პაატა იმნაძე: გაფართოვდა ახალი კორონავირუსის შემოტანილი შემთხვევების ქვეყნების გეოგრაფია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თანახმად, ახალი კორონავირუსის შემოტანილი შემთხვევების გეოგრაფია ქვეყნების მიხედვით გაფართოვდა, თუმცა ჯერჯერობით ყველა შემთხვევა კონტროლს ექვემდებარება:
„ფიქსირდება უკვე თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები, დაემატა შეერთებული შტატებიდან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები - ერთი შემოსულ და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, არც ერთი ახალი შემთხვევა არ განეკუთვნება ახალ კლასტერს:
„არც ერთი დამატებული შემთხვევები ქვეყანაში დღეს არ არის ახალი კლასტერები. 4 ადამიანი არის ჰოსპიტალიზებული, მარნეულელი ქალბატონის ოჯახის წევრები ანუ ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები. გამოკვლელული იყო ასევე სხვა პაციენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ მარნეულში "ჯეოჰოსპიტალში", სადაც ეს ქალბატონი იყო. ასევე პერსონალი "ჯეოჰოსპიტალის". გარდა ამისა, ტესტირება კიდევ ბევრ ადამიანს ჩაუტარდა და ჯერჯერობით ყველა უარყოფითია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ 24 მარტს მან თქვა, რომ შესაძლებელია, ეპიდკვლევებით მარნეულში 62 წლის ქალის ინფიცირების წყაროც დადგინდეს. მისი განმარტებით, დანარჩენ ყველა შემთხვევაში პაციენტთა ინფიცირების წყარო ცნობილია.
საქართველოში COVID-19-ის კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა.
საერთო რიცხვი 73-მდე გაიზარდა. მათგან დადასტურებულია გამოჯანმრთელების 10 ფაქტი.
მარინა ეზუგბაია: მეათე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გუშინ, 24 მარტს ცენტრი დატოვა მეათე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. შესაბამისად თბილისის ინფექციური საავადმყოფოში ამ დროისათვის მკურნალობას 32 პაციენტი განაგრძობს.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში 32 პაციენტია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დანარჩენ ხუთ კლინიკაში 41. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო ახალი სამი პაციენტიდან 2 განთავსდა.
25 მარტის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით საქართველოში 73 ადამიანია დაინფიცირებული.
73 ინფიცირებულიდან 2 ავსტრიის მოქალაქეა და ისინი სამშობლოში გაამგზავრეს.
კორონავირუსით საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში.
საქართველო კორონავირუსის 1 ცალ სწრაფ ტესტს 5,5 დოლარად ყიდულობს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსის პრევენციისთვის ერთი ცალი სწრაფი ტესტის ყიდვა 5,5 დოლარი უჯდება. სახელმწიფომ ჩინეთში წარმოებულ ტესტებზე (Shenzhen Bioeasy Biotechnology) შეაჩერა ყურადღება და ხელშეკრულებაც გააფორმა.
"ჩინეთში საქართველოს საელჩოს მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დარგობრივი ექსპერტების შეფასების გათვალისწინებით, აღნიშნული კომპანია სარგებლობს მაღალი საქმიანი რეპუტაციით და წარმოებული პროდუქცია ფართოდ გამოიყენება როგორც ჩინეთის ბაზარზე, ასევე, მსოფლიო სხვა ქვეყნებში, რაც ადასტურებს ზემოხსენებული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის ცნობადობას საერთაშორისო დონეზე", - აღნიშნა მინისტრისთვის მიწერილ წერილში მისმა მოადგილემ.
დოკუმენტით, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვე, დგინდება, რომ საქართველოს მთავრობას 215 ათასი ე.წ. სწრაფი ტესტი, ტრანსპორტირების გარეშე, ჯამში 1 182 500 დოლარი უჯდება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა ამ სწრაფი ტესტის გამოყენება დღეიდან, 25 მარტიდან უკვე ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სამინისტრო ამ ეტაპზე ამ პროცესში კერძო კომპანიების ჩართვას არ განიხილავს.