საქართველოში COVID-19-ით დაავადების 2 ახალი შემთხვევაა
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით COVID-19-ით ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა.
ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი.
განახლებული მონაცემები 27 მარტს, 10:00 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაავადდა სულ 81 ადამიანი. მათგან 13 გამოჯანმრთელდა.
COVID-19-ისგან 12 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განიკურნა, 1 - საჩხერის ცენტრში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ით დაავადების 4 ახალი შემთხვევა და საერთო რიცხვი 81-მდე გაიზარდა.
ბოლო 4 პაციენტიდან 1 იმყოფება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. „მისი ისტორია არ ცდება იმ წყაროს, რომელიც ჩვენთან იყო დადასტურებული აქამდე. ჯანმრთელობის მდგომარეობა ახალი პაციენტის არ არის მძიმე. საშუალო სიმძიმისაა“, - უთხრა დღეს, 27 მარტს მედიას მარინა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტებიდან გამოჯანმრთელდა კიდევ ორი. ერთმა კლინიკა უკვე დატოვა, მეორეს კი, სხვა მონაცემების შეფასების შემდეგ, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ.
მარინა ეზუგბაიას ცნობით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტებიდან საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულია 12 და 1 განკურნებული პაციენტი ჰყავს საჩხერის სამედიცინო ცენტრს.
27 მარტის დილის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია COVID-19-ით ინფიცირებული 34 პაციენტი. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა, ერთის - განსაკუთრებით მძიმე.
თავდაცვის სამინისტრო: სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ
ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ, - განცხადებას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი.
„ვინაიდან სამინისტროს გადაწყვეტილებით კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც თავდაცვის სამინისტრო მედიასა და სხვა პროფესიულ ჯგუფებს მოუწოდებს, ოფიციალური სამედიცინო დასკვნების გამოქვეყნებამდე, მოერიდონ ინფორმაციის წინასწარ გავრცელებას დ სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებების ვირუსის გავრცელების დადასტურებულ შეთხვევად შეფასებას.
გუშინ, 26 მარტს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო პირების ახალი კორონავირუსით სავარაუდო ინფიცირების შესახებ ინფორმაციას თავად გაავრცელებს. ასე გამოეხმაურა უწყება ხუთი სამხედო პირის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს.
ვაზიანის ბაზიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე 26 მარტს გადაიყვანეს. ამ დღეებში გამოკვლევა ჩაუტარდა კიდევ 2 სამხედროს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში არიან.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 ახალშობილია მოთავსებული
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თანახმად, კლინიკაში მარნეულიდან და ბოლნისიდან 3 ახალშობილია შეყვანილი. ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მართვადი. ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალშობილები კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო მოათავსეს:
„არ არის სავალდებულო მათთან იყოს კოვიდინფიცირება, სულ არსებობდა და იარსებებს დღენაკლული ახალშობილები არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ სამყაროში, რომელთაც სჭირდებათ რეანიმატოლოგების დახმარება. ვინაიდან ჩვენ ქვეყანაში მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად არის გამოცხადებული, აქედან გამომდინარე, როგორც საეჭვო შემთხვევა, ეს ახალშობილები გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში.“, - განაცხადა ლევან რატიანმა. მისივე თქმით, ახალშობილებს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დმანისიდან და ბოლნისიდან ორი ჩვილი 27 მარტს შეიყვანეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა, რომ ერთი დღის ჩვილები დღენაკლულები არიან. ექიმის თქმით, მათგან ერთი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე კი 27-ზე.
კლინიკაში ორი დღის წინ შეიყვანეს 14 დღის ჩვილი, რომელსაც ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
თსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისათვის 59 პაციენტი მკურნალობს, მათგან 13 ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, დანარჩენი კი საეჭვო.