Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
13:33 27.3.2020

COVID-19-ით საქართველოში დაავადებული ბოლო ორი პაციენტიდან ერთი ბათუმის კლინიკაშია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშია ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი დღეს, 27 მარტს დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, პაციენტი ევროპაში მოგზაურობდა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა.

27 მარტის შუადღის მონაცემებით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა „მედალფაში“ იმყოფება კორონავირუსით დაავადებული სულ 7 პაციენტი. მათგან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების დამაკმაყოფილებელი.

კიდევ ერთი პაციენტი, რომლის ინფიცირების შესახებ, დღეს გახდა ცნობილი, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია.

14:22 27.3.2020

საქართველომ 215 ათასი სწრაფი ტესტის შესაძენი ხელშეკრულება გააუქმა

საქართველომ 215 ათასი სწრაფი ტესტის შესაძენი ხელშეკრულება გააუქმა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"ვიცი, ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით. კომპანია Bioeasy-მა, იქედან გამომდინარე, რომ არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თავად გაიწვია იქედან, სადაც ის იყო გაყიდული", - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს ამ კომპანიასთან ჰქონდა დადებული ხელშეკრულება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს, რომ საქართველოში მცდარი დიაგნოსტირება მოხდება:

"მე მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა. ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გადამოწმებას ლუგარის ცენტრში და აქედან გამომდინარე ვაკვირდებით ტესტების სანდოობას და შემდეგ ვიყენებთ ფართო გამოყენებისთვის".

რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც დგინდებოდა, რომ საქართველოს მთავრობას 215 ათასი ე.წ. სწრაფი ტესტი, ტრანსპორტირების გარეშე, ჯამში 1 182 500 დოლარი უჯდებოდა. ხელშეკრულება Shenzhen Bioeasy Biotechnology-სთან იყო დადებული.

14:25 27.3.2020

პაატა იმნაძე: ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კოლეგებს და საზოგადოებას ახალი კორონავირუსის ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით გაკეთებული ხელთათმანების სწორად გამოყენებას ურჩევს.

მისი თქმით, ინფექციის გადატანა შესაძლებელია ხელთათმანიანი ხელითაც და ამიტომ ყურადღება და წესების დაცვაა საჭირო. პაატა იმნაძე ამბობს, რომ დამუშავება სჭირდება ხელთათმანიან ხელსაც:

„ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას. ხელთათმანი როცა გვიკეთია, ხელს ისევე უნდა დამუშავება სპირტის შემცველი სადეზინფექციოთი... რა განსხვავებაა ხელთათმანიან ხელს მივიდებთ მერე სახეზე, თვალზე, ან ნიღაბს გავისწორებთა ან ავიწევთ ჩავიწევთ, თუ უხელთათმანოს. რა განსხვავებაა თუ მობილურ ტელეფონს ხელთთამანიანი ხელით ავიღებთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

15:19 27.3.2020

პაატა იმნაძე: დიდი შეკრებების დრო არ არის, მათ შორის - ეკლესიებში

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია უცვლელია და იგი ადამიანებს შორის კონტაქტების შემცირებას გულისხმობს.

„ჩვენ კიდევ და კიდევ ვრჩებით, ასე ვთქვათ, ერთ პოზიციაზე - რაც უფრო ნაკლები ადამიანური კონტაქტები გვექნება, ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას. მათ შორის ეხება, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც, ეხება სამეგობრო წრეებსაც, ეს ეხება დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ინფექციის გავრცელების ყველა შემთხვევა ძირითადად უკავშირდებოდა ოჯახურ და სამეგობრო კლასტერებს:

„აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. არ არის დღეს არც სამეგობროში შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის - ეკლესიებში“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG