საქართველოში COVID-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა
საქართველოში 21-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი.
განახლებული მონაცემები სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
31 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების სულ 108 შემთხვევა. მათგან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.
დანარჩენი 106-დან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 85 აქტიური შემთხვევაა.
მარინა ეზუგბაია: თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 მძიმე პაციენტი გვრჩება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, საავადმყოფოში ამ დროისათვის განთავსებული 31 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, მათგან ერთის მონაცემები გაუმჯობესებულია:
"ერთის მდგომარეობა უკვე შეიძლება ითქვას, რომ დასტაბილიზირებულია და თუ ასე გაგრძელდება ხვალიდან ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აღარ იქნება მძიმე, კრიტიკული.
დანარჩენ შემთხვევებში ჯერჯერობით მდგომარეობა უცვლელია. დღე-ღამის განმავლობაში არ არის მიღებული ამ პაციენტებთან მუდმივი სტაბილური სიტუაცია, ამიტომ მათი პროგნოზირება და გამოსავალზე ლაპარაკი ძალიან ძნელია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
31 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში 108-მდე გაიზარდა COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.
საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე დადასტურებული 108-დან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები. ორივე მათგანი სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.
დანარჩენი 106-დან 21 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 85 აქტიური შემთხვევაა.
COVID-19-ით დაავადებული გალელი პაციენტის საერთო მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ გალელ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსით COVID-19-ით დაავადება 30 მარტს დაუდასტურდა, შესაბამის კვლევებს და მკურნალობას უტარებენ.
საავადმყოფოს ექიმის, ლალი დარახველიძის ინფორმაციით, პაციენტს აქვს ცხელება, ხველა და სუნთქვის უკმარისობა, თუმცა, მისი საერთო მდგომარეობა სტაბილურია. დამატებითი გამოკვლევები დღის ბოლომდე დასრულდება.
გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნებული ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმავე ღამით გადაიყვანეს. თავდაპირველად დე ფაქტო ხელისუფლება ამ პაციენტისთვის ე.წ. საზღვრის გახსნას უარყოფდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქალს COVID-19 აღმოაჩნდა, გალის რაიონიდან ზუგდიდში მისი ტრანსპორტირება დაადასტურა. 30 მარტს ღამიდან, დე ფაქტო მთავრობამ ჩაკეტა გალიდან ოჩამჩირისკენ მიმავალი გზა.
უფრო ადრე, თებერვლის ბოლოდან, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მდინარე ენგურთან ე.წ. საზღვარზე მიმოსვლა შეზღუდა, 14 მარტს კი, საერთოდ დაკეტა.
ოკუპირებულ გალის რაიონში დარჩენილი ქართველები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იღებდნენ პენსიას, შემწეობის თანხას და სამედიცინო მომსახურებას და პროდუქტს და მედიკამენტებსაც ძირითადად, იქ ყიდულობდნენ.
30 მარტიდან ოჩამჩირის და შესაბამისად, აფხაზეთის სხვა რაიონებისკენ მიმავალი გზის დაკეტვით, გალის რაიონის მოსახლეობა სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ახალი კორონავირუსისგან განიკურნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ახალი კორონავირუსისგან განკურნებულ 21 ადამიანს შორისაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, იგი უკვე გაწერეს საჩხერის საავადმყოფოდან, სადაც მკურნალობის სამკვირიანი კურსი გაიარა. გამოჯანმრთელებულია მისი ორი შვილიც, რომლებიც ამავე საავადმყოფოში გადიოდნენ მკურნალობის კურსს.ისინი დადგენილი წესის შესაბამისად ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
„მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს - დაემორჩილეთ ქვეყანაში დადგენილ რეგულაციებს, გაუფრთხილდით თავს, გაუფრთხილდით ერთმანეთს და ამით გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანას. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, - განაცხადა იური ნოზაძემ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტი ავრცელებს.