Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება“ - რატომ ჩამოართვეს ინკლუზიური განათლების სამმართველოს დამოუკიდებლობა?


შშმ ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, დარგის სპეციალისტები შიშობენ, რომ ინკლუზიური განათლება, რომელიც მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი მონაპოვარია, შესაძლოა, დაიკარგოს.
შშმ ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, დარგის სპეციალისტები შიშობენ, რომ ინკლუზიური განათლება, რომელიც მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი მონაპოვარია, შესაძლოა, დაიკარგოს.

გასულ კვირაში, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო, როგორც ცალკე სტრუქტურა, აღარ არის საჭირო და ის სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს უნდა შეუერთდეს.

ამ გადაწყვეტილებას სპეციალისტები და სამმართველოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას უწოდებენ. განათლების სამინისტრო - ოპტიმიზაციას და ეფექტიანობის გაზრდას.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა არ შეესაბამება სიმართლეს“ - „აცნობებს“ სამინისტრო მოქალაქეებს განცხადებით და იქვე ამატებს, რომ ცვლილებით „ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა“.

რადიო თავისუფლება შეეცადა სამინისტროსგან კომენტარის ჩაწერას, თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე დამატებითი განმარტებები არ კეთდება.

საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან, 9 ივნისი, 2025 წელი
საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან, 9 ივნისი, 2025 წელი

„ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება“

თამარ ჟღენტმა, ინკლუზიური განათლების სამმართველოს ხელმძღვანელმა, შეტყობინება სამმართველოს გაუქმებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 6 ივნისს, ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო.

„რეორგანიზაცია რომ იგეგმებოდა, ამის შესახებ სამინისტრომ თანამშრომლები აპრილის შუა რიცხვებში გააფრთხილა, თუმცა, რა და როგორ მოხდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. პარასკევს მივიღე მეილი, გათავისუფლების შესახებ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ ჟღენტი.

სამმართველოს გაუქმებისა და გათავისუფლების ერთადერთ მიზეზად თამარ ჟღენტი მის ღიად დაფიქსირებულ პოზიციასა და იმ პეტიციას ასახელებს, რომელიც მისი ინიციატივით, შარშან, ნოემბრის ბოლოს, მას შემდეგ დაიწერა, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 2028 წლის ბოლომდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესს.

პეტიციაში ეწერა, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, ევროპული განათლების სისტემის შენების პრინციპებს და რომ ამ პეტიციის ხელმომწერები ერთგულნი რჩებოდნენ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი.

პეტიციის პირველი ხელმომწერი სწორედ თამარ ჟღენტი იყო:

თამარ ჟღენტი, ინკლუზიური განათლების სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი
თამარ ჟღენტი, ინკლუზიური განათლების სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი

„სამმართველოს გაუქმებისა და ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნოემბერში, ხელისუფლების განცხადებებს მთელი რიგი თანამშრომლების მხრიდან მოჰყვა რეაქცია, რადგან ჩვენი სფერო ადამიანის უფლებებს ეფუძნება და თუკი რაიმე გაკეთებულა ამ სფეროში, ყველაფერი უცხოური ორგანიზაციების, დონორების მხარდაჭერით, მათი გამოცდილების გაზიარებით, მათი ექსპერტული ჩართულობით.

ჩვენი მიზანიც ხომ ეს იყო, გავმხდარიყავით ქვეყანა, სადაც ადამიანებს აქვთ ნორმალური სერვისები, სადაც ადამიანი დაფასებული და ღირებულია. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილება კი რეალურად ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

მე ვიყავი ამ პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორი, დავდიოდი აქციებზეც და ჩემს პოზიციასაც ხმამაღლა გამოვხატავდი და კი, მგონია, რომ ეს გახდა რეორგანიზაციისა და ჩემი გათავისუფლების მიზეზი“, - ეუბნება თამარ ჟღენტი რადიო თავისუფლებას.

მისივე თქმით, გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ შეტყობინებამდე გაცილებით ადრე იგრძნო სამსახურში მის მიმართ დამოკიდებულების ცვლილება:

„პეტიციის დაწერისა და ხელმოწერის შემდეგ დაიწყო საქმის კუთხით ჩემი იგნორირება, კონკრეტული საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა, ჩემთან ურთიერთობებისგან თავის არიდება“...

თამარ ჟღენტი, რომელიც სამმართველოს 2019 წლიდან ჯერ უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შემდეგ კი უფროსის სტატუსით ხელმძღვანელობდა, გეგმავს, რომ სასამართლოში იჩივლოს.

თუმცა, უფრო მეტად იმაზე ღელავს, რომ სამინისტროს ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ინკლუზიური განათლების განვითარების პროცესი, რომელიც საქართველოში თითქმის 20 წელია, ნაბიჯ-ნაბიჯ შენდება, შეაფერხოს და წლობით ნაგროვები მიღწევები, რომელმაც ათიათასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვსა და მოზარდს განათლების, სოციალიზაციის, პროფესიების არჩევის შესაძლებლობა მისცა, შეწყდეს:

„პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი გაერთიანებები [იგულისხმება ინკლუზიური განათლების სამმართველოს სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოსთან შეერთება - რ.თ.] ნაკლებად ეფექტიანია და პირიქით, არ ახდენს დადებით გავლენას პროცესებზე და მით უმეტეს, იმ მოცემულობაში, როდესაც ისედაც ძალიან ბევრი საჭიროებაა ინკლუზიური განათლების მიმართულებით, გასაუმჯობესებელია არაერთი მომსახურება და ბევრიც ახალია შესაქმნელი.

ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევა არსებობს და სწორედ ამ ყველაფრის ადვოკატირება უნდა მოეხდინა ინკლუზიური განათლების სამმართველოს. რეალურად, ამ რგოლის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ ეს მიმართულება თავის მნიშვნელობას კარგავს. ეს არის ერთგვარი მესიჯი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაც და ამიტომ ეს არის რისკი, რომ შესაძლებელია, ამას მოჰყვეს უკუეფექტი და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ისედაც არ ეკიდებოდნენ ამ პროცესს, კიდევ უფრო შეფერხდეს პროცესი“, - მიაჩნია თამარ ჟღენტს.

რა არის ინკლუზიური განათლება და რატომ არის მნიშვნელოვანი ცალკე სამმართველოს არსებობა?

ინკლუზიური განათლება არის პროცესი, რომელშიც ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე თანატოლებთან ერთად მონაწილეობს, ისე, რომ გათვალისწინებულია მისი ინდივიდუალური საჭიროებები.

გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (UNCRPD) 24-ე მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფოები ყველა ზომას მიმართავენ იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა განათლების უფლებით დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში ისარგებლონ.

სახელმწიფოები პასუხისმგებლები არიან როგორც ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვაზე, ისე იმაზე, რომ ეს შესაძლებლობა მთელი ცხოვრების განმავლობაში იყოს ხელმისაწვდომი.

საქართველო ასევე აღიარებს UNESCO-ს სალამანკას დეკლარაციას „ინკლუზიური განათლების შესახებ“. ამ დოკუმენტში წერია, რომ ყველა ბავშვს, მათ შორის დახმარების საჭიროების მქონე ბავშვს, უფლება აქვს ისწავლოს სასკოლო დაწესებულებაში.

ცვლილებები სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების დასახმარებლად ჯერ კიდევ 1994 წლიდან დაიწყო არასამთავრობო სექტორმა.

2004 წელს კი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლება, სახელმწიფომ აღიარა როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი და დაიწყო განათლების სისტემური რეფორმა.

ინკლუზიური სწავლების დანერგვაზე წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსურ და მეთოდოლოგიურ დახმარებას წევდა ნორვეგიის მთავრობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა 2005-2008 წლებში ინკლუზიური სწავლების დაგეგმვა დაიწყო თბილისის 10 სკოლაში. ეს პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად იზოლირებული ბავშვებს საზოგადოებაში ინტეგრირებაში დაეხმარა.

„როდესაც ეს პროცესი დაიწყო, ფაქტობრივად, არაფერი არსებობდა - არც ცოდნა, არც გამოცდილება, არანაირი ინფრასტრუქტურა, არანაირი ადამიანური რესურსი. და ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფრის სათავეებთან იდგნენ, ოჯახ-ოჯახ დადიოდნენ, რომ ბავშვები მოეძებნათ, გამოეყვანათ სახლებიდან და სკოლებამდე მიეყვანათ, სადაც თანატოლებთან ერთად შეძლებდნენ განათლების მიღებას.

ყველაფერი დაიწყო ზოგადი განათლების საფეხურიდან, რასაც უკვე მოჰყვა საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზება, შეიქმნა მარეგულირებელი დოკუმენტები, გაჩნდა ახალი პროფესიები, პროგრამები, სპეციალისტები“, - ჰყვება თამარ ჟღენტი, რომლის თქმითაც, მალევე საჭირო გახდა პროცესის სისტემური გაძლიერება და სწორედ ამ დროს, 2012 წელს შეიქმნა ინკლუზიური განათლების სამმართველო:

„სამმართველომ აიღო მაკოორდინირებელი უწყების ფუნქცია. 2024 წლამდე სწორედ სამმართველო ახორციელებდა ინკლუზიური განათლების როგორც პოლიტიკის, ისე პრაქტიკის კომპონენტს, რაც გულისხმობდა ბავშვების სპეციალური საჭიროების შეფასებას, რეკომენდაციების გაცემას საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის“, - ამბობს თამარ ჟღენტი.

აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროსთან, 9 ივნისი, 2025 წელი
აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროსთან, 9 ივნისი, 2025 წელი

ის, რომ ინკლუზიური განათლება მოზარდებისა და მათი მშობლებისათვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ამაზე მეტყველებს, თუნდაც ბოლო ხუთი წლის სტატისტიკაც - სკოლებში, სამივე საფეხურზე, შშმ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება - 2023-2024 სასწავლო წელს 12 800 ბავშვი ესწრება გაკვეთილებს.

ინკლუზიური განათლება მუზეუმში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:58 0:00

თამარ ჟღენტის თქმით, ბოლო წლებში, ინკლუზიურ განათლებაზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ საჭირო გახდა როგორც ადამიანური რესურსის გაზრდა, ისე სხვა ტიპის ცვლილებები და საერთაშორისო ექსპერტების ანალიზის შედეგად, შეიქმნა ინკლუზიური განათლების ახალი სისტემა - ერთმანეთისგან გაიმიჯნა პოლიტიკისა და პრაქტიკის კომპონენტი.

რეფორმის პროცესში, 2024 წლიდან გაფართოვდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. მანდატურის სამსახურში შეიქმნა ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე:

„სამმართველო დარჩა, როგორც ინკლუზიური განათლების პოლიტიკის განმახორციელებელი, ძირითადი თავი, რომელიც განსაზღვრავდა საით და რა მიმართულებით უნდა განვითარებულიყო ინკლუზიური განათლება, რა საჭიროებები არსებობდა და როგორი რეაგირება უნდა ჰქონოდა სახელმწიფოს.

ახლა, როდესაც სამმართველო ამ მოცემულობით აღარ არსებობს და სხვა სამმართველოს მიუერთდა, ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციები აღარ გაფართოვდება.

ის, რაც 20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანის დაუღალავი შრომით, ძალისხმევით, ბრძოლით მოვიპოვეთ, რადგან ინკლუზია ყოველთვის იყო იმ მდგომარეობაში, რომ უწევდა თავისი საჭიროებისა და იმ ადამიანების საჭიროებების მტკიცება, ვისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში დამატებითი მხარდაჭერა, ახლა დგას საფრთხის წინაშე. ის მინიმალური სიკეთეები, რაც დღეს შეუძლია მიიღონ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებმა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმა, არ უნდა დაიკარგოს, არ უნდა გაუქმდეს. ამასთანავე, უმაღლესი განათლება საჭიროებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რადგან ყველაზე ნაკლები ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებითაა გაკეთებული.

სამმართველოს ფუნქცია იყო განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარების ხელშეწყობა და ამ გადაწყვეტილების გამო, არ შეიძლება ეს პროცესი უკან წავიდეს“, - ამბობს თამარ ჟღენტი.

ინკლუზიური განათლების სამმართველოსთან ერთად, რეორგანიზაციის მოტივით, განათლების სამინისტრომ გააუქმა კიდევ ერთი სამმართველო - სკოლამდელი განათლების სამმართველო. თამარ ჟღენტი ამბობს: „ჩემი აღქმით, ესეც ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო“.

„შეწყდეს ჩუმად მიღებული გადაწყვეტილებები“

9 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებმა, უფლებადამცველებმა, განათლების ექსპერტებმა, განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქცია განათლების სამინისტროსთან, 9 ივნისი, 2025 წელი
აქცია განათლების სამინისტროსთან, 9 ივნისი, 2025 წელი

ისინი ინკლუზიური განათლების სამმართველოს, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის მნიშვნელობაზე საუბრობენ და შიშობენ, რომ განათლების სამინისტროს რეორგანიზაცია ინკლუზიური განათლების განვითარებას შეაჩერებს.

აქციის მონაწილეებს განცხადებები შეაქვთ სამინისტროში, 9 ივნისი, 2025 წელი
აქციის მონაწილეებს განცხადებები შეაქვთ სამინისტროში, 9 ივნისი, 2025 წელი

აქციის მონაწილეებს შორის იყო ვიკა ძიძიგური. ის 12 წლის ლილეს, დაუნის სინდრომის მქონე გოგოს დედა და „დაუნის სინდრომის ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

„ზოგადად, უწყებებთან მოლაპარაკებები ბოლო პერიოდში ისედაც სარკასტულად ჟღერს, მაგრამ მაინც არსებობდა ეს ბერკეტი, რომ გვქონოდა ინკლუზიურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ახლა ეს ბერკეტიც მოიშალა და რასაც დემაგოგიურად გვეუბნებიან, რომ თითქოს სხვა დეპარტამენტს შეუერთეს და უფრო უკეთესი გეგმები აქვთ, ვერანაირად დაგვარწმუნებენ ამაში, რადგან ის გუნდი, რომელიც ინკლუზიური განათლების პოლიტიკას ქმნიდა, აღარ არსებობს“, - გვეუბნება ვიკა ძიძიგური, ერთ-ერთი იმ ათობით ადამიანს შორის, რომლებმაც 9 ივნისს, განათლების სამინისტროში განცხადებები შეიტანეს და მოითხოვეს ინკლუზიური განათლების სამმართველოს, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურის აღდგენა.

9 ივნისს, პროტესტის გამოსახატად იყო მისული განათლების სამინისტროსთან ზვიად კვარაცხელიაც. ის 14 წლის ნიკოს მამაა, ბიჭს აუტისტური სპექტრი აქვს:

„სუსტები უნდა დაჩაგრონ. მე სწორედ ასე ვხედავ ამ ყველაფერს. მაშინ, როცა ეს სამმართველო უწევდა ადვოკატირებას შშმ პირებს, მოსწავლეებს, ბაღიდან მოყოლებული ქმნიდა ერთიან ჯაჭვს, სადაც შშმ ბავშვების ნიჭი არ დაიკარგებოდა, ისინი იგრძნობდნენ თავს საგანმანათლებლო პროცესის სრულფასოვან მონაწილედ, ახლა ეს ყველაფერი საფრთხის წინაშე დგას. არის საშიშროება, რომ დავბრუნდეთ იმ რეალობაში, როდესაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სახლში ჰყავდათ გამოკეტილი. ჩვენ გვახსოვს ასეთი რეალობა საბჭოთა პერიოდში, როდესაც მათი არსებობის შესახებაც კი არ ვიცოდით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად კვარაცხელიამ.

სპეციალისტი განათლების საკითხებში, სიმონ ჯანაშია, ჯერ კიდევ განათლების სამინისტროში მუშაობდა, როდესაც ქვეყანაში ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესი დაიწყო. რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ინკლუზიური განათლების მიმართულება, განათლების სამინისტროს ერთ-ერთი იშვიათი პროგრესული ნაწილი იყო და ამაზე მეტყველებს პროცესში ჩართული ბავშვების მზარდი სტატისტიკაც.

ამბობს, რომ თითქმის ოცწლიანი შრომის შედეგი, დღეს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებებს ეწირება:

სიმონ ჯანაშია, ექსპერტი განათლების საკითხებში
სიმონ ჯანაშია, ექსპერტი განათლების საკითხებში

„აქ ვმუშაობდი, როდესაც საპილოტე პროგრამა დავიწყეთ და მასში სულ 10 სკოლა იყო ჩართული. დღეს უკვე იქამდე მივედით, რომ გვაქვს პრეტენზია, ინკლუზიური განათლება საქართველოს ყველა სკოლაში იყოს დანერგილი. ყოველ დღე იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ჩართულები არიან ინკლუზიური განათლების სისტემაში.

თუმცა, ახლა რა ხდება? განათლების სამინისტროდან იშორებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც შედარებით დამოუკიდებლად მოქმედებდა და ვინც გამოთქვა პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. ვინც მოაწერა ხელი პეტიციებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხალხის გაშვება ხდება თანმიმდევრულად. პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლება მზად არის, საკუთარ კეთილდღეობას შესწიროს საქმე“.

დარგის კიდევ ერთი სპეციალისტი, რეზო აფხაზავა, 2000-იანების დასაწყისში, თავად იყო იმ პროცესის მონაწილე, როდესაც ქვეყანაში ინკლუზიური განათლება პირველ ნაბიჯებს დგამდა, პირადად ხვდებოდა შშმ ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს. ის ჩართული იყო საპილოტე პროგრამის შემუშავებაშიც.

ამბობს, რომ თავად თემის წარმომადგენლების მხრიდან გამოიკვეთა სურვილი და საჭიროება, რომ განათლების სამინისტროს შიგნით შექმნილიყო ინკლუზიური განათლების პროცესზე პასუხისმგებელი ინსტიტუტი.

„ჩვენს ქვეყანაში, როდესაც გაზავებულია პასუხისმგებლობები და ყველა ყველაფერზეა პასუხისმგებელი, სინამდვილეში, აღარავინ აღარაფერზეა ხოლმე პასუხისმგებელი. ზოგადად, ეს დამოკიდებულება არამარტო აზიანებს ამ მიმართულებას და უამრავ ბავშვსა და მშობელს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის, ეს არის ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებაც, თავიდან იშორებენ პროფესიონალებს, ადამიანებს, რომლებსაც შესწევთ ძალა, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია. სამწუხაროდ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას შეუძლია გაწიროს ჩვენი შვილების მომავალი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად“, - ამბობს რეზო აფხაზავა.

პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან დღემდე, „ქართული ოცნების“ მთავრობამ რეორგანიზაციის მოტივით არაერთი ცენტრი, სამსახური თუ სამმართველო გააუქმა.

მაგალითად, მიმდინარე წლის მარტიდან გაუქმდა საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრი და საჯარო სამსახურის ბიურო. კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, რადიო თავისუფლებისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ ხელმძღვანელობამ დაიბარა, კოლეგების თანდასწრებით უსაყვედურა და ცენტრის გაუქმების და მათი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ აცნობა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 1 ივლისიდან უქმდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი. გადაწყვეტილებას მთავრობის სახელით ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

ლიკვიდირებული ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სამინისტრო.

უქმდება საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი იყო.

რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში უთხრეს, რომ ცენტრი „რეორგანიზაციის შედეგად უერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს“.

სამინისტროს პრესცენტრიდან მოგვწერეს, რომ „თანამშრომლების და ადამიანური რესურსის საკითხიც განსაზღვრული იქნება რეორგანიზაციის პოლიტიკიდან“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის აპრილის ჩათვლით, 700-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური მოტივებით. თანამშრომლები გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან, თბილისის მერიიდან და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებიდან, იუსტიციის სახლიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, მთავრობის ადმინისტრაციიდან და სხვა:

„ამ უწყებებში, ძირითადად რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ან თანამდებობიდან გადააყენეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ“, - აცხადებდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG