18 წლის ბიჭის მკვლელობის გამო პოლიციამ ორი კაცი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავა.
ვინ არიან ბრალდებულები, რას ამბობს პროკურატურა?
12 მაისს პროკურატურამ წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევ 36 წლის ივანე გიგლემიანს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ხულიგნური ქვენაგრძნობით და სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
45 წლის რაჯი პაკელიანს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას (სსკ-ის 376-ე მუხლი) ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, „რატის ბარში“ ბრალდებულმა კაცმა ალეკო შაკიაშვილს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები დანით მიაყენა. ახალგაზრდა მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელიც პროკურატურის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, განზრახ მკვლელობა, ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
რას ამბობს მოკლული ბიჭის ოჯახის წევრი?
ალეკო შაკიაშვილი ყვარლის რაიონიდან, სოფელ გავაზიდანაა. სკოლა იქ დაამთავრა. მშობლებთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა.
რადიო თავისუფლება მის ბიძაშვილს, მარიანა ბასილაშვილს, ელაპარაკა.
„რა მოხდა ბარში, ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ვიცით, რომ იქ მეგობრებთან ერთად იყო. ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს შემთხვევით გაჰკრა მხარი ალეკომ იმ ადამიანს. ალეკო განზრახ არავის არაფერს დაუშავებდა, ეს გამორიცხულია. იმიტომ არა, რომ ჩემი მამიდაშვილია, განსაკუთრებულად მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. ერთად გავიზარდეთ. ვოცნებობდით, რომ ბიძაშვილ-მამიდაშვილებს ერთად გვეყიდა სახლი და ერთად გვეცხოვრა, - ეუბნება მარიანა ბასილაშვილი რადიო თავისუფლებას და ამატებს, - უყვარდა პოეზია, ლექსები...ხშირად კითხულობდა ხოლმე მათ ხმამაღლა, მეგობრების, ახლობლების წრეში.“
„რატის ბარის“ სიახლოვეს დასაქმებულებმა, რომლებიც გაზეთებსა და ყვავილებს ყიდიან, 11 მაისს, გამთენიისას, ბარში მომხდარი მკვლელობის შესახებ ბევრი არაფერი იციან:
„მე დილით ადრე, 8 საათიდან ვიწყებ მუშაობას. რომ მოვედი, უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. ბარი ღამით, დაახლოებით 9 საათიდან იხსნება. არის ხოლმე დღეები, როცა გვიან ღამემდე ვრჩები, ბიჭები ყვავილებს ყიდულობენ გოგოებისთვის...სწორედ აქედან ვიცი, რომ დაცვა სულ დგას ბართან.
თქვეს, რომ მკვლელობა შიგნით, ბარის ტერიტორიაზე მოხდა. რაც მე მინახავს, ბარის დაცვა სულ ამოწმებს ბარში შემსვლელებს, რაიმე აკრძალული ხომ არ შეაქვთ. ამიტომ უცნაურია, როგორ შეიტანა იმ ადამიანმა ბარის ტერიტორიაზე დანა, თუკი მართლა ბარში მოხდა მკვლელობა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ყვავილების გამყიდველი ქალი.
დანარჩენებს ლაპარაკი არ სურთ: „არაფერი ვიცი, შარში ნუ გამხვევთ, თუ ღმერთი გწამთ“, - ამბობს კიდევ ერთი გამყიდველი
რადიო თავისუფლება ესაუბრა მკვლელობაში ბრალდებული ივანე გიგლემიანის ადვოკატს, გიორგი ბარდაველიძეს. ის ამბობს, რომ მხოლოდ ერთადერთი რამ შეუძლია თქვას:
„ვიზიარებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის მწუხარებას, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ვიყენებ დუმილის უფლებას“.
პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სასამართლო სხდომა, სავარაუდოდ, ხვალ, 13 მაისს, გაიმართება.
ფორუმი