საშუალებას მისცემს, ჩაახშოს დამოუკიდებელი ხმები 2026 წლის არჩევნების წინ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ კანონპროექტი არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობასა და ფუნდამენტურ უფლებებს.
კანონპროექტის მიხედვით:
- ორგანიზაციები შავ სიაში მოხვდებიან მთავრობის დადგენილებით – მკაფიოს გაწერილი კრიტერიუმების გარეშე - მთავარია მთავრობამ მიიჩნიოს, რომ ორგანიზაცია "გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე" და საფრთხეს უქმნის ეროვნულ სუვერენიტეტს.
- სიაში მოხვედრის შემდეგ უცხოური დაფინანსების მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მთავრობის ნებართვით;
- ასეთ ორგანიზაციებს არც ადგილობრივი 1%-იანი საგადასახადო შემოწირულებების მიღების უფლება ექნებათ.
- გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაჩერებს სადავო გადაწყვეტილების მოქმედებას.
უნგრეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონი აუცილებელია ქვეყნის სუვერენიტეტის განსამტკიცებლად, რათა უცხოური ძალები არ ჩაერიონ ქვეყნის შიდა ცხოვრებაში.
2025 წლის მარტში ორბანი აცხადებდა, რომ დადგა დრო აღმოიფხვრას აშშ-ისგან და ბრიუსელისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, მოსამართლეების და პოლიტიკოსების "ჩრდილოვანი არმია". ის სხვადასხვა დროს ღიად ლაპარაკობდა წნეხზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ მაშ შორის - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან (USAID) და მილიარდერი ჯორჯ სოროსის ფონდიდან.
„ეს კანონი არ არის ტერორიზმის წინააღმდეგ ანდა სუვერენიტეტის ჭეშმარიტი დაცვისთვის. ეს კანონი მიიღეს ჩვენს წინააღმდეგ, ჟურნალისტების წინააღმდეგ!“, - ეუბნება რადიო თავისუფლების უნგრულ სამსახურს Válasz Online-ის წარმომადგენელი, ანდრაშ შტუმპფი.
უნგრელი სამოქალაქო აქტივისტი, ბავშვთა უფლებების დამცველი სილვია გიურკო კი აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო მოძალადესავით იქცევა“ და უგზავნის მკაფიო სიგნალს - „თუ კარგად მოიქცევი, არ მიიღებ ორ დიდ ალიყურს“.
„კანონის არსს არ განსაზღვრავს - ვის შეიყვანენ ამ სიაში. საქმე ის არის, რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერს შეიძლება შეეხოს ეს კანონი“, „ეს კანონი საბოლოოდ რომც არ მიიღონ, მას უკვე აქვს დამაზიანებელი ეფექტი. ნდობის დაკარგვა და შიში უკვე სახეზეა“ - ამბობენ უნგრეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
მანამდე, 2023 წლის დეკემბერში, უნგრეთში მიიღეს კანონი “ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვის შესახებ”, რომლის ფარგლებშიც პარტიების დაფინანსების მონიტორინგის მიზნით სუვერენიტეტის დაცვის სპეციალური სამთავრობო დეპარტამენტი შეიქმნა. ევროკომისიამ უნგრეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ლუქსემბურგის ევროპულ სასამართლოში
პროტესტი ორბანის პოლიტიკის წინააღმდეგ
„მეტი არაფერი გაქვთ წასართმევი: ჩემი მეგობრები საზღვარგარეთ არიან, თქვენ გადაკიდეთ ერთმანეთს ჩვენი ოჯახები; თქვენ მოიპარეთ ფული, რომლითაც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა; თქვენ იცავდით მათ, ვინც დააზარალა ეს ბავშვები. მეტი აღარაფერი დარჩა ჩვენთვის წასართმევი. გვესროლეთ აქვე“, - განაცხადა ცნობილმა უნგრელმა აქტივისტმა, უფლებადამცველმა - ლილი პანკოტაიმ, 18 მაისს, ბუდაპეშტში გამართულ მასშტაბურ მიტინგზე და მან პირდაპირ ვიქტორ ორბანსაც მიმართა:
„ვიქტორ, შენ მხდალი და სუსტი ადამიანი ხარ, რომელსაც ეშინია. გეშინია, რომ ყველაფერი დასრულდა“.
ბუდაპეშტის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი ოპოზიციური პარტია Tisza-ს ლიდერს, პეტერ მაგიარს გამოჰყავს. ორბანის პარტია Fidesz-ის ყოფილი გავლენიანი წევრი ოპოზიციურ პლატფორმაზე 2024 წელს გამოჩნდა და მაშინვე ითქვა, რომ, 15-წლიანი მმართველობის განმავლობაში, ვიქტორ ორბანს რეალური კონკურენტი პირველად გამოუჩნდა. პეტერ მაგიარს მზარდი რეიტინგი აქვს, რაც პოლიტოლოგების შეფასებებით, ორბანს საკმაოდ აშინებს.
საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 2026 წელს გაიმართება. უნგრეთიდან იტყობინებიან, რომ ვიქტორ ორბანი ყველა ღონეს მიმართავს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და გასამყარებლად.
2024 წლის 9 ივნისს გამართულ ევროპულ და ადგილობრივ არჩევნებზე, ორბანის "ფიდესს" 44%, ხოლო პეტერ მაგიარის "პატივისცემისა და თავისუფლების" პარტიას ("ტისცა") ამომრჩეველთა თითქმის 30% მიემხრო. "ცხადია, რომ ესაა ვატერლოო ორბანის ძალაუფლების მანქანისთვის, ეს დასასრულის დასაწყისია" - თქვა მაშინ მაგიარმა.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს - ლიბერალი ნიკუშორ დანის გამარჯვებასა და ულტრანაციონალისტი ჯორჯე სიმიონის მარცხს, - ექსპერტები უსიამოვნო ფაქტად თვლიან უნგრეთის ლიდერისთვის - ჯორჯე სიმიონი ორბანის სახელსა და მხარდაჭერას იყენებდა, რუმინეთის ტრანსილვანიის რეგიონში, სადაც მილიონზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს; მაგრამ ამ რეგიონში მაინც ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა.
ფორუმი