საქართველოში გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა ასაკი
ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოში გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა ასაკი.
„თავიდან, როცა დაიწყო კოვიდის გამოვლენები ჭარბობდნენ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პაციენტები. ბოლო ათი დღეა, შეიცვალა ასაკობრივი სპექტრი: 86 პაციენტში 60 წელს გადაცილებულია 6, 70 წელს გადაცილებულია 3 და 80-ს გადაცილებულია 2 პაციენტი. ასაკი ითვლება მაღალი რისკის ფაქტორად. შესაბამისად, ხანდაზმულეში დაავადების მიმდინარეობის პროგნოზი და გამოსავალი რთულია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
28 მარტის 11.00 საათის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით 85 ადამიანია დაავადდებული, თუმცა მათგან 14 უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4641ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239 პირი.
გიორგი გახარია: "ემიგრანტების დასაბრუნებლად არავის დახმარება არ გვჭირდება"
„საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას, უფასო ჩარტერული რეისებით დააბრუნოს სამშობლოში საქართველოს ათასზე მეტი მოქალქე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, უკრაინული ავიაკომპანია SkyUp მზად არის, 31 მარტიდან შეასრულოს ოთხი რეისი შემდეგი მიმართულებებით: 31 მარტი: ვარშავა-კიევი-თბილისი; 1 აპრილი: ბერლინი-თბილისი, რომი-თბილისი; 2 აპრილი: ბარსელონა-თბილისი, თუმცა, ვაშიძის თქმით, ეს რეისები ვერ განხორციელდება საქართველოს მთავარობის შემხვედრი ნაბიჯების გარეშე:.
„ეს ყველაფერი კიევში გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ხელისუფლების ჩარევის, დახმარების და პასუხისმგებლობის გარეშე ამ ოპერაციას ბოლომდე ვერ მივიყვანთ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საჭიროა დერეფანი, ფრენის ნებართვა, რასაც ჩვენი ავიაციის დეპარტამენტი იოლად გააკეთებს. საჭიროა საელჩოების და საკონსულოების მობილიზება, რომ შედგეს მოლაპარაკებები ადგილობრივ მთავრობებთან, რათა მივიღოთ ფრენების, საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების, სამედიცინო კონტროლის ნებართვა და შედგეს სიები. ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მონაცემს მივაწვდით საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ ამ სამაშველო ოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა სასწრაფოდ შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი. ან ვაკეთებთ ამ საკოორდინაციო ჯგუფს და ვამტკიცებთ, რომ ვართ ის საზოგადოება, რომელიც იმსახურებს დამოუკიდებლობას, ან არადა ამ ხანძრის დროს ჩავიკეტებით პარტიულ ბინებში, არ დაველაპარაკებით ერთმანეთს და თავზე დაგვემხობა სახურავი პარტიული კუთვნილების მიუხედავად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა
კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი დაემატა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, რომლის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.
„სამწუხაროდ, ჩვენს კლინიკაში ამჟამად ინფიცირებულთა რიცხვი 15-ია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ე.წ. დაბურული მინის სინდრომი, რაც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ამირან გამყრელიძე: „მაღალი ალბათობით, გვაქვს შიდაგავრცელების პრეცედენტი. ეს არის განგაშის საფუძველი!“
„ახალი კორონავირუსით დაავადებული სამი პაციენტის დაავადების წყარო დადგენილი არ არის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიცემულ ინტერვიუში.
„სამ შემთხვევაში არ ვიცით, ვინ არის პირველწყარო. ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ დავადგენთ, მაგრამ ორ შემთხვევაში, ალბათ, ვერ დავადგენთ, ანუ ამ ორ შემთხვევაში, უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდაგავრცელების პრეცედენტი. ეს არის განგაშის საფუძველი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება იმ პირებისგან, რომელთა ვინაობა არ არის იდენტიფიცირებული და ეს ინფიცირებული ადამიანები დადიან ქვეყანაში და სხვებს ასნებოვნებენ.
„ეს ფაქტია უაღრესად საყურადღებო და, მე ვიტყოდი, საგანგაშო“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.