ამირან გამყრელიძე: „საქართველო იმყოფება ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე!“
„მომავალი ერთი თვე, ოთხი კვირა, ემთხვევა ყველაზე დიდ დღესასწაულს ქვეყანაში. ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და აუცილებლად უნდა მივყვეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს. თუ არადა, ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების დაწყებისა“, - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ამირან გამყრელიძის თქმით, სამი დაავადებულის შემთხვევაში დაკარგულია ინფიცირების კვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში იწყება ახალი კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების ეტაპი.
„ვუყურებ, რომ მოსახლეობა ცოტა მოეშვა, დადიან ქუჩებში მანქანით თუ ფეხით, კვლავ იკრიბებიან... მაგრამ ქვეყანა არის საგანგებო ვითარებაში. ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეპიდემია ისედაც არის. ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეს შეიძლება გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორსაც ადგილი აქვს იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში... ყველა ხედავს, რაც ხდება იქ. არადა, ეს ქვეყნები არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, ჯანდაცვის სისტემით, ვიდრე საქართველოა. რეალური საშიშროების წინაშე ვართ“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველას, დაიცვან ის რეჟიმი, რასაც მოითხოვს სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო.
„ეს მარტივია: სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი ეპიდემიებთან ბრძოლაში. უნდა გავიჭირვოთ სულ მინიმუმ ორი თვე მაინც, დავრჩეთ სახლებში. განსაკუთრებით ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები და, რაც მთავარია, მკაცრად დაიცვას ყველამ კარანტინით განსაზღვრული წესები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევა საქართველოში
90- მდე გაიზარდა ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, - ამის შესახებ იტყობინება სამთავრობო ვებ-საიტი stopcov.ge, რომელმაც განახლებული მონაცემები 28 მარტის, 20.00 სთ-ზეგამოქვეყნა.
არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რომელიც კვლავ 14-ია.
ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4534, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 ადამიანი.
მარინა ეზუგბაია: "ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას"
"დილის მონაცემებით ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები გვაქვს 90. გუშინდელი დღის მერე დაგვემატა 5. აქედან ჩვენს ცენტრში არცერთი არ არის დადასტურებული. გუშინ ორ ეტაპად გაკეთდა 14 პაციენტზე ტესტი და იყო უარყოფითი." - აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, დღეს ინფექციური საავადმყოფოს 2 პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას. ამ მონაცემით, ჯამში საქართველოში, ახალი კორონავირუსისგან 18 გამოჯანმრთელებული პაციენტი ფიქსირდება.
"გაგიხარდებათ და გეტყვით, რომ ჩვენ კლინიკაში გამოჯანმრთელებული 17 პაციენტიდან, რომელთაგან 5 ბავშვია, დღეს ერთი დატოვებს ცენტრს, წინა დღეებში კიდევ ერთი გაეწერა და ჯამში 2 გაჯანმრთელებული ბავშვია, ისინი ბინაზე გადავლენ, დარჩენილი 3-ის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, დამაკმაყოფილებელია."- განაცხადა ეზუგბაიამ
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 2 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. 80-ს გადაცილებულ პაციენტთან შეინიშნება სტაბილიზაცია, დილიდან მკვეთრად არ გაუარესებულა მეორე პაციენტის მდგომარეობაც.
ტურძელაძე: „გუშინ გაგზავნილი 16 ტესტიდან არცერთი არ დადასტურდა. 2 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.“
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თანახმად, მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 15 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ შენარჩუნებული აქვთ სასიცოცხლო ფუნქციები, ტურძელაძე მათი გამოჯანმრთელების იმედს გამოთქვამს. მან ისაუბრა ბოლნისიდან ჩამოყვანილ პაციენტზეც:
„რაც შეეხება ბოლნისიდან ჩამოყვანილ მეთხუთმეტე პაციენტს, მას აქვს ორმხრივი პნევმონია, მძიმე მდგომარეობა აქვს, თუმცა ჯერ არის პალატაში და არა კრიტილული მედიცინის ცენტრში.“
კლინიკაში მოთავსებული 3 ჩვილიდან 2-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორმა ისაუბრა იმ პაციენტებზეც, რომელთაც ჩივილები არ აღენიშნებათ:
"გუშინ გადაგადზავნილი 16 კვლევიდან არცერთი არ დადასტურდა.
ორსულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ პერიოდულად აქვს 37 სიცხე.
3 პაციენტის მდგომარეობა არის კარგი, მათ პნევმონია და სხვა ჩივილები არ აქვთ, ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ განმეორებითი ტესტირება ჩავატაროთ.“
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირია.