Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვთა თვითმკვლელობების გამოუძიებელი საქმეები - „ვიგრძენი, რომ გამომძიებელი უყურადღებოდ ეკიდებოდა საქმეს“


„გამომძიებლებს რომ ვურეკავ, ხან არ მპასუხობენ, ხან მეუბნებიან, აი, არასრულწლოვანებმა იჩხუბეს და ახლა მაგაზე ვართ გადართულებიო“...
„გამომძიებლებს რომ ვურეკავ, ხან არ მპასუხობენ, ხან მეუბნებიან, აი, არასრულწლოვანებმა იჩხუბეს და ახლა მაგაზე ვართ გადართულებიო“...

„ჩემი შვილის თვითმკვლელობის პირველივე დღეებიდან ვიგრძენი, რომ გამომძიებლები ამ საქმეს უყურადღებოდ ეკიდებოდნენ“, - 39 წლის სოფიომ* ვერ მიაღწია იმას, რომ გამომძიებელმა მისი შვილის ტელეფონსა და კომპიუტერში დარჩენილი ინფორმაცია შეისწავლოს.

14 წლის ნინოს* ტელეფონი და ლეპტოპი, როგორც ნივთმტკიცებები, გამომძიებლებმა თვითმკვლელობის ღამესვე წაიღეს, თუმცა ისინი ორი თვის თავზეც არ გაუხსნიათ.

ნინოს დედა დარწმუნებულია, რომ ორივეგან დარჩენილი ინფორმაცია დიდწილად ნათელს მოჰფენდა მისი შვილის თვითმკვლელობის მიზეზებს.

სოფიო არ არის ერთადერთი დედა, რომელიც რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათი შვილების თვითმკვლელობის საქმეებს გულდასმით არ იძიებენ და ახლა დახმარებას იურისტებს სთხოვენ.

რას ამბობენ რიცხვები?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 700-მდე სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევა აღირიცხება:

  • 2022 წელი - 671
  • 2023 წელი - 637

2024 წლის პირველ ექვს თვეში, სამართალდამცავებმა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის 333 შემთხვევა დაარეგისტრირეს, მათგან 247-მა ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ყველაზე ახალგაზრდა 15 წლის გოგო იყო, ყველაზე ხანდაზმული 89 წლის ქალი. ამავე მონაცემის თანახმად, სუიციდი სცადა 12 წლის გოგომაც. ის ამ სტატისტიკაში ყველაზე პატარაა.

თვითმკვლელობების საქმეების გახსნის მაჩვენებელი რომ ძალიან დაბალია, ამაზე მეტყველებს, მაგალითად, ბოლო ორი წლის, 2023-2024 წლების სტატისტიკაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს, თვითმკვლელობამდე მიყვანის, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, 1016 საქმე დარეგისტრირდა. მათგან სულ 6 საქმე გაიხსნა.

2024 წელს, ამავე მუხლით დარეგისტრირდა კიდევ უფრო მეტი - 1112 საქმე, დანაშაულის მატების 10%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა, თუმცა გაიხსნა მხოლოდ 9 საქმე.

„ხან არ მპასუხობენ, ხან მეუბნებიან, აი, არასრულწლოვანებმა იჩხუბეს და მაგაზე ვართ გადართულებიო“

14 წლის ნინომ სიცოცხლე თვითმკვლელობით 16 მარტს დაასრულა. დედა, რომელიც ახლა ნინოს 8 და 5 წლის და-ძმას მარტო ზრდის, თითქმის ორი თვეა გამოძიებისგან პასუხებს ელის. თუმცა ამბობს, რომ მათთან კომუნიკაცია გადაულახავ ბარიერად ექცა:

„მე რომ ვურეკავ, ტელეფონს არ იღებენ. უშედეგოდ ველოდები, რომ დამირეკოს ან გამომძიებელმა, ან პროკურორმა, მათთვის ინფორმაცია მაქვს მისაწოდებელი. ჩემი შვილის მეგობრები საუბრობენ, რას განიცდიდა ის ბოლო პერიოდში, მეგობრებთან უფრო შეეძლო ალბათ თავის ემოციებზე ღიად ლაპარაკი, გვაქვს "სქრინებიც".

ორი თვე გადის უკვე. ერთხელ რომ დავურეკე გამომძიებელს, მიპასუხეს, არასრულწლოვანებმა იჩხუბეს და ამ საქმეზე ვართ გადართულიო, კიდევ რომ დავურეკე, რაღაც ყაჩაღობა მოხდა და იმას ვიძიებთო. ჩემი შვილის თვითმკვლელობის საქმეც ხომ უნდა გამოიძიონ? ეს საქმეები რატომ არ არის პრიორიტეტი? ხომ უნდა ვიცოდე ზუსტი პასუხი, რამ მიიყვანა ჩემი შვილი ამ ზომამდე, ძალიან რთულია ასეთ დროს დავხუჭო თვალები“, - ამბობს ნინოს დედა, სოფიო და რადიო თავისუფლებას უყვება, რომ წლების განმავლობაში ქმრის მხრიდან სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი იყო. უფროსი შვილი ამას განიცდიდა - დედა-შვილი ხშირად საუბრობდნენ ამაზე.

„ქმარს ორი წლის წინ დავშორდი. ამ წლების განმავლობაში სამჯერ ჰქონდა გამოწერილი შემაკავებელი ორდერი. ბავშვი კარგად აანალიზებდა ყველაფერს, მამას დაჰპირისპირებია კიდეც ამის გამო. ნინოს ძალიან უყვარდა მამა და კიდევ უფრო მეტად განიცდიდა...

ძალიან ზრუნავდა ჩემზე, სულ მამხნევებდა, გვერდში მედგა, როგორც დიდი ადამიანი. იმ საღამოსაც გვქონდა საუბარი, რომ გავყიდდით ბინას, გადავიდოდით სხვაგან, გამოვიცვლიდით გარემოს.

გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ნინო უმცროს ძმასთან ერთად წავიდა მამის სანახავად. იქიდან თვალცრემლიანი მოვიდა. მე ცივად შემხვდა და ჩემს ძმას ჩაეხუტაო. ამას ძალიან განიცდიდა, რადგან არ იყო პირველი შემთხვევა. გამოძიებასაც ვუთხარი, თუმცა მათ ეს ინფორმაცია რატომღაც ყურად არ იღეს.

მე ვერავის დავადებ ხელს და სწორედ ამიტომ ვითხოვ სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას, ამიტომ ვითხოვ ტელეფონისა და კომპიუტერის გახსნას, იქნებ რა მიზეზები არსებობდა, რის გამოც ნინომ ეს ნაბიჯი გადადგა, იქნებ ვინმე ემუქრებოდა, აშანტაჟებდა? იქნებ სხვა ახალგაზრდებიც არიან ახლა საფრთხის წინაშე? ხომ უნდა გამცეს პასუხი გამოძიებამ?“ - ამბობს სოფიო.

14 წლის ნინოს დედის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი განიცდიდა ოჯახში არსებულ მდგომარეობას, მისთვის არასდროს შეუმჩნევია, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობდა:

„იმ საღამოსაც ერთად ვივახშმეთ. მეორე დღეს კლასელის დაბადების დღე იყო, წავედით, საჩუქარი ვიყიდეთ მისთვის, ჩანთაც ჩაალაგა სკოლისთვის...

ბავშვობიდანვე დინჯი იყო. ჰყავდა მეგობრები, მათთან ურთიერთობისას იყო მხიარული, კარგად სწავლობდა. მე და ჩემს შვილს ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ბევრ ისეთ საკითხზე ვსაუბრობდით, რაზეც მისი თანატოლები, როგორც წესი, მშობლებთან არ ლაპარაკობენ ხოლმე. რასაც ახლა მისი მეგობრები მიყვებიან, მე ეს ისედაც ვიცოდი. ფსიქოლოგის დახმარებაც შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა“.

სოფიო ამბობს, რომ შვილის თვითმკვლელობის შემდეგ, პოლიციაში მას უთხრეს, რომ ნინოს მცირეწლოვან და-ძმასთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი იმუშავებდა, მაგრამ არავინ გამოჩენილა:

„ველოდებოდი, რომ სოციალური სამსახური დამიკავშირდებოდა, მაგრამ არავინ შეგვხმიანებია. ახლა უკვე ჩემით მივმართე ფსიქოლოგს. ვერც იმ სახლში გავჩერდით და დედასთან გადავედით საცხოვრებლად... ძალიან უჭირთ ამ სტრესთან გამკლავება, ენატრებათ, ღამით უჭირთ დაძინება. 8 წლის და ნინოს ოთახიდან აღარ გამოდიოდა, მისი ნივთების გარემოცვაში გადაცხოვრდა“.

„გამოძიებამ ისიც კი არ მითხრა, კონკრეტულად სად მოიკლა ჩემმა შვილმა თავი“

4 წელია გამოძიებისგან პასუხებს ელის მაია შამოიანი. 17 წლის იყო მისი შვილი, დათო, სიცოცხლე სუიციდით რომ დაასრულა.

დედამ, რომელიც ოთხი წელია ელოდება გამოძიებისგან პასუხს, ისიც კი არ იცის დანამდვილებით, მისმა შვილმა თავი მოიკლა, თუ იქნებ ეს თვითმკვლელობის ინსცენირება იყო.

შვილის სიკვდილის შესახებ მაიამ 2021 წლის 23 აგვისტოს, სამსახურში შეიტყო:

„ჩემი შვილი სიმაღლიდან ვარდნის შედეგადაა გარდაცვლილი, თუმცა გამოძიებისგან ჯერ კიდევ არ მაქვს ზუსტი პასუხი, საიდან გადმოვარდა. გამომძიებელი ხან დაკავებული იყო, ხან არ გვპასუხობდა, როცა გვპასუხობდა, გვეუბნებოდა, რომ სიახლე არაფერია. ამიტომ გადავწყვიტე, რომ დახმარებისთვის იურისტისთვის მიმემართა. საკუთარი ძალებით ვერაფერს გავხდით“, - ამბობს მაია.

17 წლის ბიჭის დედა ამბობს, რომ შვილისთვის უჩვეულო განწყობა, ხასიათის ცვლილება არ შეუმჩნევია:

„დათოს არანაირი წინაპირობა არ ჰქონდა, რომ თავი მოეკლა. არ იყო დეპრესიული, აგრესიული. სახლშიც მშვიდ გარემოში იზრდებოდა. მე და მამამისს მასთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ჩვენი სახლიდან არასდროს გასულა ხმამაღალი ლაპარაკის ხმა. სამსახურშიც რომ ვიყავი, ხშირად მქონდა მასთან კომუნიკაცია, ყოველთვის მპასუხობდა ზარებზე. ნეტა ყოფილიყო რაიმე უჩვეულო, რომ შემემჩნია და ყურადღება გამემახვილებინა. მე დღემდე არ ვიცი, იქნებ, ეს არ იყო თვითმკვლელობა?..“

„სახელმწიფო არ იჩენს ინტერესს, გამოიძიოს და გაანალიზოს ბავშვთა თვითმკვლელობის ფაქტები

14 წლის ნინოსა და 17 წლის დათოს თვითმკვლელობის საქმეების შესწავლას ახლა იურისტი, ექსპერტი ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხებში, ელისო რუხაძე ცდილობს. მან უკვე დაწერა განცხადებები და საჩივრები გენერალურ პროკურატურაში.

8 მაისს გენერალურ პროკურატურასთან არსებულ სიცოცხლის ხელყოფის საქმეების სპეციალურ საბჭოში ელისო რუხაძეს უთხრეს, რომ 14 წლის ნინოს ტელეფონსა და ლეპტოპს მომავალი კვირიდან გამოიკვლევენ.

მისი დაკვირვებით, და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, გამოძიებას თვითმკვლელობის საქმეებზე, „სხვაგვარად აქვს დალაგებული პრიორიტეტები“.

იურისტის თქმით, სუიციდის მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობს არც თვითმკვლელობის პრევენციასა და არც გამოძიების მიმართულებით:

ელისო რუხაძე, იურისტი
ელისო რუხაძე, იურისტი

„სამწუხაროდ, გვაქვს თვითმკვლელობის ისეთი საქმეებიც, სადაც წლებია გასული და ჯერ ისევ არ არის ამოწურული საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორისაა სწორედ 17 წლის დათოს თვითმკვლელობის საქმეც. ოჯახი დღემდე არ იცნობს საქმის მასალებს. რეალურად, ასეთ საქმეებს თუ პატრონი არ გამოუჩნდება ხოლმე, ეს საქმეები რჩება გამოუძიებელი“, - ამბობს ელისო რუხაძე.

მისივე თქმით, დღეს ვერ და არ ხდება სუიციდის რისკების გამოვლენა და მოზარდებს ხშირად უწევთ ცხოვრება „უთქმელ ტანჯვაში“:

„ძალიან შეზღუდულია ბავშვებისთვის რეაბილიტაციის სერვისები, განსაკუთრებით რეგიონებში. ბავშვებს, რომლებიც მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიან, არ აქვთ განცდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებიან და შემდეგ იწყებენ ფიქრს გამოუსწორებელ შეცდომაზე, თვითმკვლელობაზე“, - ამბობს ელისო რუხაძე.

მზარდი სტატისტიკის ფონზე, ქვეყანას არ აქვს სუიციდის პრევენციის სტრატეგია

2019 წელს საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობდა, რომ ქვეყანაში უნდა შექმნილიყო სუიციდის პრევენციის პროგრამა. ეს პროგრამა გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 2015-2016 წლებში უნდა შემუშავებულიყო.

სუიციდის პრევენციის პროგრამა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დახმარებით 2013 წლიდან ამოქმედდა სასჯელაღსრულების სისტემაში. სუიციდის პრევენციის პროგრამის შესახებ საგანგებოდ დამუშავებული კურიკულუმითა და მეთოდოლოგიით გადამზადდა 900-მდე სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალი, ციხის დირექტორები, დირექტორების მოადგილეები და მთავარი ექიმები.

სუიციდის პრევენციის გადამზადების კურსები გაიარეს სოცმუშაკებმაც, თუმცა დღემდე საქართველოში არ არსებობს ერთიანი, სუიციდის პრევენციის სტრატეგია, რომელიც, როგორც წესი, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს.

სტრატეგია უნდა აერთიანებდეს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა პრობლემის მუდმივი ანალიზი, თვითმკვლელობის ქცევის რისკისა და დამცავი ფაქტორების გამოვლენა, სუიციდისადმი მიდრეკილი ჯგუფების იდენტიფიცირება, უწყებებს შორის ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის სისტემის შექმნა. უწყვეტი კვლევები.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა, რომელმაც სუიციდის პრევენციის პროგრამაზე სასჯელაღსრულების სისტემაში იმუშავა და რომელსაც დღესაც ხშირად უწევს მუშაობა სუიციდის მცდელობის მქონე ადამიანებთან, მათ შორის, მოზარდებთან, ამბობს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს სუიციდის პრევენციის სტრატეგია:

მაია ცურამუა, ფსიქოლოგი
მაია ცურამუა, ფსიქოლოგი

„გადამზადებულ სპეციალისტებს უნდა შეეძლოთ ნიშნების ამოცნობა. უნდა იცოდნენ ეთიკური სტანდარტი, როგორ მოიქცნენ ასეთ სიტუაციებში, და რაც მთავარია, უნდა იცოდნენ, სად ამისამართებენ ამ პრობლემის მქონე ადამიანებს, მათ შორის, მოზარდებს.

უნდა არსებობდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც მათთან გადამისამართებული ბავშვის სუიციდის რისკს განსაზღვრავს - მაღალია, საშუალო თუ დაბალი. როდესაც რისკი განისაზღვრება, მერე უნდა არსებობდეს სპეციალური სერვისები, რომელიც ამ რისკის მართვაზე იქნება ორიენტირებული.

ასევე ძალიან დიდი როლი აქვს ოჯახს ან იმ სისტემას, სადაც ეს ბავშვი იმყოფება, მათ შორის, სკოლას. მათაც ასწავლი რისკის განსაზღვრას, რას მიაქციონ ყურადღება, როდის უნდა დაუკავშირდნენ სპეციალისტს.

ძალიან ხშირად გირეკავს ადამიანი, გეუბნება, რომ რაღაცას ამჩნევს ბავშვს, მაგრამ არ იცი, ვის გაუგზავნო, სად გადაამისამართო, ყველა დაკავებულია. ეს ის პრობლემაა, სადაც უნდა მოქმედებდეს დაუყოვნებლივ ჩარევის სისტემა, ამის გადადება არ შეიძლება.

მოდელი, რომელიც თავის დროზე პენიტენციურ სისტემაში შეიქმნა, შეიძლება გავრცელდეს მთლიანად სახელმწიფო დონეზე და ამაზე მუშაობა აქამდეც უნდა დაწყებულიყო“, - ამბობს მაია ცირამუა.

დღეს ქვეყანაში არ არის განსაზღვრული სუიციდისა და სუიციდის მცდელობების აღრიცხვისა და რეგისტრაციის სანდო სისტემა. არ არის იდენტიფიცირებული ერთი პასუხისმგებელი უწყება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების პროცესს.

როგორც წესი, მონაცემები სხვადასხვა სექტორში მუშავდება და სპეციალისტების თქმით, გარდა იმისა, რომ არსებობს საფუძვლიანი კითხვები დამუშავების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდია ცდომილება იმ მონაცემებს შორის, რომლებსაც ეს უწყებები ამუშავებენ და ოფიციალურად აქვეყნებენ.

სუიციდი სიკვდილის 20 წამყვანი მიზეზიდან ერთ-ერთია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად, 700 000-ზე მეტი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით.

15-29 ასაკის ახალგაზრდებში სუიციდი მესამე ადგილზეა სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის.

*ანონიმურობის დაცვის მიზნით შეცვლილია სახელები - სოფიო და ნინო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG