Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
22:16 30.3.2020

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 103-ს მიაღწია - გამოჯანმრთელებულია - 20

მთავრობის ვებგვერდის stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 103-ს მიაღწია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 20 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 263.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს".

23:41 30.3.2020

ოკუპირებული გალის მცხოვრებს COVID-19 აქვს

ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ კორონავირუსით covid-19-ითაა ინფიცირებული 50 წლის გალელი ქალი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან 29 მარტს ღამით გადაიყვანეს საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. პაციენტი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

გალის რაიონის მცხოვრების დაავადების ფაქტი მედიას დაუდასტურა სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ. წინასწარი ინფორმაციით, ამ თემაზე ბრიფინგი ზუგდიდში 31 მარტს გაიმართება.

50 წლის ქალი, რომელიც გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია, რუსეთში იმყოფებოდა და ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს, სოჭის გავლით დაბრუნდა.

09:54 31.3.2020

საქართველო კარანტინშია. 21 საათიდან გადაადგილებაც იკრძალება

დილის 8 საათიდან საქართველოში ამოქმედდა ფაქტობრივად, სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 6:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად საქართველოში 21 აპრილამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დღეიდან, 31 მარტიდან:


• სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე ქალაქებს შორის;

• დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე;

• მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით;

• იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია;

• აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა, ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში;

• თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ მიმართ დახმარების ვალდებულება აქვთ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს;

• 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 06:00 საათამდე;

• პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების, გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულების და პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები;

• ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს მთავრობამ "ფაქტობრივად, სრული კარანტინის და ე.წ. საკომენდანტო საათის" გამოცხადება 30 მარტს გადაწყვიტა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე მიზეზი დაასახელა - დაავადების ზრდის დინამიკა, შემთხვევები, როცა დაავადების წყარო დაუდგენელია და ის, რომ მოქალაქეთა ნაწილს პრობლემის სიმძიმე გათვითცნობიერებული არ აქვს.

„ხელისუფლების ერთადერთი ინსტრუმენტია, იყოს ეფექტური და წარმატებული ამ ვირუსთან ბრძოლაში, მიიღოს სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არ აქვს იმის უფლება, რომ დააგვიანოს“, - განაცხადა 30 მარტს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.

დღემდე საქართველოში კარანტინი გამოცხადებული იყო მხოლოდ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

31 მარტის 8:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 103 შემთხვევა. მათგან 20 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263.

10:34 31.3.2020

საქართველოში COVID-19-ის კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში 103-დან 108-მდე გაიზარდა COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან 20 გამოჯანმრთელებულია.

მონაცემები 31 მარტის 10:30 საათისთვის განახლდა სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG