საქართველოში 188-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 14 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 188-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.
6 აპრილის 10:15 საათის მონაცემებით, 188-დან 36 უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 5056 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 386.
მსოფლიოს ხუთეულში მყოფ, ევროპის 4 ქვეყანაში COVID-19-ის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იკლო
ევროპის 4 ქვეყანაში, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოს სახელმწიფოთა პირველ ხუთეულში არიან, ბოლო ორ-სამ დღეში შედარებით იკლო კორონავირუსით დაავადების და გარდაცვალების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა. ამას ცხადყოფს ჰოპკინსის უნივერსიტეტის და მოხალისეთა საერთაშორისო ჯგუფის Worldometer-ის მონაცემები.
ესპანეთში, რომელიც აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა, 3 აპრილს დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 7100-ს აჭარბებდა, ხოლო 5 აპრილს 5400-ს.
იტალიაში, რომელიც მსოფლიოში მესამე, ევროპაში კი, მეორე ადგილზეა, 4 აპრილს 4 800-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 აპრილს კი - 4300-ზე მეტი.
გავრცელების მასშტაბით იტალიას მოსდევს გერმანია, სადაც 3 აპრილს იყო 6300-ზე მეტი ახალი შემთხვევა, ხოლო 5 აპრილს - 4000-ზე მეტი.
ბოლო სამ დღეში ყველაზე საგრძნობი კლებაა მსოფლიოში მეხუთე ადგილზე მყოფ საფრანგეთში, სადაც 3 აპრილს ახალი შემთხვევების რიცხვი 23 ათასს აჭარბებდა, ხოლო 5 აპრილს 2 800-ზე მეტი იყო.
ამავე პერიოდში ოთხივე ქვეყანაში შედარებით იკლო გარდაცვალების ყოველდღიურმა მაჩვენებელმაც.
COVID-19 დაუდასტურდა თბილისის შავი ზღვის ჰოსპიტლის 2 თანამშრომელს
თბილისის შავი ზღვის ჰოსპიტლის მედპერსონალის 2 წარმომადგენელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, მარეხ ბექაიას თანახმად, მიმდინარეობს ამ შემთხვევების ეპიდემიოლოგიური კვლევა:
„გუშინ მოგვიანებით მოვიდა 2 პასუხი. ეს იყო ჩვენი დაბალი მედპერსონალის პასუხები - დადასტურებული კორონავირუსი. მათი მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ისინიც გადაყვანილები არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ეს შევიდა გუშინდელი შემთხვევების რაოდენობაში“, - განაცხადა მარეხ ბექაიამ.
ექიმის თანახმად, აღნიშნული შემთხვევების დადასტურების შემდეგ, კლინიკაში მიღება რამდენიმე საათით შეჩერდა, თუმცა სამედიცინო პერსონალის თერმოსკრინინგისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდეგ, კვლავ განახლდა:
მარეხ ბექაია ამბობს, რომ აღნიშნულ ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო პერსონალიდან კარანტინში 5 პირია გადაყვანილი:
„მედპერსონალთან ვისთანაც ჰქონდათ შეხება, ეს სიები გადაცემულია, ისინი არიან კარანტინის მდგომარეობაში გადაყვანილები, მათ შორის ის პაციენტებიც, ვისთანაც ისინი მუშაობდნენ, თუმცა მათი მომსახურეობის არეალი მცირეა უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მარეხ ბექაიამ.