თუმცა გასულია ათი დღე და მოსალოდნელი რუსული პასუხი არ ჩანს. რუსეთის თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე ძველებურად, სიახლის გარეშე გრძელდება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მრჩეველი, ოლექსანდრ ხარა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ დასავლეთის, მეტწილად კი ვაშინგტონის სავარაუდო დათმობები – იქნება ეს ყირიმის ანექსიის აღიარება, ნატოს გაფართოების გაყინვა თუ სანქციების შემსუბუქება – მშვიდობას კი არ მოიტანს, არამედ პირიქით, „გახსნის კარს გლობალური ქაოსისკენ“. და თუ დონალდ ტრამპს ჰგონია, რომ პირადი ქარიზმის ხარჯზე შეძლებს ვლადიმირ პუტინის მოთაფვლასა და გარიგებაზე დათანხმებას, ხარას თქმით, ის უბრალოდ თავს იტყუებს.
რადიო თავისუფლება: სანამ უშუალოდ უკრაინის ფრონტს – როგორც სამხედროს, ასევე დიპლომატიურს – განვიხილავდეთ, მინდა გკითხოთ, რა გავლენას მოახდენს უკრაინის ომზე ის ახალი ქვეთავი ისრაელისა და ირანის დაპირისპირებაში, რომელიც ახლა იწერება.
ოლექსანდრ ხარა: ირანი რუსეთის მჭიდრო მოკავშირეა – მას სამხედრო ტექნიკით ამარაგებს, მათ შორის, „შაჰედის“ დრონებით, რომლებსაც რუსეთი ყოველდღიურად ასეულობით იყენებს უკრაინულ ქალაქებზე დასარტყმელად, მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. ახლა ირანს, როგორც ჩანს, ვეღარ ექნება რუსეთისთვის შეიარაღებისა და შესაბამისი კომპონენტების მიწოდების ადრინდელი მასშტაბები. თეირანი აგრეთვე პასუხისმგებელია უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176 ადამიანი, მათ შორის 11 უკრაინელი, დაიღუპა.
მაგრამ ამ ყველაფერს თან ახლავს ნაკლებად სახარბიელო პროცესებიც: მაგალითად, ისრაელის სამხედრო კამპანიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, უკრაინისთვის განკუთვნილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაწილი ახლო აღმოსავლეთში გადაეტანა – საკუთარი და მოკავშირეების ობიექტების დასაცავად.
ისრაელის კამპანიის საწყისმა ეტაპმა 13%-ით გაზარდა ნავთობის გლობალური ფასები. მხარეები ნავთობინფრასტრუქტურას ესხმიან თავს, თეირანი კი ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით იმუქრება – რაც ფასებს კიდევ უფრო გაზრდის. ეს კი, თავის მხრივ, რუსეთს საშუალებას მისცემს, კვლავაც მიიღოს მნიშვნელოვანი შემოსავლები უცხოურ ვალუტაში – რაც კრემლის საომარ ეკონომიკას ამაგრებს.
ამას გარდა, კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია და მისი რეგიონულ ომში გადაზრდის საფრთხე საერთაშორისო ყურადღებას უკრაინიდან გადაიტანს და შეამცირებს იმ რესურსებს, რომლებიც ხელმისაწვდომია კიევისათვის.
კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, ისინი, ვინც გაიძახის, რომ უკრაინა ომს წააგებს, უკრაინა განწირულია - ცდებიან...
რადიო თავისუფლება: უკვე ათი დღეა გასული ოპერაცია „ობობას ქსელიდან“ და პუტინს კი ჯერ არ უპასუხია – ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ გვინახავს რაიმე მასშტაბური, ასიმეტრიული ძალის დემონსტრირება. უპასუხებს პუტინი? თუ კი, როგორ? აქვს იმის ფუფუნება, რომ არ უპასუხოს?
ოლექსანდრ ხარა: ვფიქრობ, იძულებული იქნება, რომ უპასუხოს. მას სჭირდება ძალის დემონსტრირება. ოღონდ, რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლები ინსტრუმენტები რჩება ამისათვის, ახალს ვეღარაფერს გვთავაზობს. კი, შეუძლია მეტი დრონი გამოუშვას, მეტი რაკეტა, რომლებიც, ცხადია, უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასა და ქალაქებს თავზე „დააწვიმს“, მაგრამ ის ამას უკვე დიდი ხანია, ისედაც აკეთებს.
მას დარჩენილი აქვს ესკალაციის მხოლოდ ერთი ვარიანტი – ბირთვული იარაღი, რაც ნაკლებად მოსალოდნელია. სამხედრო თვალსაზრისით, ეს სარგებელს ვერ მოუტანს, პოლიტიკურ ჭრილში კი ამას აუცილებლად მოჰყვება უკურეაქცია, მათ შორის, საკუთარი პარტნიორებისგან, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი – რუსეთის მთავარი მხარდამჭერი ამ ომში.
რაც შეეხება ჩვეულებრივ იერიშებს, აქ უკვე მარტივ მათემატიკურ ლოგიკასთან მივდივართ – მეტი რაკეტების გასაშვებად მეტი პლატფორმებია საჭირო, და ცხადია, თავად რაკეტებიც. ჩვენი შეტევები კი, მათ შორის, რა თქმა უნდა, ოპერაცია „ობობას ქსელი“, მათ სტრატეგიულ და ტაქტიკურ ბომბდამშენებს ტყუილად კი არ იღებს მიზანში – ამით სწორედ პოტენციური პლატფორმების რაოდენობასა და შესაძლებლობებს ვამცირებთ. ერთგვარი სტრატეგიული ბოთლის ყელი იქმნება, ვიწრო გასასვლელი, რომლის ჩახერგვასაც ვცდილობთ, რათა რუსეთმა მის ხელთ არსებული შესაძლებლობებისა და რესურსების მხოლოდ ნაწილის გამოყენება შეძლოს.
რადიო თავისუფლება: დიპლომატიური გადმოსახედიდან, რა მოუტანა უკრაინას ოპერაცია „ობობას ქსელმა“? მაგალითად, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე?
ოლექსანდრ ხარა: ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ისინი, ვინც გაიძახის, რომ უკრაინა ომს წააგებს, უკრაინა განწირულია – ცდებიან. და ეს უზომოდ მნიშვნელოვანია. კი, რუსები ნელ-ნელა წინ მიიწევენ აღმოსავლეთში, ცდილობენ შესვლას სუმის ოლქშიც. გარე დამკვირვებლისთვის – განსაკუთრებით კი იმათთვის, ვისაც სამხედრო კომპეტენცია არ აქვს – შეიძლება შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ უკრაინა აგებს. რასაც მერე მოჰყვება მანკიერი არგუმენტი: „იქნებ სჯობდეს, ახლა დავთანხმდეთ იმ პირობებზე, რასაც რუსეთი გვთავაზობს, სანამ ყველაფერი კიდევ უფრო არ გაუარესებულა?“
მაგრამ ასეთი ოპერაციები ამ არგუმენტის საპირისპიროს ამტკიცებს. ეს იმას აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს ასიმეტრიული ბერკეტები ამ ომის საწარმოებლად. და, რაც მთავარია, რომ არ ვაპირებთ გაჩერებას, დანებებას. მე მჯერა, რომ ეს ცვლის განწყობას დასავლეთში – განსაკუთრებით კი ევროპაში.
იქ ხალხი უკვე იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ რუსეთი თავიდანვე არ იყო დაინტერესებული არც ცეცხლის შეწყვეტით, არც მოლაპარაკებებით, და მით უმეტეს – სამშვიდობო შეთანხმებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ემზადებოდნენ ზაფხულის იერიშისთვის. რასაც ახლა ვხედავთ, ეს ჯერ კიდევ არაა სრულმასშტაბიანი შეტევა, მაგრამ ის შეიძლება გადაიზარდოს ასეთში.
რაც ვნახეთ, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა: ტრამპი არ არის მიუკერძოებელი შუამავალი – ის ათანაბრებს აგრესორს, რუსეთს, და მის მსხვერპლს, უკრაინას...
რადიო თავისუფლება: ანუ მათ დრო "იყიდეს". რათა ამ იერიშით უკეთესი პირობები შეიქმნან, თუ საბოლოოდ მაინც მოუწევთ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა.
ოლექსანდრ ხარა: კრემლში მიაჩნიათ, რომ მათთვის ღიაა შესაძლებლობების ფანჯარა – განსაკუთრებით დასავლეთში არსებული განწყობების ფონზე, და იმ ფონზე, რაც ვაშინგტონში ხდება. ცხადია, რომ ტრამპს არ სურს რუსეთს აზღვევინოს ხელშეკრულებების დარღვევისთვის – მათ შორის იმ ყოვლისმომცველი, უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საბოტაჟისთვის, რომლის მიღწევასაც ამერიკა ცდილობდა. რუსეთმა ეს მცდელობა უბრალოდ არასერიოზულად ჩათვალა, არაფრად ჩააგდო ის შეთანხმებაც ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე, რომელსაც თითქოს ტრამპის დროს დათანხმდნენ – არაერთხელ დაარღვიეს, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე.
სამწუხაროდ, რაც ვნახეთ, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა: ტრამპი არ არის მიუკერძოებელი შუამავალი – ის ათანაბრებს აგრესორს, რუსეთს და მის მსხვერპლს, უკრაინას. ის არ არის მზად, რომ თუნდაც იმავე დონეზე დაგვეხმაროს იარაღით, როგორც წინა ადმინისტრაცია.
რადიო თავისუფლება: რამდენად რეალურად გეჩვენებათ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ფინანსური და სამხედრო დახმარების სავარაუდო შეწყვეტა, და რამდენად იმოქმედებს ეს უკრაინის გადაწყვეტილებებზე, ან მანევრირების შესაძლებლობებზე, როგორც ბრძოლის, ასევე დიპლომატიურ ველზე?
ოლექსანდრ ხარა: როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი გვაწვდიდა იარაღს და ამუნიციას, მას ჰქონდა ჩვენზე გარკვეული ბერკეტები. მან თავიდანვე გვითხრა: ბიჭებო, აი, ამათ მოგცემთ, მაგრამ ყირიმზე დასარტყმელად არ გამოიყენოთ - და ეს მიუხედავად იმისა, რომ აშშ არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად. ჩვენ ვთქვით: ოკეი, ბატონო პრეზიდენტო, შევთანხმდით და საკუთარი წარმოების დრონები და რაკეტებით დავარტყით ყირიმს და ქერჩის ხიდს. რუსეთმა ვერაფრით გვიპასუხა, მალე ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, და საბოლოოდ ბაიდენმა ეს შეზღუდვაც მოხსნა.
იგივე მოხდა რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით – თავიდან აკრძალული იყო, მერე კი ნება დაგვრთეს, იმიტომ რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია უარესდებოდა.
ტრამპს, თუკი ის უკრაინის დახმარებას შეაჩერებს, ცხადია, რომ ასეთი გავლენის ბერკეტი არ ექნება. ვერ შეაჩერებს უკრაინულ დრონებს და ვერც მათ მიწოდებას. ეს პირიქით, უკრაინას აძლევს მეტ თავისუფლებას და მეტ ბერკეტებსაც.
1991 წლიდან მოყოლებული, ყველა ამერიკელი პრეზიდენტი, გამონაკლისის გარეშე, ცდილობდა რუსეთთან „დალაგებას“. გამონაკლისის გარეშევე, ყველა მათგანის მცდელობა მარცხით დასრულდა...
რადიო თავისუფლება: თქვენ წერთ: „თუ რუსულ პრობლემას ვერ გადაჭრის, ტრამპი ვერ მოაგვარებს ვერც ჩინეთთან, ვერც ჩრდილოეთ კორეასთან, ვერც ირანთან, ვერც ჰამასთან და ევროპის თუ ისრაელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.“ ხედავს კი ის რუსეთს, როგორც პრობლემას? და თუ კი, როგორ აპირებს მის მოგვარებას?
ოლექსანდრ ხარა: სამწუხაროდ – არა, არ აღიქვამს რუსეთს როგორც პრობლემად. 1991 წლიდან მოყოლებული, ყველა ამერიკელი პრეზიდენტი, გამონაკლისის გარეშე, ცდილობდა რუსეთთან „დალაგებას“. გამონაკლისის გარეშევე ყველა მათგანის მცდელობა, განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, მარცხით დასრულდა. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ამერიკის ღირებულებები და ინტერესები არ ემთხვევა რუსეთისას. პუტინის იდეოლოგია არც კონსერვატიულია და არც ქრისტიანული – ის ანტიდასავლურია და მანიპულირებს დასავლური აუდიტორის იმ ბეცი ნაწილით, რომელიც რუსეთს „ტრადიციულ და ტრადიციების დამცველ ქვეყნად“ მიიჩნევს.
გარდა ამისა, არარეალურია რუსეთის ჩინეთის ორბიტიდან გამოწევა, ან ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით რუსეთის დახმარების იმედის ქონა. მათი ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაშია, დასავლეთთან კი არა.
ტრამპი თავს იტყუებს, თუ ჰგონია, რომ პირადი ქარიზმის ხარჯზე შეძლებს შედეგის მიღწევას და პუტინის მოთაფვლას. თანაც, ჰყავს მრჩევლები, როგორიცაა ბატონი უიტკოფი – ლენინს რომ დავესესხოთ, კლასიკური „სასარგებლო იდიოტი“ – რომელიც უბრალოდ ეხმარება რუსეთს, არაფერს იღებს სანაცვლოდ და სჯერა, რომ პუტინი გულწრფელია და არ ატყუებთ.
მალე მოუწევთ, რეალობას თვალი გაუსწორონ. ირანთან ვერ შეთანხმდებიან. ამერიკის დაზვერვა და დიპლომატიური კორპუსი ბოლოს მაინც ეტყვის ტრამპს: რუსეთი ღიად მოქმედებს ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ და მხარს უჭერს ჩვენს მტრებს. იგივე მოხდება ჩინეთთან დაკავშირებითაც. ტრამპს მოუწევს ამის აღიარება, იმის გაცნობიერება, რომ პუტინისგან კარგს ვერაფერს მიიღებს – მაგრამ მხოლოდ იმ დროს, როცა უკვე ბევრი დრო იქნება დაკარგული.
ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. იმავე მდგომარეობაში არიან საქართველოც და მოლდოვაც...
რადიო თავისუფლება: ვისაუბროთ იმ დათმობებზე, რომელზეც თითქოსდა აშშ მზადაა წავიდეს, ოღონდ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც უკვე ფიგურირებდა მოლაპარაკებებში, არის დაშვება, რომ აშშ, შესაძლოა, მზად იყოს ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს. რა გლობალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
ოლექსანდრ ხარა; მსგავსი ნაბიჯი მიგვიყვანდა გლობალურ ქაოსამდე. აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში სახელმწიფო საზღვრები კოლონიურმა ძალებმა გაავლეს, მაგრამ 1945 წლიდან ამ რეგიონებმა, ძირითადად, შეძლეს, რომ თავიდან აეცილებინათ სახელმწიფოთაშორისი ომები საზღვრების შესაცვლელად. ეს კოლოსალური მიღწევაა, ამას მოფრთხილება უნდა. ანექსიის ლეგიტიმაცია შთააგონებს აგრესიულ მოთამაშეებს, რომ თავადაც სცადონ ბედი, სცადონ ტერიტორიული ექსპანსია, სხვისთვის მიწის წაგლეჯა და მერე ლოდინი, როდის აღიარებენ დანარჩენები ამ წაგლეჯილ მიწის ნაწილს მათ ტერიტორიად, რაც ცხადია, მსოფლიოში მეტ და მეტ არასტაბილურობას გამოიწვევს.
სხვა რომ არაფერი, ჩინეთსაც არ გაუხარდება ეს. მათი პრეტენზიები ტაივანზე სწორედ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეფუძნება. ანექსიების ლეგიტიმაცია კი ქმნის პრეცედენტს, რომელიც ძირს უთხრის პეკინის გრძელვადიან ნარატივს.
უკრაინა, ცხადია, არასდროს არ აღიარებს ყირიმის ანექსიას – და არც ევროკავშირი. ევროკავშირი შეიქმნა იმ მიზნით, რომ არ დაბრუნებულიყო ევროპის ძალადობრივი წარსული – დაპყრობა, ნაციონალიზმი, მსოფლიო ომები. ასეთ პრეცედენტს იგი ვერ და არც მიიღებს.
ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. იმავე მდგომარეობაში არიან საქართველოც და მოლდოვაც. მათთვისაც მიუღებელია და ყოველთვის მიუღებელი იქნება საკუთარი ტერიტორიების ოკუპაცია ან ანექსია – რუსეთის თუ მისი მარიონეტების მიერ. და ასეც უნდა იყოს.
ნარატივი, თითქოს ნატო ძალით ექაჩება უკრაინას ალიანსში, ტყუილია. სინამდვილეში, ჩვენ ვართ ის, ვინც გამწარებით, მთელი ძალით ცდილობს ნატოში შეაღწიოს...
რადიო თავისუფლება: კიდევ ერთი შესაძლო დათმობა: ნატოში გაწევრების მისწრაფეებები თუ ამბიციების შეჩერება. როგორც ჩანს, აშშ განიხილავს ვარიანტს, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება „გაყინოს“, როგორც მოლაპარაკებებში სავარაუდო დათმობა. ამას, როგორც ჩანს, ეთანხმება ტრამპის სპეციალური დესპანი გენერალი კიტ კელოგიც, რომელმაც თქვა, რომ ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოების შეჩერება რუსეთის მხრიდან „სამართლიანი წუხილია”. იზიარებთ ამ აზრს? არის კი მართლაც სამართლიანი ეს მოთხოვნა?
ოლექსანდრ ხარა: ცალსახად არა. რუსეთი ბირთვული ძალაა, თუ ბოლო წლების ისტორიას გადავხედავთ, ნატოს ან ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანას არ ჰქონია გეგმა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის ან დაპყრობის.
როცა რუსეთი პირველად დაესხა თავს უკრაინას, 2014 წელს, ჩვენ არანაირ ალიანსს არ ვეკუთვნოდით. მეტიც – უკრაინელების უმრავლესობა მაშინ ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკანონოდ მიიერთა ყირიმი და წამოიწყო პროქსი ომი დონბასში, პრეზიდენტმა პოროშენკომ შეცვალა კონსტიტუცია და ნატოში გაწევრება ერის სტრატეგიული მიზანი გახადა. და მაშინაც კი ეს იყო, ძირითადად, რიტორიკული ნაბიჯი – ყველამ ვიცოდით, რომ დასავლეთი ჯერ მზად არ იყო უკრაინის ნატოში მისაღებად. ეს ნარატივი, თითქოს ნატო ძალით ექაჩება უკრაინას ალიანსში, ტყუილია. სინამდვილეში, ჩვენ ვართ ის, ვინც გამწარებით, მთელი ძალით ცდილობს ნატოში შეაღწიოს.
თქვენ კარგად იცით, საქართველომ და უკრაინამ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღეს სიმბოლური დაპირება, რომ ერთ დღეს ნატოს წევრები გახდებოდნენ. მაგრამ მაშინ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, აშკარად არ იყვნენ ამ იდეის მხარდამჭერები. ამან კი რუსეთი კიდევ უფრო გაათამამა და შეიჭრა კიდეც საქართველოში 2008 წლის აგვისტოში.
ასე რომ ეს არ არის ნატოს ექსპანსია – რაც სინამდვილეში მოხდა იყო ის, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა თავს უშველეს, გარბოდნენ რუსეთის გავლენის ზონიდან – ეს იყო გაქცევა, და არა ექსპანსია. და მათი შიშები რეალური იყო, რაც რუსეთმა მოგვიანებით დაამტკიცა კიდეც საკუთარი აგრესიით საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.
ამიტომ, როდესაც კელოგი საუბრობს „გონივრულ შეშფოთებაზე“, ის ცდება. ეს რიტორიკა მხოლოდ რუსულ პროპაგანდას აღვივებს. ჩვენ ვიცით, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე რუსეთი კვლავაც დაგვესხმება თავს. ამიტომ ნატო რჩება ერთადერთ რეალურ ალტერნატივად – ეს არის ბირთვული ალიანსი. ჩვენ ომი არ გვინდა – გვინდა რუსეთის შეკავება, გვინდა დაცულები ვიყოთ.
დაველოდოთ და ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება ნატოს შემდეგი სამიტი. ველოდები, რომ საბოლოო კომუნიკეში პოზიტიური შინაარსი იქნება. და ტრამპი ვერ გადაწონის ნატოს კონსენსუსის პრინციპს. მას შეუძლია, პუტინს დაჰპირდეს, რომ უკრაინა მისი პრეზიდენტობის დროს ნატოში ვერ გაწევრდება, მაგრამ არ შეუძლია, აიძულოს არც ნატო და არც უკრაინა, რომ თავიანთი პოზიცია შეცვალონ.
ეჭვი მეპარება, რომ ეს სანქციები რუსულ ეკონომიკას ჩამოშლის – მით უმეტეს, როცა ჩინეთი კვლავაც მხარს უჭერს მოსკოვს. მაგრამ რაც ყველაზე უარესია, ტრამპის გუნდი ცდილობს, რომ ამ სანქციების ენა შეარბილოს...
რადიო თავისუფლება: მესამე და ბოლო შესაძლო დათმობაზე – სანქციების შემსუბუქებაზეც გკითხავთ. საუბრობენ, რომ ტრამპის გუნდი ცდილობს დაარწმუნოს სენატორი ლინდსი გრემი, რომ სანქციების კანონპროექტში „ენის შერბილებას“ დაუჭიროს მხარი. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
ოლექსანდრ ხარა: თავიდანვე მიმაჩნდა, რომ ობამას ადმინისტრაციამ ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა სანქციებთან მიმართებით. იდეა ის იყო, რომ სანქციები გახდებოდა ბერკეტი – მიმართული პუტინის ქცევის შეცვლისკენ.
მაგრამ ვაშინგტონი ყოველთვის დიდ სიფრთხილეს იჩენდა, რომ არ დაეზიანებინა საკუთარი ინტერესები, ანაც პარტნიორების ინტერესები. ნავთობის ფასები და სხვა ეკონომიკური ფაქტორები უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე სანქციები.
რაც ვერ შეფასდა სათანადოდ, იყო ის, თუ რამდენად ღრმად სურს რუსეთს, რომ გლობალურ ძალად დაბრუნდეს. ეს ამბიცია მათთვის უფრო ძვირფასია ვიდრე ფული, ხალხის კეთილდღეობა და რუსი ხალხის სიცოცხლეც კი. ამ ომში თითქმის მილიონი რუსი მოკვდა ან დაიჭრა – მაგრამ ავტორიტარი ლიდერებისთვის ადამიანური დანაკარგი მისაღებია, თუკი ეს ემსახურება გეოპოლიტიკურ მიზნებს.
სასურველი შედეგის მისაღწევად სანქციებს ისეთი ზარალი უნდა მიეყენებინა რუსეთის ეკონომიკისთვის, რომ კრემლს აგრესიის დაფინანსების უნარი დაკარგვოდა. მაგრამ დღემდე ჯერ კიდევ შორს ვართ ამგვარი გამბედაობისგან. ვერც აშშ-მ და არც ევროპამ დღემდე ვერ გამოავლინეს ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება.
სანქციების ეს კონკრეტული პაკეტი სენატორ გრემის პირად მისიად თუ პროექტად იქცა. ის ცდილობს წონასწორობა დაიცვას ამ დელიკატურ აქტში – ერთი მხრივ, ჯეროვანი პატივი მიაგოს ტრამპს, იმავდროულად კი ცდილობს, უფრო მკაცრი ზომები გაატაროს რუსეთის მიმართ. მე ეჭვი მეპარება, რომ ეს სანქციები რუსულ ეკონომიკას ჩამოშლის – მით უმეტეს, როცა ჩინეთი კვლავაც მხარს უჭერს მოსკოვს. მაგრამ რაც ყველაზე უარესია, ტრამპის გუნდი ცდილობს, რომ ამ სანქციების ენა შეარბილოს და ამას დადებითი ეფექტი ნამდვილად არ ექნება.
პუტინის გათვლა მარტივია: თუ მაგრად მიაწვება, თუ არ გაჩერდება, ადრე თუ გვიან, მსოფლიო იტყვის, რომ უკრაინა უშანსოდაა...
რადიო თავისუფლება: შეურბილებელი ფორმითაც რომ მიიღონ, შეცვლის კი ეს სანქციები პუტინის გათვლებს?
ოლექსანდრ ხარა: არა, რადგან პუტინს სჯერა, რომ დრო მის მხარესაა. შეუძლია კიდევ 1 000 000 ჯარისკაცი გაწიროს, ისე, რომ თვალსაც არ დაახამხამებს. მას სწამს, რომ დასავლეთი ბოლოს მაინც დაეცემა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყდება.
რუსეთს ჰყავს „ტროას ცხენები“ ნატოსა და ევროკავშირში – სლოვაკეთი და უნგრეთი. თუნდაც პოლონეთმა, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გააორმაგა ძალისხმევა ისტორიულ საკითხებზე ხაზგასმით, რაც კვლავ დაძაბავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს – და ეს იმ დროს, როცა უკრაინის გადარჩენა და თავად პოლონეთის უსაფრთხოებაა სასწორზე.
პუტინის გათვლა მარტივია: თუ მაგრად მიაწვება, თუ არ გაჩერდება, ადრე თუ გვიან, მსოფლიო იტყვის, რომ უკრაინა უშანსოდაა, რომ ბრძოლას აზრი აღარ აქვს. და ამის შემდეგ დაიწყება ზეწოლა კიევზე, რომ დათანხმდეს მიუღებელ პირობებს.
კავკასიაში ბევრმა, სამწუხაროდ, რუსული იმპერიული იდენტობა მიიღო. ისინი არც ეთნიკურად და არც კულტურულად რუსები არ არიან, მაგრამ მენტალურად გახდნენ რუსები...
რადიო თავისუფლება: იმუშავებს კი ეს ზეწოლა? თქვენ ამბობთ, რომ აშშ-მა დაკარგა ბერკეტები უკრაინაზე, რომ კიევს ვერ აიძულებენ კონსტიტუციური ცვლილებების ან კომპრომისების მიღებას. გენერალმა კელოგმა ცოტა ხნის წინ უკრაინელთა წყრომა დაიმსახურა თავისი ფრაზით, უკრაინაზე საუბრისას: „ზოგჯერ საჭიროა, ჯორს სახეში შეშის ნაჭერი სთხლიშო, ჭკუაზე მოსაყვანადო“. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს მეტაფორა, აქვთ კი შეშის ნაჭერი „ჯორისთვის“ ჩასაცხებად? და თუ აქვთ - მოიქცევა კი „ჯორი“ ისე, როგორც უნდათ?
ოლექსანდრ ხარა: არა. იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს თვითგადარჩენის საკითხია. ეს გენოციდური ომია. პუტინმა თავისი გენოციდური განზრახვა ღიად დააფიქსირა იმ საბედისწერო ისტორიულ ესეში – სადაც უარყო უკრაინული ერისა და სახელმწიფოს არსებობა.
რაც რუსმა ჯარისკაცებმა ბუჩაში, მარიუპოლში და სხვაგან ჩაიდინეს, გენოციდი იყო.
ამიტომ ჩვენ ვერ დავთანხმდებით ასეთ პირობებზე. ეს ისტორიული და ფილოსოფიური ბრძოლაა. საუკუნის წინ, ჩვენი წინაპრები დამარცხდნენ – უკრაინის სახალხო რესპუბლიკა დაეცა. ჩვენ ერთდროულად ვიბრძოდით როგორც ბოლშევიკების, ასევე იმპერიელ თეთრგვარდიელების წინააღმდეგ და თანაც, არ გვქონდა ეროვნული ერთიანობა და არც რეალური საგარეო მხარდაჭერა. ჩვენი ერთადერთი მოკავშირე, გერმანია, მაშინ პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა.
ის ომი წავაგეთ. დაკარგეთ დამოუკიდებლობა. და რამდენიმე წელიწადში მივიღეთ ჰოლოდომორი – გენოციდი შიმშილით. შემდეგ დაიწყო ჩვენი ინტელექტუალების რეპრესიები, ენისა და კულტურის განადგურება. ეს ყველაფერი ჩვენ გვახსოვს, ეს ერის ისტორიული მეხსიერების წარუშლელი ნაწილია.
სხვებს თავიანთი ტრაგედიები ახსოვთ. კავკასიაში ხალხმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა ჩერქეზთა გენოციდი – ეს ღრმა ისტორიული ჭრილობაა. ზოგს ახსოვს, მაგრამ კავკასიაში ბევრმა, სამწუხაროდ, რუსული იმპერიული იდენტობა მიიღო. ისინი არც ეთნიკურად და არც კულტურულად რუსები არ არიან, მაგრამ მენტალურად გახდნენ რუსები. ეს დაავადებას ჰგავს.
ამიტომ არა, ჩვენ ვერ მივიღებთ ამ ომს რუსეთის პირობებით. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს გადაშენება. მაგრამ განსხვავებით საუკუნის წინანდელი ომისგან, დღეს ჩვენ გვაქვს ეროვნული ერთიანობა, მოქმედი, კომპეტენტური თავდაცვის სტრუქტურა, მზარდად განვითარებადი სამხედრო ინდუსტრია და გვყავს საგარეო მოკავშირეები არა მხოლოდ ევროპაში, არამედ კანადაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და სხვაგან.
ეს უკრაინის ისტორიული შანსია – შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი და, შესაძლოა, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ეს ჩვენ კარგად გვესმის. ამიტომაც ვიბრძვით – დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ამავდროულად, შევასუსტოთ რუსეთის უნარი, დაემუქროს დანარჩენ ევროპას.
ფორუმი