Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
12:51 31.3.2020

საქართველოში COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევაა

საქართველოში 110-მდე გაიზარდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი.

მონაცემები 12:30 საათის შემდეგ განახლდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge. მანამდე დადასტურებული იყო საერთო ჯამში 108 შემთხვევა. მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

14:11 31.3.2020

ირაკლი ჩიქოვანი: მთავრობის ცხელი ხაზის გადატვირთვისთვის მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თანახმად, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი 114, 30 მარტს საყოველთაო კარანტინის გამოცხადებისთანავე ამოქმედდა და ზარების დიდი რაოდენობის გამო, მალევე გადაიტვირთა. აღნიშნული უხერხულობის გამო ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებს ბოდიშს უხდის და ჰპირდება, რომ ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება:

„ძალიან დიდი ოდენობა ზარები შემოვიდა, რის შედეგადაც ჩვენს თანამოქალაქეებს მოუწიათ გარკვეულწილად რამდენჯერმე დარეკვა ან შეყოვნება, ამასთან დაკავშირებით, ამ უხერხულობისთვის ვუხდით ბოდიშს, თუმცა ამ ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და ინფორმირებულობა იქნება ასევე უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა. მან მოქალაქეებს უთხრა, რომ 114-ის საშუალებით სრულ ინფორმაციას მიიღებენ საყოველთაო კარანტინის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ.

14:39 31.3.2020

პაატა იმნაძე: განსაკუთრებული მადლობა სოფელ კაპანახჩის ექიმს

კორონავურსზე COVID-19-ზე ტესტირება 2200 ადამიანზე მეტს ჩაუტარდა, - განაცხადა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

31 მარტის 14:00 საათის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 110 ადამიანი.

„ბოლო მონაცემებით, ეს არის 110 შემთხვევა. ეს 110 შემთხვევა არის 2200-ზე მეტი ტესტირებულიდან მიღებული, რომ ვიცოდეთ. დღეისათვის 2200 ადამიანი არის გატესტილი „პისიარ“ მეთოდით“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამ საკითხზე საუბრისას მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბოლნისის რაიონის ერთ-ერთი სოფლის ექიმს.

„პერსონალურად მინდა მადლობა გადავუხადო, სოფელ კაპანახჩის, ბოლნისის რაიონის სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. მშვენივრად თავისი ალგორითმი გამოიყენა, ის რაც მას ჰქონდა ჩვენი ვებგვერდიდან, მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია, მაგრამ მან წაიკითხა ის, რაც ეწერა ჩვენს გვერდზე, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა, ასევე ამ რაიონის საზოგადოებრივი ცენტრის ჯანდაცვის დირექტორი, ქალბატონი, მაკა, რომელთანაც ასევე პერსონალური ტრენინგი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ის, რაც იყო ჩვენთან, ყველაფერი მშვენივრად იცოდა და ასე იპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი შემთხვევა, რომლის შემდეგ ჩვენ ისევ მათი დახმარებით, დავადგინეთ ძალიან ბევრი მათი კონტაქტები და ეს კონტაქტები იყო ათეულობით“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში 14:30 საათის მონაცემებით 110-მდე გაიზარდა კორონავირუსით COVID-19-ით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი. მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

15:10 31.3.2020

დე ფაქტო მთავრობა აცხადებს, რომ გალელი პაციენტის ტესტირების საბოლოო შედეგს ელოდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ დადგენილია ყველა პირი, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა COVID-19-ით დაავადებულ, გალის რაიონში მცხოვრებ ქალს.

კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გალის რაიონის მცხოვრები 29 მარტს დილით, ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავით, რეისით U6 407 მოსკოვიდან ჩავიდა სოჭში და ფსოუს გამშვები პუნქტიდან გაემგზავრა გალის რაიონის სოფელ საბერიოში.

შტაბის მტკიცებით, დადგენილია ქალის ხანგრძლივი და მოკლევადიანი შეჩერების ყველა ადგილი - ნათესვების სახლი და მაღაზიები და პირთა წრე, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ყველა ეს პირი იზოლაციაშია, დეზინფექცია ჩატარდა ფსოუს და საბერიოს გამშვებ პუნქტებზე და დაიკეტა საბერიოდან გალისკენ მიმავალი გზა.

შტაბის განცხადებით, რომელსაც სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს, 30 მარტს, 20:30 საათისთვის მიიღეს ინფორმაცია, რომ გალის რაიონის მცხოვრების წინასწარი დიაგნოზი კორონავირუსია. ინფორმაციის წყარო მითითებული არ არის.

ამასთან, ე.წ. შტაბმა წინა დღის, 30 მარტისგან განსხვავებით, დღეს 31 მარტს დაადასტურა, რომ გალის რაიონის მცხოვრებმა ქალმა ე.წ. გამშვები პუნქტი გადაკვეთა სოფელ საბერიოსთან და ზუგდიდში გაემგზავრა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილი შტაბი იმასაც აცხადებს, რომ ამ პაციენტის ტესტირების საბოლოო შედეგს ელოდება და მას ოფიციალური რესურსებით გაავრცელებს. ვისგან ელოდებიან საბოლოო შედეგს, მითითებული არც ეს არის. ე.წ. ოპერატიული შტაბის განცხადებიდან არ ჩანს, აუღეს თუ არა სინჯი პაციენტს ზუგდიდში გამგზავრებამდე და სად უნდა ჩატარდეს საბოლოო ტესტირება. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დღემდე გავრცელებული ცნობებებით, აფხაზეთმა ტესტირების საშუალებები რუსეთიდან მიიღო.

დე ფაქტო ხელისუფლება მიმართავს ყველა მგზავრსაც, ვინც მოსკოვიდან სოჭში იმავე რეისით იმგზავრა, თვითიზოლაციაში იყვნენ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.

გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნებული ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმავე ღამით გადაიყვანეს. 30 მარტს, თბილისის "ლუგარის ლაბორატორიამ" დაადასტურა, რომ პაციენტს COVID-19 აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG