Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
10:57 7.4.2020

მარინა ეზუგბაია: 7 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტი განთავსდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შვიდითაა გაზრდილი. მარინა ეზუგბაიას თანახმად, ახალი 7 შემთხვევიდან 1 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდა. ექიმის თანახმად, მისი ინფიცირების წყარო ამერიკის შეერთებული შტატებია:

„ახალი პაციენტი ჩვენთან ცენტრში გუშინ გვიან შემოვიდა. პირველადი ანალიზითა და ზოგადი მდგომარეობით ჯერჯერობით მძიმე არ არის. დღეს გაუკეთდება მას სრული კვლევები, გაფართოებული სახით. კვლევების შედეგების შეჯერებით და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით შევაფასებთ მის სიმძიმეს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ახალი პაციენტი რისკ-ჯგუფში არ შედის, ვირუსით ინფიცირების დადასტურებამდე იგი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

12:19 7.4.2020

ლევან რატიანი: დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მისთვის, ისევე როგორც წამყვანი მეცნიერებისთვის სამყაროში, უცნობია ახალი კორონავირუსის „სტრატეგია“, თუმცა ერთი ნათელია - დაავადება ყველამ უნდა მოიხადოს:

„ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, ეს ვირუსი, დღეს არსებულმა კაცობრიობამ - 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტი მოვიხდით საშუალი, მძიმე და კრიტიკული ფორმით“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა. იგი იმედოვნებს, რომ ბცჟ ვაქცინაციის გამო, ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოში მსუბუქი ფორმით გადაივლის.

რაც შეეხება გამოსაჯანმრთელებელ პერიოდს, ექიმის თქმით, ეს ინდივიდუალური:

„შეიძლება ვიყოთ მტარებელი და არ ვიყოთ დაავადებული. ამიტომ გააჩნია ორგანიზმს რა განწყობა გააჩნია. ყველაფერი დაავადების შესახებ არის ინდივიდუალური ... დაავადების გამოსავალი დამოკიდებულია 2 რამეზე - სომატური პათოლოგია და ფსიქოლოგიური განწყობა. ამიტომ ვიყოთ რაც შეიძლება კარგ ფსიქოლოგიურ განწყობაზე“, - აღნიშნა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.მისი განმარტებით კლინიკაში ამ დროისათვის ახალი კორონავირუსით იბფიცირებული 52 პაციენტი მკურნალობს.

16:01 7.4.2020

ჩეხეთმა შეარბილა კორონავირუსის გამო დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა

ჩეხეთის პარლამენტი განიხილავს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ერთი თვით, 11 მაისამდე, ითვალისწინებს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. 19 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 11 აპრილს იწურება.

პარალელურად, ჩეხეთის მთავრობამ შეარბილა ზოგიერთი შეზღუდვა. ჩეხური მედიის თანახმად, სამშაბათიდან გაიხსნა სპორტული მოედნები და ნებადართული გახდა ვარჯიში ღია სივრცეში, ტყეში სირბილი ან ქალაქგარეთ ველოსიპედით სეირნობა ნებადართულია პირბადის გარეშე. თუმცა აკრძალვა კვლავ ეხება ღია სივრცეში კოლექტიურ სპორტულ სახეობებში ვარჯიშს, ასევე დახურულია სპორტდარბაზები და საცურაო აუზები.

ოთხშაბათიდინ ჩეხეთის ხელისუფლების ნებართვით მუშაობას განაახლებენ სამშენებლო მასალების, ტექნიკის, ველოსიპედების ნაწილების, ასევე დასვენებისა და გართობისათვის საჭირო საქონლის მაღაზიები.

მაგრამ ყველამ მკაცრად უნდა დაიცვას ჰიგიენის წესები.

ქუჩაში გამოსვლის დროს კვლავ სავალდებულოა პირბადეების ტარება. იკრძალება ორზე მეტი ადამიანის ჯგუფურად გადაადგილება.

ჩარტერული რეისების გარდა, შეწყვეტილია საერთაშორისო საჰაერო და სატრანსპორტო მიმოსვლა.

მთავრობის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსით ჩეხეთში დაინფიცირებულია 4828 ადამიანი. 127 პაციენტი განიკურნა, ხოლო 80 გარდაიცვალა.

16:09 7.4.2020

თბილისის ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანს COVID-19 აქვს

თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანს კორონავირუსი Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. სტიქაროსანი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოათავსეს. ინფიცირებულნი არიან მისი დედა და ბაბუაც.

ტაძრის მოძღვარმა, მამა სერაფიმემ "მაესტროს" განუცხადა, რომ სტიქაროსნის დაინფიცირების შესახებ სრული ინფორმაცია გუშინ, 6 აპრილს მიიღო. მამა სერაფიმეს თქმით, წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახის წევრია. სასულიერო პირის ინფორმაციით, თავდაპირველად კორონავირუსი ბაბუას დაუდგინდა, რის შემდეგაც სტიქაროსანს მიეცა მითითება, რომ ტაძარში მსახურებაზე აღარ მისულიყო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG