Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სურს გერმანიის ახალ კანცლერს და რას უნდა ელოდოს საქართველო


გერმანიის ახალარჩეული კანცლერი ოლაფ შოლცი მთავარ პრიორიტეტად ევროპის გაძლიერებას ასახელებს. 7 მაისს ის პარიზსა და ვარშავაში იყო ჩასული.
გერმანიის ახალარჩეული კანცლერი ოლაფ შოლცი მთავარ პრიორიტეტად ევროპის გაძლიერებას ასახელებს. 7 მაისს ის პარიზსა და ვარშავაში იყო ჩასული.

საყოველთაო მილოცვების ფონზე, გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 მაისს საფრანგეთსა და პოლონეთში ჩავიდა. ძლიერი, შეკავშირებული ევროპა და უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა, აშშ-ის ჩართულობით - გერმანიის ახალი, კონსერვატორი კანცლერის პრიორიტეტებია.

ევროკავშირის გაფართოების მკაფიო მხარდამჭერის - ფრიდრიხ მერცის - ჩამონათვალში ყოველთვის იყო საქართველო, როცა ის მომავალ ახალ წევრებზე ლაპარაკობდა; თუმცა თბილისსა და ბერლინს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების გამო, მისი ლიდერობით შექმნილი მმართველი კოალიციის პროგრამაში ახლა საქართველო სხვა ქვეყნებისგან განცალკევებით, დათქმებით არის მოხსენიებული.

პირველი ვიზიტები - „ვაიმარის სამკუთხედის“ შეკვრა

„გარღვევის დაპირება და იგივე მოთხოვნა: წინ წავწიოთ ევროპა. ამის გაკეთება ჩვენზეა დამოკიდებული. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზში, ბუნდესკანცლერო!“ – 7 მაისს ამ სიტყვებით შეეგება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გერმანიის კანცლერად წინა დღით არჩეულ ფრიდრიხ მერცს, რომელსაც ექსპერტები, გერმანიის როლის გაძლიერებასთან ერთად, თავად ევროპის გაძლიერების იმედებსაც უკავშირებენ.

პარიზში შეხვედრის მთავარი საკითხები ევროპის უსაფრთხოება, გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერა იყო. მაკრონმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია ევროპის უსაფრთხოება საფრანგეთისა და გერმანიის მტკიცე ერთობისა და უკრაინის მხარდაჭერის გარეშე. მაგრამ ევროპელი ლიდერები ომის შეჩერებაში აშშ-ის ჩართულობის აუცილებლობას ხედავენ.

„უკრაინას კვლავ შეუძლია ჰქონდეს გერმანიის და საფრანგეთის იმედი. და პრეზიდენტ ტრამპს აქვს ასევე ჩვენი სრული მხარდაჭერა, როცა საქმე ომის დასრულებას შეეხება”; "[ომი ვერ დასრულდება] აშშ-ის შემდგომი პოლიტიკური ვალდებულებების გარეშე”, - განაცხადა 7 მაისს ფრიდრიხ მერცმა პარიზში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

7 მაისს, საფრანგეთის შემდეგ, გერმანიის ახალმა კანცლერმა პირდაპირ პოლონეთისკენ აიღო გეზი.

"როიტერსი" აღნიშნავს, რომ პირველი ვიზიტისთვის შერჩეული მარშრუტი კვლავ უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებასა და პოლონეთის საკვანძო როლის ხაზგასმას ემსახურებოდა.

„ევროპის გულში გერმანულ-პოლონური მჭიდრო პარტნიორობა თავისთავადი უნდა იყოს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ მთელი ძალით. ვალდებული ვართ ჩვენი მოქალაქეებისა და ევროპის წინაშე“, - დაწერა ფრიდრიხ მერცმა სოციალურ პლატფორმა X-ზე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ.

8 მაისს პოლონეთის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერცმა და ტუსკმა განიხილეს უსაფრთხოების საკითხები და მათ შორის - "Patriot-ის სისტემის გერმანული რაკეტების არეალის გაფართოება პოლონეთში". საუბრის თემებს შორის ასევე იყო უკანონო მიგრაცია და ორ ქვეყანას შორის ჩქაროსნული სარკინიგზო კავშირის გეგმები.

"როგორც პოლონურ-გერმანულ-ფრანგული ურთიერთობების ვეტერანი, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის მომავალი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ვაიმარის სამკუთხედი", - დონალდ ტუსკის სიტყვები პოლონურ გამოცემა NFP-ს მოჰყავს.


„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიის კანცლერები, ტრადიციულად, თავიანთ პირველ ვიზიტს ყოველთვის საფრანგეთში მართავენ. ეს არ არის სიახლე, მაგრამ პარიზიდან პირდაპირ ვარშავაში ჩასვლა მიანიშნებს ფრიდრიხ მერცის სრულიად ახალ ხედვაზე - თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპული ერთობისთვის ახალი იმპულსის მიცემა.

„ვაიმარის სამკუთხედიც“ თავის დროზე იმიტომ შეიქმნა, რომ ხაზი გაესვათ დასავლეთ [გერმანია, საფრანგეთი] და აღმოსავლეთ ევროპის [პოლონეთი] ერთიანობისთვის“, - გვეუბნება გიგი გიგიაძე, საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი, ყოფილი ელჩი დანიაში.

გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი გასული საუკუნის დასაწყისში შექმნილი ფორმატის - „ვაიმარის სამკუთხედის“ - წევრები არიან.

1991 წელს შექმნილი „ვაიმარის სამკუთხედის“ ყველაზე მთავარ მიღწევად ხშირად სახელდება პოლონეთის დაჩქარებული გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, „სამკუთხედი“ აქტიურობს უკრაინის მხარდაჭერაში. დიდი ხანია არსებობს ვარაუდი, რომ ომის დასრულების შემდეგ, „ვაიმარის სამკუთხედს“ შესაძლოა უკრაინაც შეუერთდეს და ეს ფორმატი ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ქვაკუთხედად იქცეს.

„ვაიმარის სამკუთხედმა“ , სხვადასხვა დროს, მკაცრად გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა - მათ შორის მომიტინგეებზე ძალადობა, პოლიტიკური პოლარიზაცია, ევროინტეგრაციის შეჩერება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ხარისხი.

  • ფრიდრიხ მერცი ბუნდესკანცლერად 6 ნოემბერს მეორე ცდაზე აირჩიეს - 325 ხმით, 289-ის წინააღმდეგ. პირველი კენჭისყრა ჩავარდა - როცა მერცს გამარჯვებისთვის ექვსი ხმა დააკლდა. მხარდამჭერებმა მომხდარს "ისტორიული მარცხიც" უწოდეს, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა კანცლერის არჩევას ორი ტური დასჭირდა.


ევროპის გაძლიერება

გერმანიისა და მთლიანად ევროპის გაძლიერების იმედებს ფრიდრიხ მერცზე ჯერ კიდევ მანამდე ამყარებდნენ, ვიდრე ის 2025 წლის თებერვალში გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ბლოკის (CDU-CSU) სახელით იყრიდა კენჭს.

წინასწარვე ჩანდა, რომ მერცი გერმანიის მომავალი კანცლერი გახდებოდა.

იყო პროგნოზი, რომ ევროპის სახალხო პარტიის [EPP] დახმარებით მერცი გაზრდიდა გერმანიის ზეგავლენას ევროპის ძალაუფლების ცენტრში. მერცის პოლიტიკური ჯგუფი სწორედ EPP-ის ოჯახიდან არის.

“ჩემთვის აბსოლუტური პრიორიტეტია ევროპის გაძლიერება რაც შეიძლება სწრაფად, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ რეალურად მივაღწიოთ აშშ-სგან დამოუკიდებლობას [თავდაცვის სფეროში]”, - თქვა ფრიდრიხ მერცმა თებერვალში, როდესაც მისმა პოლიტიკურმა ბლოკმა პირველი ადგილი მოიპოვა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში. მან არაერთხელ გამოხატა იმედგაცრუება ტრამპის ადმინისტრაციის მისამართით. არჩევნების შემდეგ გამართულ პოლიტიკურ დებატებში იმჟამად მომავალმა კანცლერმა აღნიშნა, რომ აშშ “ინდიფერენტულია ევროპის ბედის მიმართ”.


კიდევ რას აპირებს ფრიდრიხ მერცი?

კანცლერის არჩევისას პირველი კენჭისყრის ჩავარდნას კრემლის სახელმწიფო მედიის სიხარული მოჰყვა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა.

„მადლიერებითა და პატივისცემით ვუყურებ ჩემს არჩევას გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტზე. საქმეს შევუდგები გამბედაობითა და თავდაჯერებით. რადგან ჩვენ ძლიერი ქვეყანა ვართ - და ჩვენს ქვეყანას შეუძლია გააკეთოს მეტი!“ - თქვა მერცმა კენჭისყრის შემდეგ, 6 მაისს, ბუნდესტაგში.

მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ბლოკის (CDU-CSU) გამარჯვება თავიდანვე დიდი დარტყმა იყო მოსკოვისთვის; რადგან ბლოკი თავიდანვე მკაფიოდ უჭერდა მხარს უკრაინას და საყოველთაოდ იყო ცნობილი მერცის დაპირებაც - უკრაინისთვის შორი მოქმედების გერმანული ფრთოსანი რაკეტების [TAURUS] მიწოდების შესახებ. „ჰაერი-მიწა“ ტიპის რაკეტების კიევისთვის მიწოდების განზრახვაზე მერცმა აპრილშიც ილაპარაკა - გერმანულ ტელეარხ ARD-სან. თქვა, რომ მიწოდება პარტნიორებთან შეთანხმებით მოხდება.

TAURUS-ის მოქმედების ზონაში ექცევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ნებისმიერი ტერიტორია უკრაინაში და რუსეთის ევროპული ნაწილის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, მოსკოვის ჩათვლით.

ექსპერტები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ მერცმა საგარეო საქმეთა მინისტრადაც თავისი პარტიის წარმომადგენელი, კიევის მხარდაჭერით გამორჩეული, უკრაინის საკითხების კარგი მცოდნე იოჰან ვადეპული შეარჩია - ყოფილი სამხედრო ბოლო დრომდე გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ფრიდრიხ მერცის მთავარი მრჩეველი იყო.

ვადეპული თან ახლდა 2024 წლის დეკემბერში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კიევში ჩასულ ფრიდრიხ მერცს, როცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მისგან სამხედრო დახმარების დამაიმედებელი დაპირებები მიიღო.

“ყველაფერს გავაკეთებთ ამ ომთან დაკავშირებით, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად… გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა ავუხსნათ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ეს მათი ინტერესიც არის - ძლიერი უკრაინა აქ, ევროპის თანამეგობრობაში”, - უთხრა დეკემბრის მიწურულს იოჰან ვადეპულმა “დოიჩე ველეს”.

“50 წელზე მეტია, რაც გერმანიის კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ერთი პარტიიდან არ ყოფილან გერმანიაში. ახლა ეს ასეა, რაც მიუთითებს მერცის ამბიციაზე, რომ თავად აწარმოოს საგარეო პოლიტიკა, რაც არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, გასაგები და კარგია”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გიორგი მელაშვილი და დამატებით აღნიშნავს იმასაც, რომ გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კარგად იცნობს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, რადგანაც ბუნდესტაგში სამხრეთ კავკასიის ჯგუფის წევრი იყო.


ასევე, გიორგი მელაშვილი ჩამოთვლის ფრიდრიხ მერცის პოლიტიკისთვის დამახასიათებელ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს:

  • აბსოლუტური კონტრასტი ყოფილი თანაპარტიელისა და ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის შიდა და საგარეო პოლიტიკასთან - „მერცის პირობებში, რუსეთთან მიმართებით შემწყნარებლური და ზედმეტად ფრთხილი პოლიტიკა აღარ არის მოსალოდნელი. პირიქით, CDU-CSU აპირებენ უფრო ენერგიულ პოლიტიკას უკრაინის მხარდასაჭერად“;
  • ერთი ტრილიონი ევროს ოდენობის ფონდის [სესხი - რ.თ.] შექმნა, საიდანაც ნახევარი გერმანიის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს, დანარჩენი თანხა კი ინფრასტრუქტურასა და სხვა საჭიროებებს - ოლაფ შოლცმა ვერ მოახერხა 2022 წელს დაანონსებული ამბიციური პროგრამის Zeitenwende [ახალი ერა] განხორციელება. ამ პროგრამით, ბუნდესვერის გასაძლიერებლად 100 მილიარდი ევრო იყო განსაზღვრული;
  • მკაცრი პოლიტიკა მიგრანტებთან დაკავშირებით - ხისტი საიმიგრაციო პოლიტიკის დაპირება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელმაც მერცს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
  • ამერიკული სისტემის მსგავსად, შექმნა ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც მანამდე არ იყო გერმანიაში.


აშშ მრავალი ათეული წლის განმავლობაში გერმანიის მთავარი მოკავშირე იყო და თავად მერცი მკაფიო პროამერიკული განწყობებით იყო ცნობილი. თუმცა ორი ქვეყნის ახალი ადმინისტრაციები ერთმანეთს ამ ეტაპზე ვერ უგებენ. ბოლო პერიოდში ბერლინი მრავალ შენიშვნას იღებს ვაშინგტონიდან - ულტრამემარჯვენე AfD-ს („ალტერნატივა გერმანიისთვის“) პროექსტრემისტულ პარტიად გამოცხადების გამო.

Der Spiegel-ის თანახმად, AfD-სთვის ახალი სტატუსის მინიჭება ნიშნავს, რომ პარტია არაკონსტიტუციურად არის მიჩნეული, რაც სპეცსამსახურებს მასზე მეტი მეთვალყურეობის საშუალებას აძლევს და ანიჭებს მათ შორის სატელეფონო მოსმენებს უფლებას.

ფრიდრიხ მერცის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ალიანსმა (CDU-CSU) წინასწარვე უარი თქვა მეორე ადგილზე გასულ AfD-სთან კოალიციაში გაერთიანებაზე და კოალიცია მხოლოდ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან (SPD) შეკრა.

როგორც გერმანული მედია იტყობინება, AfD-ს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის მსხვილი ფიგურების მხარდაჭერამ ულტრამემარჯვენე პარტიის რეიტინგი გაზარდა, ხოლო თავად მერცის რეიტინგი თებერვლის შემდეგ შემცირებულია.

AfD-ს ვაშინგტონიდან ღიად უჭერდნენ მხარს წინასაარჩევნო პერიოდშიც. მტკიცე მხარდამჭერებს შორის იყო მილიარდერი ილონ მასკიც. AfD-ს ესარჩლებიან ევროპის ქვეყნების ულტრამემარჯვენე პოპულისტი ლიდერებიც და მათ შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

AfD-ს მიმართ სენტიმენტებია „ქართულ ოცნებაშიც“. პარტიის დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ „ეს [AfD] არის ნამდვილად პატრიოტული ძალა და სწორედ ეს არ მოსწონს „დიპ სტეიტს“, იგივე „გლობალური ომის პარტიას“, ვინაიდან ასეთი პატრიოტული ძალები არ ემორჩილებიან „დიპ სტეიტს“ და მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ისევე, როგორც „ქართული ოცნება“.

რას უნდა მოელოდეს საქართველო?

6 მაისს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ფრიდრიხ მერცს კანცლერად არჩევა მიულოცა და გამოხატა იმედი, რომ კანცლერ მერცის ლიდერობით, საქართველო-გერმანიის პარტნიორობა გაძლიერდება და თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

ბერლინსა და თბილისს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაციებულია, ისევე როგორც თბილისის ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორების უმრავლესობასთან - ევროკავშირში, აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან.

  • გერმანია ერთ-ერთია ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომელმაც, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა - ორ ეტაპად, სულ 13 ადამიანს. გვარები არ დაუსახელებიათ.
  • გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ურთიერთობები “ჩიხშია” შესული და პირდაპირი და მით უფრო მაღალი დონის დიალოგი თბილისთან აღარ არსებობს.
  • შეჩერებულია გერმანიის დახმარების პროექტები.

პარალელურად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის ირაკლი კობახიძეც, იმეორებდნენ, რომ გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს და რომ „ე.წ. ელჩისთვის”, პეტერ ფიშერისთვის, „გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი“.

„არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისა, რომ სულ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც მიანიჭოს გერმანიის ახალმა მმართველმა კოალიციამ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც, თავის მხრივ, გამოირჩევა ანტიევროპული, ანტიდასავლური, ანტიგერმანული განცხადებებით და განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებმაც გერმანიაში მიიღეს განათლება და საქართველოს აბრუნებენ ბნელ წარსულში. ამ ადამიანების მიმართ დათმობა და მათი პოზიციის გაზიარება ვერანაირად ვერ მოხდება“, - გვეუბნება გიგი გიგიაძე და განმარტავს, რომ გერმანიის მმართველ კოალიციაში კვლავ რჩება ოლაფ შოლცის პარტია, რომელიც მანამდეც იყო ხელისუფლებაში და შესაბამისად, თუკი პარტნიორებს გარკვეული შეკითხვები გაუჩნდებათ, „მიიღებენ კიდეც ამომწურავ პასუხს კოალიციაშივე“.

გიგიაძის თქმით, ელჩზე თავდასხმა მის სახელმწიფოზე თავდასხმას ნიშნავს და მნიშვნელობა არა აქვს, შეიცვალა თუ არა მის ქვეყანაში ხელისუფლება.

ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერია, სხვადასხვა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გაერთიანების აღმოსავლეთით გაფართოებამ დიდი სარგებელი მოუტანა ორივე მხარეს და ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნებულიყო.

როდესაც მერცი გაფართოების პერსპექტივებზე ლაპარაკობდა, ახსენებდა საქართველოსაც - მოლდოვასთან, უკრაინასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად - როგორც მომავალ წევრებს. თუმცა საქართველოს მიმართ მიდგომა შეცვლილია მერცის პარტიის ლიდერობით შექმნილი კოალიციის შეთანხმებაში.

„საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელება შესაძლებელია ხელახლა განხილულ იქნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დემოკრატიული პროცესების დაცვასთან დაკავშირებული ეჭვები აღმოიფხვრება. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს“, - წერია ტექსტში, რომელშიც კვლავ ხაზგასმულია შესაძლებლობები ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG