Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსეთო, რუმინეთი შენ არ გეკუთვნის“ - რას ნიშნავს პროევროპელი ლიბერალის გამარჯვება რეგიონისთვის, საქართველოსთვის


რუმინეთში ხალხი დემოკრატიის გამარჯვებას ზეიმობს - არჩევნების მეორე ტურში პრორუსული განწყობებით ცნობილი ნაციონალისტი კანდიდატი დამარცხდა
რუმინეთში ხალხი დემოკრატიის გამარჯვებას ზეიმობს - არჩევნების მეორე ტურში პრორუსული განწყობებით ცნობილი ნაციონალისტი კანდიდატი დამარცხდა

რუმინეთში 6-თვიანი პოლიტიკური დაძაბულობა დასრულდა - ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანას პროევროპელი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს. ბუქარესტის ქუჩებში გამოსული ხალხი დემოკრატიის გამარჯვებას ზეიმობდა - არჩევნების მეორე ტურში პრორუსული განწყობებით ცნობილი ნაციონალისტი კანდიდატი დამარცხდა.

„რუსეთო, არ დაგავიწყდეს, რუმინეთი შენ არ გეკუთვნის“ -სკანდირებდა ხალხი ბუქარესტის ქუჩებში, დედაქალაქის მერის, ნიკუშორ დანის გამარჯვების შემდეგ, მალევე, როცა არჩევნების პირველადი შედეგები გამოცხადდა.

ულტრანაციონალისტური პარტია "რუმინელთა ერთობის ალიანსის" (AUR) ლიდერმა, ევროსკეპტიკოსმა ჯორჯე სიმიონმა, გარკვეული წინააღმდეგობის შემდეგ, მარცხი აღიარა. მას მხარს უჭერდნენ რუსეთში.

რუმინეთში პროდასავლელი ლიდერის გამარჯვება იმედისმომცემია ევროკავშირისა და ნატოსთვის. რას უჩვენებს რუმინეთის მაგალითი საქართველოს?

პროდასავლური კურსის გამარჯვება

„მათ [რუმინელებმა] მხარი დაუჭირეს დაპირებას ძლიერ ევროპაში ღია, აყვავებული რუმინეთის შესახებ. მოდით, ერთად შევასრულოთ ეს დაპირება“, - მიმართა არჩევნებში გამარჯვებულ ნიკუშორ დანს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, X-ზე გამოქვეყნებულ მისალოც პოსტში.

ევროკავშირისა და ნატოს წევრი რუმინეთის პრეზიდენტის არჩევნები საგანგებო ინტერესს იწვევდა დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 4 მაისს გამართულ პირველ ტურში ულტრანაციონალისტმა კანდიდატმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ეს იქნება შვებით ამოსუნთქვა ევროკავშირისთვის და ნატოსთვის - ეუბნება RFE/RL-ს დიდი ბრიტანეთის სამეფო ინსტიტუტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ცენტრის მკვლევარი ოანა ლუნგესკუ, რომელიც მანამდე ნატოს პრესსპიკერი იყო. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ რუმინეთი „სტრატეგიულ პოზიციას იკავებს“ და „სოლიდური“ მოკავშირეა.

„ამ არჩევნებზე რუმინეთს ჰქონდა მკაფიო არჩევანი - თავისი პროდასავლური კურსის გაგრძელებასა და რუსეთის სასარგებლოდ, ულტრანაციონალიზმისკენ სვლას შორის. ნიკუშორ დანის არჩევით მათ აირჩიეს პროდასავლური მემკვიდრეობა“, - ამბობს ლუნგესკუ.

რუმინელების არჩევანს მიესალმება ნატოს გენერალური მდივანი. მარკ რუტე X-ზე წერს, რომ უკვე ესაუბრა და მიულოცა პრეზიდენტად არჩეულ ნიკუშორ დანს

„წინ მნიშვნელოვანი სამუშაო გვაქვს - ძლიერი ნატოს საშუალებით ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- აღნიშნავს მარკ რუტე და ხაზს უსვამს თანამშრომლობის მნიშვნელობას ნატოს სამიტის წინ, რომელსაც ნიდერლანდების ქალაქი ჰააგა 24-26 ივნისს უმასპინძლებს.

ექსპერტებისთვის ეჭვგარეშეა, რომ ულტრანაციონალისტი ლიდერის არჩევა დიდი გამოწვევა იქნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის - რუმინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვანი საყრდენია შავი ზღვის რეგიონში.

რუმინეთი, სადაც განლაგებულია ნატოს სამხედრო ავიაბაზები, აქტიურად მონაწილეობს შავი ზღვის აკვატორიის განაღმვის პროცესში და გადამწყვეტ როლს ასრულებს ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, უკრაინასთან სასაზღვრო სივრცის დაცვით. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის საზღვაო პორტი კონსტანცა ალტერნატიულ გამტარად იქცა უკრაინული მარცვლეულისთვის.

ევროპელმა ლიდერებმა ძალიან სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით მიულოცეს გამარჯვება ნიკუშორ დანს.

„მანიპულაციების მრავალი მცდელობის მიუხედავად, რუმინელებმა აირჩიეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ევროკავშირი“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც სხვა ევროპელი ლიდერების მსგავსად, ლიბერალი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერას არჩევნების მეორე ტურის წინა დღეებშიც გამოხატავდა.

თავიდანვე ნათელია, რომ ევროპელ ლიდერებთან საერთო ენის გამონახვა არ იქნება ძნელი, მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუმინეთის ახალ პრეზიდენტს მეტი მუშაობა მოუწევს ვაშინგტონთან. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ბუქარესტი პოლიტიკური ოპონენტების შეზღუდვაში დაადანაშაულა, გასული წლის ნოემბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების გამო. იმ არჩევნებში კი - ულტრანაციონალისტმა კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა.

2024 წლის ნოემბერში გამართული არჩევნების შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ - რუსეთის ჩარევის გამო გააუქმა. ჯორჯესკუს წინააღმდეგ რუმინეთში სისხლის სამართლის ექვსი საქმეა აღძრული, მათ შორის - ფაშისტური ორგანიზაციის წევრობასა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე ყალბი ინფორმაციის მიწოდებასთან კავშირში. თავად ის ყველა ბრალდებას უარყოფს. რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯორჯესკუს განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.

ნიკუშორ დანი იმედოვნებს, რომ საერთო ენის გამონახვას შეძლებს აშშ-სთან, რომელსაც ანტისარაკეტო ბაზა აქვს რუმინეთში და იქვე ჰყავს განთავსებული 1700 სამხედრო.

რუმინელი ექსპერტი, კლუჟის უნივერსიტეტის ევროპის საკითხების მკვლევარი სერჯიუ მისკოიუ RFE/RL-თან აღნიშნავს, რომ რადგან ნიკუშორ დანი არ არის მემარცხენე და ზომიერი კონსერვატორია, შესაძლოა ამან მას გაუადვილოს ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან.

  • 55 წლის მათემატიკოსის, ნიკუშორ დანის წინასაარჩევნო დაპირებებს შორის იყო: ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსით სვლა, კორუფციასთან ბრძოლა, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება. კიევის დახმარებას ის რუმინეთის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანად მიიჩნევს - რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე.
  • 38 წლის ნაციონალისტი ლიდერი, ჯორჯე სიმიონი, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობდა, პრეტენზიებს აცხადებს უკრაინის მიწებზე და კიევისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. სიმიონი ემხრობა რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანებას, რისთვისაც მას აკრძალული აქვს მოლდოვაში შესვლა. უკრაინაში ის ასევე პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური და ჰომოფობიური გამონათქვამებით.

გამარჯვების შემთხვევაში, სიმიონი ხელისუფლებაში ჯორჯესკუს მოყვანასაც გეგმავდა.


რას აჩვენებს ეს გამარჯვება და როგორ ჩანს საქართველოდან?

ექსპერტების ნაწილს ჰქონდა პროგნოზი, რომ ნაციონალისტ ჯორჯე სიმიონს მეორე ტურში გამარჯვება გაუჭირდებოდა, თუმცა რისკი კვლავ რჩებოდა, რადგან პრორუსმა კანდიდატმა პირველ ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია; ხოლო წინასაარჩევნო გამოკითხვებით, მეორე ტურში გასულ ორივე კანდიდატს თითქმის თანაბარი შანსები ჰქონდა.

  • მეორე ტურის საბოლოო შედეგით: ცენტრისტმა ნიკუშორ დანმა ხმების 53,60% დააგროვა, ხოლო ნაციონალისტმა ჯორჯე სიმიონმა - 46,40%.
  • 4 მაისს, არჩევნების პირველ ტურში, სიმიონის მაჩვენებელი [41%] თითქმის ორჯერ აღემატებოდა დანისას [21%].
  • ნიკუშორ დანი საერთოდ არ მონაწილეობდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის შედეგებიც გაუქმდა.


ნიკუშორ დანი 18 მაისს, გვიან ღამით, ქუჩაში ხალხთან გავიდა.
ნიკუშორ დანი 18 მაისს, გვიან ღამით, ქუჩაში ხალხთან გავიდა.
  • 18 მაისს ჩატარებულ მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 64,72% იყო, რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
  • საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში გამარჯვება ასე გადანაწილდა: ნიკუშორ დანი - 83 უბანი, ჯორჯე სიმიონი - მხოლოდ 11.

“ეს უკვე მესამე სერიოზული წაგებაა რუსეთისთვის, ბოლო 6 თვეში. მანამდე იყო მოლდოვა და სირია - სადაც მოსკოვმა პირწმინდად წააგო ყველაფერი… კიდევ ერთხელ დაიმსხვრა მითი რუსეთის უძლეველობისა და პუტინის გენიალურობის შესახებ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი, ყოფილი დიპლომატი ზურაბ ბატიაშვილი. ანალიტიკოსის თქმით, გასული წლისგან განსხვავებით, რუსეთმა წელს ვეღარაფერი გააწყო, რადგან რუმინეთი ევროკავშირის ქვეყანაა და შეძლო აემოქმედებინა შესაბამისი მექანიზმები, რათა “არჩევნები დემოკრატიულად, მითვისების გარეშე ჩატარებულიყო”.

გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს, ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო TikTok-ის ათიათასობით ანგარიში. სპეცსამსახურები მიუთითებდნენ ასევე კიბერშეტევებზე, ინფორმაციის გაჟონვასა და დივერსიებზე. ლაპარაკი იყო მილიონობით დოლარის ოდენობის ხარჯზე.

ზურაბ ბატიაშვილის თქმით, რუმინეთის არჩევნებში გადამწყვეტი იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომ - “ხელისუფლებაში არ იყვნენ პრორუსული ძალები, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც პრორუსული ძალა [“ქართული ოცება”] არ იძლევა არჩევნების სამართლიანად ჩატარების საშუალებას”.

ბატიაშვილს ეჭვი არ ეპარება - დღეს რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, იქნება შედეგი - „რომელიც ქვეყნის ისტორიასა და ქვეყნის ევროპულ გზას შეეფერება“.

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიკუშორ დანს პრეზიდენტად არჩევა 19 მაისს, საღამოს მიულოცა.

„გულწრფელად ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას. წარმატებას ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში. რუმინეთი საქართველოსთვის ღირებული პარტნიორია და მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - წერს კობახიძე X-ზე.

მანამდე, “ქართული ოცნება” გმობდა რუმინეთში იმ არჩევნების შედეგების გაუქმებას, რომელშიც რუსეთის ჩარევით პრორუსმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

აშშ-ის პრეზიდენტისთვის და ვიცე-პრეზიდენტისთვის მიწერილ ბოლო ხმაურიან წერილში, კობახიძე აღნიშნავდა, რომ, რუმინეთსა და გერმანიაში “ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით, არადემოკრატიული აქტები განხორციელდა”.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს ექსპერტები უსიამოვნო ფაქტად თვლიან უნგრეთის პოპულისტი ლიდერისთვის - ვიქტორ ორბანისთვის, რადგან რუმინეთის ტრანსილვანიის რეგიონში, სადაც მილიონზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს, მასობრივად დაუჭირეს მხარი პროევროპელ ლიბერალ ნიკუშორ დანს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG