მახო ხარბედია 1974 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა.
„ორივემ ერთდროულად გავაკეთეთ არჩევანი, მეც და ქვეყანამაც და შემდეგ ხან გააზრებულ ნაბიჯებს ვდგამდით, ხანაც რაღაც გაუგებარს მივერეკებოდით. ერთი ჭკუის ვიყავით, ერთად დავიწყეთ აზროვნება, და პირველი პროტესტის გრძნობაც ერთად გაგვიჩნდა. 1988-შივე ჩამოყალიბდა რელიგიურობის ის ტიპი, რომელიც დღესაა ქვეყანაში გამეფებული, შესაბამისად, მე და თანამედროვე ქართული რელიგიური გრძნობაც თანატოლები ვართ, და ასევე ჩემი კბილაა ახალი ქართული პატრიოტიზმიც“, - ამბობს მახო ხარბედია 2012 წელს, თავის გადაცემაში „ბიბლიოთეკა“. სანამ ჩაწერას დაიწყებდეს, კარგ ხასიათზე მყოფ თანამშრომლებს გასძახებს, სიცილის ხმა შემოდისო. თვითონაც ეცინება.
საშუალო ტანის, გამხდარი ბიჭი, ვან გოგის იერით - განათლებით მახო ფილოლოგი იყო. სხვადასხვა დროს რედაქტორობდა ჟურნალ „ცხელ შოკოლადს“ , „არილს“, „მარანი-Weekend“-ს.
„1994-ში, როცა მე 21 წლის ვიყავი, [გაზეთ რ.თ.] „კავკასიონში“ დაიწყო მუშაობა... პატარა ბიჭი იყო; დიდი გულით და ფართო გაქანებით!.. დიდი თვალსაწიერით! მე ის მახსოვს ხელნაწერებით ხელში, ჩაფრენილი იყო საქაღალდეებში მოქცეულ ხელნაწერებს... მგონი, ყველა ტექსტს ეფერებოდა და თვიდან თვემდე კი არა, დღიდან დღემდე იზრდებოდა“, - წერს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი „ფეისბუქზე“.
მალხაზ ხარბედიას უკავშირდება ჟურნალი „არილი“, აქ იბეჭდებოდნენ დამწყები თუ უკვე ცნობილი მწერლები - გემოვნებიანი პროზა, პოეზია, თარგმანები.
„თითქმის 30 წლის მანძილზე „არილის“ საშუალებით მალხაზ ხარბედია ქართული ლიტერატურის პულსს უსმენდა. ქმნიდა სივრცეს ლიტერატურული ექსპერიმენტებისთვის, აზროვნებისთვის, დისკუსიებისთვის, აღმოჩენებისთვის... მისი წვლილი განუზომელი და, ასევე უხილავია იმაში, თუ როგორი თანამედროვე ლიტერატურაც გვაქვს დღეს. ის იყო ერთ-ერთი უდიდესი ქართველი რედაქტორი, რომელიც, გარკვეულწილად, განსაზღვრავდა ესთეტიკურ ტენდენციებს და ფიქრისა და ძიების ტრაექტორიებს“, - ამბობს „არილის“ ახლანდელი რედაქტორი ლექსო დორეული, - „როგორც ავტორი კი გვიტოვებს მნიშვნელოვან მემკვიდრეობას - წიგნებს, რომლებიც მხატვრული ლიტერატურის კონცეპტუალური ანალიზის უპირველესი ნიმუშებია ჩვენს სივრცეში. უკიდურესად მძიმე და დასანანია, რომ შემოქმედებითი ცხოვრების ასეთ კულმინაციურ და ნაყოფიერ პერიოდში მან დაგვტოვა და თან წაიღო უამრავი განუხორციელებელი იდეა, მათ შორის კი რომანი, რომლის წერაც დაწყებული ჰქონდა და რომელზეც ოცნებობდა“.
მალხაზ ხარბედიას გარდაცვალებას ფეისბუკზე ბევრი გამოეხმაურა:
ირინე ჩოგოშვილი, „წიგნის ცენტრის“ ყოფილი თანამშრომელი: „მადლობა შენ, მახო, „არილი“ რომ გვქონდა ბნელი 90-იანების ბავშვებს. მადლობა, რომ ამდენ მწერალს, მთარგმნელსა თუ ლიტერატორს გაუკვალე გზა“.
მაია ალუდაური, „პალიტრა ელის“ რედაქტორი: „დაწერილი და დაუწერელი ტექსტების ყველასგან განსხვავებულად წამკითხველი, რაღაც ისეთის დამნახველი, სხვას ყველას რომ გამორჩებოდა თვალთახედვიდან“.
ირმა ტაველიძე, მწერალი: „არ სუნთქავს“, - მომწერა და დამამახსოვრებინა, რომ ყოველთვის ფრთხილად უნდა ვიყო, რომ თარგმნისას სიცოცხლე არ უნდა წავართვა იმას, რასაც ვეხები“.
დავით ქართველიშვილი, მწერალი: „ასეთი რამ მითხრა:
- მე და შენ ადრე გარდაცვლილი მამები დაგვდევენ ნაწერებში.
- ხანდახან მგონია, რომ ჩვენ დავდევთ.
- ჭას დიდხანს რომ უყურებ და მერე ჭაც რომ გიყურებს, ეგ ამბავია“.
მალხაზ ხარბედიას სამჯერ აქვს აღებული ლიტერატურული პრემია „საბა“, ორჯერ „საუკეთესო კრიტიკისთვის“, ერთხელ კი „არილს“ მისცეს, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
დაახლოებით 15 წლის წინ მისი ინიციატივით დაარსდა „ღვინის კლუბი“, მანამდე კი საიტი vinoge.com
„მახო ხარბედიამ დაამკვიდრა საქართველოში ღვინის ჟურნალისტიკა და ღვინის მწერლობა, რაც ყველა იმ ქვეყანაშია, სადაც მეღვინეობა ტრადიციად აქვთ. „ღვინის კლუბის“ პირველი ფუნქცია საგანმანათლებლო მიმართულება იყო, მაშინ საქართველოში სადეგუსტაციო ჭიქასაც კი ვერ იშოვიდი. „ახალი ღვინის ფესტივალის“ ერთ-ერთი დამაარსებელიც მახო ხარბედიაა, თავადაც მონაწილეობდა საოჯახო მარნების ღვინოების შერჩევაში. ახლა ეს ფესტივალი უკვე ძალიან ცნობილი და პოპულარულია“, - ამბობს მწერალი და ღვინის კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალეკო ცქიტიშვილი, - „ბოლოს მისი ღვინო რომ გადავიღეთ ძალიან იმედიანად იყო. დიდ წიგნზე მუშაობდა, პროტესტის თემაზე და უნდოდა ეს წიგნი დაესრულებინა“.
ბოლო თვეებში მალხაზ ხარბედია მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა. ხან საავადმყოფოში იყო, ხან სახლში, წერდა ან აყენებდა ღვინოს, რომელსაც „კალამი“ დაარქვა. ყველაფრის მიუხედავად ხუმრობდა: „დღეს აღმოვაჩინე, რომ გავმხდარვარ და მამაჩემს, იურას უფრო მეტად დავმსგავსებივარ“... ელოდებოდა, როდის დაფრთიანდებოდა და გაფრინდებოდა რვა წიწკანა, რომლებიც მის ეზოში, ცარიელ დოქში ცხოვრობდნენ.
წიწკანები შუა მაისში გაფრინდნენ, მახო ივნისის დასაწყისში, 50 წლისა გარდაიცვალა.
ფორუმი