მარინა ეზუგბაია: დღეს საავადმყოფოს დატოვებს მე-9 გამოჯანმრთელებული პაციენტი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, დღეს 24 მარტს კლინიკას დატოვებს მე-9 გამოჯანმრთელებული პაციენტი. სტაციონარში ამ დროისათვის მყოფი 32 პაციენტიდან კი 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე.
ახალი კორონავირუსით ინფიცირების 66 დადასტურებული შემთხვევიდან, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მთლიანობაში 40 დაავადებული იყო გადაყვანილი, ხოლო დანარჩენი 26 ჯამურად ქვეყნის მასშტაბით 5 კლინიკაში მკურნალობს.
24 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 66 შეადგინა.
ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებული 5 ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსით დაავადებული 5 ახალი პაციენტი ამერიკის კლასტერიდან არის და საავადმყოფოში განთავსებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ:
“სხვადასხვა დროს იყვნენ ჩამოსულები - ზოგი 7 მარტს, ზოგი 11-ში, ზოგი მათ შორის პერიოდში. გუშინ, როგორც კი მათ გამოუვლინდათ დაავადება, ანუ ტემპერატურისა და სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების სახით, მაშინვე მოგვაკითხეს. ეს გუშინ მოხდა, დღის განმავლობაში. ნაწილის დადასტურება მოხდა დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტებიდან და ნაწილის - დღის მეორე ნახევარში აღებული ტესტებიდან”, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. მისი განმარტებით, გასული 24 საათის განმავლობაში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 16 პაციენტს ჩაუტარდა და ვირუსი დაუდასტურდა 5-ს.
საქართველოში კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით COVID-19 ინფიცირების კიდევ ერთი, რიგით 67-ე შემთხვევა.
განახლებული მონაცემები 13 საათისთვის გამოქვეყნდა სამთავრობო ვებსაიტზე stopcov.ge.
67-დან 9 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია.