პუტინს აქვს გეგმა - ვითომ სამშვიდობო, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სულაც არ გულისხმობს საომარი მოქმედებების შეჩერებას. როგორც კი გააცნობიერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ხოცვა-ჟლეტიდან „გამარჯვებად“ ვერავის ვერაფერს შეასაღებდა, რუსეთის უმაღლესი მთავარსარდალი შეუდგა „სპეციალური ჩანაცვლების ოპერაციას“ და გადაწყვიტა, 80 წლის წინანდელი გამარჯვება საკუთარ საჭიროებებზე მოერგო.
მრგვალმა თარიღმა, როგორც იტყვიან, სულზე მიუსწრო.
ერთი მხრივ, პუტინი უსირცხვილოდ იყენებს იმ დანაკარგებს, მწუხარებას და გამარჯვების სიხარულს, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა მოუტანა საბჭოთა კავშირში მცხოვრებ მილიონობით ადამიანს (თითქმის ყველა ოჯახს), რომელთა შთამომავლები დღეს რუსეთის მეზობლად, დამოუკიდებელ სახელმწიფოებში ცხოვრობენ. მეორე მხრივ კი, პუტინი ისტორიას თავის თარგზე ჭრის, ათავისუფლებს მას ყველაფრისგან, რაც არ შეესაბამება რუსეთისა და გარე სამყაროს გადაკეთების მისეულ გეგმებს. „დიდი სამამულო ომის“ პროპაგანდისტული მითი ანაცვლებს ომის რეალურ მეხსიერებას; ამავდროულად, ხდება უკრაინაში მიმდინარე ომის მითების შერევა ისტორიულ მითებთან და ამ გზით მომავალი თაობებისათვის ახალი მითების მიღება.
დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, რომლებიც, ბუნებრივი მიზეზების გამო, თითქმის აღარ დარჩნენ, რუსეთის ხელისუფლება თანდათან „ანაცვლებს“ „ეს-ვე-ო“-ს (სვო - СВО - სპეციალური სამხედრო ოპერაცია - ასე უწოდებს რუსეთის მთავრობა უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს. რ.თ.) ახალგამომცხვარი "ვეტერანებით“, რაც პუტინის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. რუსეთის სკოლებში დანერგილ ახალ საგანში „საუბრები მნიშვნელოვანზე“ მოსწავლეებს უკრაინაში შეჭრაზე მოუთხრობენ, როგორც საბჭოთა ჯარისკაცების გმირობებისა და თავდადების ტრადიციების გაგრძელებაზე. პუტინიც ვოლგოგრადში სტუმრობის დროს პატრიოტიზმის გაკვეთილს იმ დროს ატარებს, როცა ადგილობრივი გუბერნატორი „მოულოდნელად“ დიდი სამამულო ომისა და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ვეტერანების სახელით, ქალაქის აეროპორტისთვის „სტალინგრადის“ სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის.
„მათი სიტყვა ჩემთვის კანონია, ასე რომ, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - წარმოთქვამს პუტინი წინასწარ მომზადებულ პასუხს. ფირნიში შესაბამისი განკარგულების ხელმოწერაზე სწრაფად იცვლება და ამგვარად, პუტინი პირველად ლეგალურად „ეყრდნობა“ სტალინს, რომელიც „სპეციალური ჩანაცვლებითი ოპერაციისა“ და, შესაბამისად, კრემლის მითოლოგიის ფარგლებში, მისაღებ და სასურველ პერსონაჟად იქცა. და მართლაც, ციხეებსა და კოლონიებში ნაწამები ადამიანების რაოდენობის მიხედვით თუ არა, წამებისა და სიმხეცის ხარისხის მიხედვით, პუტინის რეჟიმი სრულად შეესაბამება „ორიგინალს“: მხოლოდ გასულ აპრილში რუსეთში აღირიცხა პოლიტიკურად მოტივირებული 90 საქმე და 145 მსჯავრდადებული. ავიღოთ თუნდაც ტყვეობაში წამებით მოკლული უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა, რომელიც ერთ-ერთია პუტინის ჯალათების მიერ ათასობით დახოცილთა შორის.
რაც შეეხება „ეს-ვე-ო“-ში გამარჯვებებს, კრემლის მითების მთხზველები ოსტატურად ჭედავენ ახალ-ახალ მიღწევებს. მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომის უდიდეს მიღწევად მიჩნეულია მითი გაზსადენის მილზე, რომლის მეშვეობითაც რუსეთის ჯარებმა კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში შეაღწიეს. არადა, სუჯა რუსმა სამხედროებმა მაშინ ვერ გაათავისუფლეს; ოპერაციის მონაწილეთა ნაწილი სამუდამოდ დარჩა იმ მილში, ხოლო ისინი, ვინც მილიდან გაღწევა შეძლეს, ბოლოს უკრაინელების ხელში აღმოჩნდნენ.
ყოველივე ამის მიუხედავად, ამერიდან მილი თითქმის წმინდათა წმინდაა. მისი ასლები დიდი ზარ-ზეიმით დაიდგა რუსეთის ქალაქებსა და დაბებში. ერთ-ერთი ასეთი მემორიალური „ტრუბა“ აღიმართა ომსკის ოლქის ქალაქ ისილკულში, საკათედრო ტაძრის მახლობლად. როგორც ომსკის ეპარქიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაშია ნათქვამი, ძეგლმა ისილკულის მაცხოვრებლებსა და ქალაქის სტუმრებს უნდა შეახსენოს სამშობლოს დამცველების სიმამაცე და თავდადება.
მორიგი ასეთი პროპაგანდისტული ხრიკია სამდღიანი „სადღესასწაულო ზავის“ გამოცხადება. მოსკოვში თან სასოწარკვეთილად ცდილობენ გამარჯვების უსაფრთხოდ აღნიშვნის უზრუნველყოფას, თან პარალელურად აჩვენებენ, რომ გაითვალისწინეს ტრამპის რჩევა, რადგან დღენიადაგ მშვიდობაზე ფიქრობენ. ტყუილიც კი გაავრცელეს მარკო რუბიოს აღლუმზე შესაძლო ჩასვლის შესახებ ინფორმაცია. თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა უკრაინის ქალაქების დაბომბვის ფონზე, რომლის აშკარა მიზანიც იყო უკრაინის მოსახლეობის იძულება, ზეწოლა მოეხდინათ თავიანთ პრეზიდენტზე, რათა ამ უკანასკნელს კაპიტულაცია გამოეცხადებინა. აპრილის პირველ 24 დღეში, ოდესის, ხარკოვის, კრივოი როგის, ნიკოლაევის, კიევის, სუმის, ჩერკასის, კუპიანსკის დაბომბვის შედეგად (სია მუდმივად იზრდება) - დაიღუპა ან დაიჭრა 848 მშვიდობიანი მოქალაქე, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46%-ით მეტია.
თუმცა ჩანაფიქრმა საპირისპირო შედეგი გამოიღო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 მაისის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო და უწოდა მას „თეატრალური დადგმა“, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს „იზოლაციიდან გამოსვლის ატმოსფეროს“ შექმნას. ზელენსკიმ გაიმეორა, რომ მოითხოვს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მინიმუმ 30 დღით, ნებისმიერ დროს, დღესასწაულებთან მიბმის გარეშე.
თეთრი სახლის დერეფნებში უკვე ალაპარაკდნენ მაქოსებური დიპლომატიის მნიშვნელობაზე. უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმება მიღწეულია, ტრამპს შეუძლია ანგარიში ჩააბაროს ამომრჩეველს, ხოლო მის გუნდს პუტინის გარეშეც საკმარისზე მეტი საქმე აქვს, რის შესახებაც სახელმწიფო დეპარტამენტმაც განაცხადა, რომ მდივანი რუბიო მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის „პირველივე დაძახილზე“ აღარ იფრენს. კონგრესშიც გამოცოცხლებაა. სენატორმა ლინდსი გრემმა „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ 2025 წლის აქტის“ (The Sanctioning Russia Act of 2025) გასატანად 67 თანამოაზრე შემოიკრიბა - ლიბერალი დემოკრატებიდან დაწყებული ტრამპის ერთგული რესპუბლიკელებით დამთავრებული. სანქციები ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ კრემლი მოლაპარაკებებში არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, დაარღვევს ნებისმიერ პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას ან გააფართოებს ომს უკრაინაში.
ამასობაში, პუტინ-სტალინის გესლიანი სახე თითქოსდა მოსკოვიდან იჭვრიტება ცბიერად მოჭუტული თვალებით: თან ათვალიერებს „მოულოდნელად“ ცუდად გამხდარი ლიდერებიდან ვინ ჩავა მის მიერ მიტაცებულ დღესასწაულზე, თან მიანიშნებს, რომ ხელის გაწვდენაზე აქვს ბირთვული იარაღი, რომელიც უბრალოდ ჯერ არ დასჭირვებია. და კიდევ, მორიგ ჯერზე იძლევა ბუნდოვან დაპირებას, რომ „2022 წელს დაწყებულს მიიყვანს რუსეთისთვის საჭირო ლოგიკურ დასასრულამდე“.
ფორუმი