Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
19:11 30.3.2020

მაია ცქიტიშვილი: კარანტინის პირობებში იმოქმედებს ტრანსპორტის გადაადგილების ორი რეჟიმი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თანახმად, საყოველთაო კარანტინის ამოქმედების შემდეგ საქართველოში ტრანსპორტის გადაადგილების ორი რეჟიმი იქნება. პირველი რეჟიმი 8 საათიდან 21 საათამდე პერიოდს მოიცავს და გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვას.

მინისტრის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში ნებადართულია პირადი ავტომობილებით გადაადგილება და იმუშავებენ ტაქსები. დღის ამ მონაკვეთში ასევე ნებადართულია იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება იმ ობიექტების თანამშრომლების ორგანიზებულად გადაყვანას, რომლებიც საქმიანობას განაგრძობენ კომენდანტის საათის დაწესების შემდეგაც.

რაც შეეხება ტრანსპორტის მოძრაობის მეორე რეჟიმს, ის მოიცავს 21 საათიდან დილის 6 საათამდე პერიოდს. მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში იმოძრავებენ მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც სპეციალური საშვები ექნებათ.

საყოველთაო კარანტინი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 31 მარტის დილის 8 საათიდან ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი სიტყვებით, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე აეკრძალებათ.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება.

19:25 30.3.2020

780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებსა და ტერიტორიაზე

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიღებული ზომების შესახებ ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, შერჩეულია 780 თანამშრომელი, რომლებიც სამსახურში, საპატიმროების ტერიტორიაზე გამოცხადდნენ 29 მარტს და „ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აღარ წავლენ შინ“.

„იმისთვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ გარედან, რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი მოახდენს ვირუსის შეტანას შიგნით, ეს არის უჩვეულო, უპრეცედენტო ნაბიჯი, რაც გადადგა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. პირველ რიგში, მე მინდა ამ 780 თანამშრომელს ვუთხრა მადლობა, რადგან მათ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით დატოვონ ოჯახები და 24-საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ. დაახლოებით 400-ზე ადამიანი იქნება თითო ცვლაში, დანარჩენი დაისვენებს საპატიმროს ტერიტორიაზე, მათთვის სპეციალურად შექმნილ ყაზარმულ სივრცეში. მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და, რა თქმა უნდა, ის უფლებები, რაც პატიმარს არ აქვს, რადგან ისინი არ არიან თავისუფლებააღკვეთილი პირები. მათ გაეწევათ შესაბამისი ფინანსური შეღავათი იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც, ამგვარი განსაკუთრებული რეჟიმი მუშაობისა, დაკომპენსირდეს“, - თქვა წულუკიანმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობას, რადგან მათ ორ დღეში საყაზარმე სივრცეების აღჭურვა და საძინებლების მოწყობა შეძლეს.

წულუკიანი მიმართავს პატიმრებს: „მოუფრთხილდნენ 780 თანამშრომელს, რომლებმაც ნებით გადაწყვიტეს მათთან ერთად საპატიმროში ცხოვრება. პატივი სცენ მათ. თუკი ჩვეულებრივ დროს გვქონდა თანამშრომლების შეურაცხყოფის ფაქტები, მომდევნო კვირებში მაინც თავი შეიკავონ ამ თანამშრომლებისადმი ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან“.

30 მარტს გიორგი გახარიამ თქვა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს“.

19:33 30.3.2020

ხვალიდან მეტრო და ავტობუსებიც ჩერდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 31 მარტიდან თბილისში მეტრო და ავტობუსებიც აღარ იმოძრავებს. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

"სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის", - თქვა მან.

მეტროსა და ავტობუსს შეზღუდვების დაწესებამდე რამდენიმე ასეული ათასი მგზავრი გადაჰყავდა. მაგალითად, 24 თებერვლის მონაცემებით, როცა სკოლა და სხვა დაწესებულებები მუშაობდა ამ ტრანსპორტით 861,4 ათასი ადამიანი გადაადგილდა.

გარდა ამისა, ხვალიდან საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეზღუდვების გამკაცრება საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობითა და შიდა გადაცემის ფაქტების გამოვლენასთან არის დაკავშირებული. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 3 შემთვევაში წყარო უცნობია.

21:18 30.3.2020

ეზუგბაიას თქმით, ბოლო სამი პაციენტიდან ორი არის დიდი ბრიტანეთის კლასტერიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაიამ საზოგადოებას ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

„ბოლო მონაცემებით, დღეს დილიდან 97 შემთხვევა იყო, დაემატა 3 დადასტურებული პასუხი. საღამოს მონაცემებით, 100 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დამატებული სამი პაციენტიდან ორი ჩვენთან არის. ესენი გახლავთ ინგლისის კლასტერიდან, ანუ მათი წყარო ცნობილია, მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს, ვერ მოგახსენებთ. ამ სამი ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის, არც სუბიერქტური-ობიქეტური მონაცემებით და არც ლაბორატორიული მონაცემებით. დღეს დასრულდება მათი კვლევები, ჩატარდება სრულყოფილად რადიოლოგური კვლევები და არის თუ არა ფილტვების ანთება, ხვალ მოგახსენებთ. ზოგადად, მათი მდგომარეობა დამაკმაყფოილებელია და ასევე უცვლელია“, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ორი ახლად დამატებული პაციენტის გათვალისწინებით ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფიში 31 დადასტურებული პაციენტი რჩება.

„შემიძლია, ვთქვა, რომ 49 დადასტურებულმა შემთხვევამ გაიარა ჩვენს ცენტრში და როგორც იცით, 17-მა დატოვა კლინიკა. პაციენტების მონიტორინგი კვლავ გრძელდება, რამდენიმე პაციენტის პირველადი პასუხები გვაქვს და ვნახოთ, ხვალ გვეცოდინება განმეორებითი პასუხების შესახებ“, - ამბობს ეზუგბაია.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში არის კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 18. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4978 ადამიანი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 266.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მიღებულია გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, „ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს".

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG