“იმედი” თავის ონლაინ პლატფორმაზე წერს, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) 2025 წლის ანგარიშზე დაყრდნობით, ევროკომისიამ გამოაქვეყნა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გლობალური შეფასება, რომლის თანახმადაც, საქართველო, ამ მოწინავე ხუთეულში მოხვდა იტალიასთან, ჩეხეთთან, სლოვენიასა და ალბანეთთან ერთად.
“იმედის” ჟურნალისტებმა "მოწინავე ხუთეულის" შესახებ “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც სთხოვეს კომენტარის გაკეთება და მან უპასუხა, რომ ეს არის „აბსოლუტურად ობიექტური შეფასება, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე“, რადგან მისი სიტყვებით: „2012 წლამდე სასამართლო სისტემა იყო რეპრესიული მანქანის ერთი პატარა ინსტრუმენტი და გამოიყენებოდა რეპრესიებისთვის, ქონების წართმევისთვის, ეს ვითარება ფუნდამენტურად შეიცვალა 2012 წლიდან“.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, სადავო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა კი განაცხადა, რომ იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც დათანხმდნენ ე.წ. ვეტინგის მოთხოვნას, ხოლო საქართველო ამ მოთხოვნას, მისი თქმით, არ დაემორჩილა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სასამართლო სისტემას აძლევს მაღალ შეფასებას, "ხოლო იმ ქვეყნების სასამართლო სისტემას, სადაც ეს ე.წ. ვეტინგი განხორციელდა, აქვს ბევრად დაბალი შეფასება სასამართლო სისტემას და იქ (იგივე მოლდოვაში) სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი არის ძალიან დაბალი", - განაცხადა მათიკაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არათუ გაუმჯობესებულია, "კარდინალურად შეცვლილია 2013 წლის მერე".
რა წერია ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემის და მართლმსაჯულების შესახებ?
Freedom House-ის ანგარიშის იმ ქვეთავში, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემაა მიმოხილული, ვკითხულობთ, რომ საქართველოს სასამართლოებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება - ისევე როგორც სასამართლო პროცესების გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა.
იქვე წერია, რომ მოსამართლეთა მცირე ჯგუფი, მათ შორის, სასამართლოების თავმჯდომარეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, „ფაქტობრივად, აკონტროლებენ დანარჩენ სასამართლო სისტემას“.
მოყვანილია 2023 წელს, აშშ-ის მთავრობის მიერ ოთხი ასეთ მოსამართლისათვის კორუფციისა და „კანონის უზენაესობისა და საზოგადოების ნდობის შელახვისთვის საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“ სანქციების დაწესების ამბავიც.
Freedom House-ი, რომლის ბოლო, 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება, ასევე შენიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წარდგენის პროცესები კრიტიკის საგანი გახდა გამჭვირვალობის, არაკვალიფიციური კანდიდატების შესახებ ბრალდებების და პარლამენტის მიერ დამტკიცების კენჭისყრის ბოიკოტირების გამო.
„მართალია, კანონი გარანტიას იძლევა სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის შესახებ, თუმცა ამ უფლების რეალიზაცია ხშირად სათანადოდ არ სრულდება“ - წერია ანგარიშში.
მაგალითად მოყვანილია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაც, რომლის თანახმად:
- არ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები;
- რომ სასამართლო პროცესები ხშირად ჭიანურდება;
- რომ ირღვევა ბრალდებულთა უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება, დაკითხვისა და დაკავების წესები;
- რომ ხშირად, დაკავებისას ადამიანებს არა აქვთ ადვოკატთან წვდომა;
- რომ ბოლო წლებში მთავრობის არაერთი ოპონენტი გახდა სისხლის სამართლის დევნის ობიექტი, რაც აღიქმება როგორც „პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი და ა.შ.
მაშ, როგორ მოხვდა საქართველო იმ ქვეყნების პირველ ხუთეულში, რომლებმაც, როგორც „იმედი“ იუწყება, სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასება გაიუმჯობესეს?
ამ კითხვით რამდენიმე იურისტს მივმართეთ, მათ შორის, გურამ იმნაძეს, მის კოლეგას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ - იურისტსა და ანალიტიკოსს თამთა კახიძეს და "სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელს, ნაზი ჯანეზაშვილს - ვთხოვეთ განემარტათ, რა ხუთეულზეა საუბარი და თუ ეს ასეა, რა ნიშნით მოხვდა ამ რეიტინგში საქართველო.
გურამ იმნაძე ამბობს, რომ ტექნიკურად, სხვადასხვა დროს, ქვეყნებისთვის მინიჭებული ქულების დაჯამება და ამავე ქვეყნის წინა წლების ქულებთან შედარება შესაძლებელია - მაგალითად, აიღო საქართველოს 2011-2012 წლის შედეგები და ახლა რა მონაცემებია ერთმანეთს შეადარო და თქვა, რომ რაღაც ნაწილში არის პროგრესი, თუმცა, როგორც გურამ იმნაძე ამბობს, ეს მეთოდოლოგიურად არასწორი მიდგომაა, ამ კვლევების მიზანი კი ყოველთვის არის შეფასდეს “რა ხდება აქ და ახლა” დღეს.
თუ ასე დავთვლით, - განმარტავს იურისტი - შესაძლოა, ქულების მიხედვით, ქვეყანას არანაირი პროგრესი არ ჰქონდეს სხვა ქვეყანასთან შედარებით, მაგრამ ამ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემა უფრო მაღალ დონეზე იყოს დაცული.
"მსგავსი შეფასებები თუ საერთო კონტექსტის გათვალისწინებით არ გაკეთდა, ვიღაცამ მართლა შეიძლება დაასკვნას, რომ ამ ლოგიკით, რომელიმე ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც 15 წლის წინ აბსოლუტურად კატასტროფულ მდგომარეობაში იყო და დღეს მინიმალური პროგრესი აქვს, უსწრებს და მეტიც, უკეთესია, მაგალითად, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაზე, სადაც ასეთი პროგრესი შესაძლოა, უბრალოდ არ ჩანდეს, რადგან იქ უკვე სტაბილურად თავისუფალია მართლმსაჯულების სისტემა. ამიტომ, ეს არის შეცდომაში შემყვანი ლოგიკა და ემსახურება არასწორი აღქმების გაჩენას”, - გვითხრა გურამ იმნაძემ.
"ცხადია, არანაირ ევროპულ პირველ ხუთეულში ქვეყანა არ არის" - გვიპასუხა თამთა კახიძემაც მას შემდეგ, რაც მონაცემებს გადახედა.
თამთაც განმარტავს, რომ ანგარიშის მიხედვით, თავისუფლების ინდექსში საქართველოს სამქულიანი გაუარესება აქვს. რაც ნიშნავს, რომ ის ახლოსაც არ დგას თავისუფლების ხარისხით ევროპულ ქვეყნებთან.
ამ ინდექსის გაზომვისას, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ერთ-ერთი ქვეპუნქტია და ამ ნაწილში საქართველო 2014 წლიდან დღემდე არის ერთსა და იმავე ნიშნულზე - "არანაირი გაუმჯობესება არ გვაქვს", -ამბობს თამთა კახიძე.
მისი თქმით, ერთადერთი წინსვლა, რაც საქართველომ აქამდე აჩვენა, ეს იყო ერთპუნქტიანი გაუმჯობესება 2013-დან 2014 წლამდე პერიოდში, როცა ქვეყანაში, მართლაც გატარდა სასამართლო სისტემის რიგი რეფორმები. თუმცა მას შემდეგ, როგორც ანალიტიკოსი გვეუბნება, ყოველწლიურად სასამართლოს მდგომარეობა მხოლოდ უარესდებოდა.
"რაც შეეხება ხუთეულს - აქ გულისხმობენ იმას, რომ სხვა ქვეყნების გვერდით, საქართველოსავ ჰქონდა მცირე გაუმჯობესება - საუბარია 1 ქულიან გაუმჯობესებაზე 2013-2014 წლებში. თუმცა თუ საქართველოს ჩამოთვლილი ევროპული ხუთეულის ქვეყნებს იტალიას, ჩეხეთს,სლოვენიას და ალბანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ისინი მნიშვნელოვნად გვისწრებენ - მათგან სამი ქვეყანა მაქსიმალურ ნიშნულზეა - 0-დან 4 ქულამდე შეფასების რეიტინგში, ხოლო ერთს - ალბანეთს, აქვს 3 ქულა, ამიტომ ჩვენ ვერც შევედრებით მათ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხით... ასე რაღაც დროს სუდანსაც ჰქონდა ერთქულიანი გაუმჯობესება და ზიმბაბვეს, მაგრამ ხომ ვერ ვიტყვით, რომ სასამართლო თავისუფალია?", - ეუბნება თამთა კახიძე რადიო თავისუფლებას.
იურისტის შეფასებით, მძიმედ კრიტიკულია თავად ანგარიშიც და მასში, პირიქით, ქვეყანაში სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობაზეა ლაპარაკი.
Freedom House-ი პირდაპირ წერს, რომ უარყოფითი ტენდენციები, და არა მხოლოდ სასამართლო სისტემაში, არამედ სხვა სფეროებშიც (არჩევნები, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ) კიდევ უფრო გაზრდილია", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნაზი ჯანეზაშვილიც.
რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს: "როცა, მაგალითად სლოვენიას ვედრებით, სლოვენიის მართლმსაჯულების ქულა დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, არის 4 - 0-დან 4-მდე რეიტინგში. საქართველოსი კი მხოლოდ 2".
სხვა ქვეყნებიც ამ ხუთეულიდან, ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი, ალბანეთი იქნება ეს, ჩეხეთი თუ იტალია, საქართველოზე ბევრად წინ დგას.
"ამიტომ, როცა ამ ამბავს გვაწვდიან ისე, რომ თითქოს წინ წავიდა "ქართული ოცნების" მმართველობისას ქვეყანა, ეს მანიპულაციური შეფასებაა და პირიქით, საერთო შეფასებას თუ ნახავთ, წელს უარესი შეფასებები აქვს საქართველოს. ეს არის სიმართლე".
Freedom House -ის გლობალურ ინდექსში, რომელიც ქვეყნებში თავისუფლების დონეს ზომავს, 195 ქვეყანას შორის საქართველო 110-ე ადგილზეა 55 ქულით. წინა წელთან შედარებით, ვითარება სამი ნიშნულით არის გაუარესებული.
ფორუმი